აფხაზეთში მეწარმეებს საკუთარ ობიექტებზე მზის პანელების დამონტაჟება დაევალებათ. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ეს ერთ-ერთი გზაა ენერგოდეფიციტის დასაძლევად, რომელიც რეგიონს უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში აწუხებს.
ინიციატივის მიზანია ენერგოსისტემაზე პიკური დატვირთვის შემცირება და კომერციული ობიექტებისთვის ელექტროენერგიის ავტონომიური მიწოდების უზრუნველყოფა. კერძოდ, განიხილება მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ახლად აშენებული კომერციული შენობები და საწარმოები ელექტროენერგიის საჭიროების ნაწილს ალტერნატიული წყაროებიდან, მათ შორის მზის პანელებიდან უნდა იღებდნენ.
ამ ეტაპზე განიხილავენ ელექტროენერგიის მოხმარების იმ ზღვრის განსაზღვრას, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც ობიექტებს ალტერნატიული, ავტონომიური ენერგიის წყაროების გამოყენება დაევალებათ.
აფხაზეთში ზოგიერთი კომერციული ორგანიზაცია მზის პანელებს უკვე რამდენიმე წელია იყენებს. მათთვის ეს უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ. ამასთან, მზის პანელების დამონტაჟებისთვის მათ ხელისუფლებისგან არც დახმარება მიუღიათ და არც შეღავათებით უსარგებლიათ.
ჯერჯერობით უცნობია, დაეხმარება თუ არა მთავრობა ბიზნესს მზის პანელების დამონტაჟებაში მას შემდეგ, რაც ეს სავალდებულო გახდება, რადგან საკითხი კვლავ განხილვის ეტაპზეა.
აფხაზეთი ელექტროენერგიის დეფიციტს წლებია ებრძვის. რეგიონის ელექტრომომარაგების ერთადერთი ძირითადი წყარო ენგურჰესია. ქართულ მხარესთან არსებული შეთანხმების თანახმად, აფხაზეთი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს იღებს.
თუმცა, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს მოცულობა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღარ არის, განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე იკლებს.
აფხაზეთის ბიუჯეტში ბოლო პერიოდში რუსეთისგან ელექტროენერგიის იმპორტისთვის თანხებიც გაითვალისწინეს, თუმცა გამოყოფილი სახსრები დეფიციტის სრულად შესავსებად საკმარისი არ არის.
შედეგად, ყოველწლიურად, ნოემბრიდან მარტამდე, რეგიონში ელექტროენერგიის გრაფიკით შეზღუდვა ხდება.
დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზი კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგია, რომელიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. ბოლო წლებში მაინინგის მასშტაბის მნიშვნელოვნად შემცირება მოხერხდა, რამაც პრობლემაც შეამსუბუქა, თუმცა მისი სრულად აღმოფხვრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას