თბილისის ქუჩებში ადამიანებს ვკითხეთ – ბოლო პერიოდში თავად ან მათი ახლობლები ხომ არ ფრთხილობენ სოციალურ ქსელში აზრის გამოთქმისას ადრინდელზე მეტად?
კონტექსტი
2-26 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ამოქმედდა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელიც აკონტროლებს რას წერს და ამბობს ხალხი საჯარო სივრცეში. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ მიზანი სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის შემცირებაა.
ამოქმედებიდან დღემდე, ამ სამმართველოს ოქმების საფუძველზე, ასობით ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება. უმეტესობა დააჯარიმეს 1500-დან 6000 ლარამდე თანხით. ზოგიერთი ადამიანი რამდენჯერმე.
კანონი ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს. თუმცა, პატიმრობის შეფარდებას, სასამართლო, უმეტესად ერიდება.
ამ დრომდე, პატიმრობა ჯერ მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენეს. მათგან, ორჯერ ერთი და იმავე პირის, ჟურნალისტ ვახო სანაიას წინააღმდეგ. ის ახლაც საპატიმროშია. პირველად 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ამჯერად კი 30 დღით გაუშვეს ციხეში.
იურისტებმა ეს ინიციატივა შეაფასეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და ცენზურის დაკანონება. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კი ამ სამმართველოს, მისი ფუნქციის გამო, “სქროლვა-სქრინვის” სამმართველო დაარქვეს.
რას ამბობენ გამოკითხულები, რამდენიმე კომენტარი
გამოკითხულთა მოსაზრებები – იმოქმედა ამ შეზღუდვებმა თუ არა, ფაქტობრივად, შუაზე გაიყო. ნახევარი ამბობს, რომ გარკვეული შიშის ნიშნები მაინც იგრძნობა, უნდათ აადამიანების ამის ხმამაღლა აღიარება თუ არა.
მეორე ნახევარი ირწმუნება, რომ არც მასზე და არც მის სამეგობროზე ამ რეპრესიულ ნორმას გავლენა არ მოუხდენია.
რამდენიმე საინტერესო პასუხი:
*“მე ყოველთვის ვწონი [სიტყვებს ამ ბოლოს]. რაღაცნაირად ცოტა… არ არის ეს მთლად კონფორმიზმი, მაგრამ, რაღაც მომენტში.. რა ვიცი, ეს არის ჩემ ნაცნობებში, ჩემში არის, რომ მოდი ახლა დაველოდები, იქნებ აი, ამ რაღაცამ გადაიაროს. არის [შიში]! შეშინდა შეიძლება ხალხი. გამიგეთ რაშია საქმე? თუმცა, მანდაც ზღვარია, თუ გადახვალ მაგ ზღვარს, მერე ვეღარ გაჩერდები” , – ეს პასუხი მწერალ ალეკო შუღლაძეს ეკუთვნის, რომელსაც ამ გამოკითხვაზე მუშაობისას თბილისის ქუჩაში შევხვდით.
* “პირადად მე, არანაირად. არც კი ვცდილობ, რომ რაიმე ფორმით დავაკორექტირო ის აზრი, რისი დაწერაც მინდა. იმიტომ, რომ თუ დღეს დავიწყეთ ფიქრი, რომ შეიძლება რაღაცის თქმამ ზიანი მოგვიტანოს, ხვალ ამის გაფიქრებაც კი შეიძლება დასჯადი გახდეს”.
* “რაღაცნაირად მაინც მოქმედებს. აი, რომ იცი, რომ შეზღუდვა არის, ჯარიმები, დაჭერა… მაშინაც მოქმედებდა ეგ, შიში სულ მქონდა. რა თქმა უნდა, რაღაცნაირი ეჭვებიც ჩნდება, რომ რა მოხდება, რა მოჰყვება ამ ყველაფერს”.
შეგვხვდნენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ამ ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. ტრადიციულად, ბევრი იყო ისეთი, ვინც კამერას გაურბოდა და გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.
ზოგი კი გვეუბნებოდა, რომ ისეც არასოდეს ყოფილა აქტიური სოციალურ ქსელში.