ბოლო ცხრა თვეში, ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 23 პროცენტით, რეკორდულად გაიზარდა
ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება
2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ჩინეთიდან საქართველოში 119 081 ვიზიტორი შემოვიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.6 პროცენტით მეტია.
მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელი, ბოლო 15 წლის რეკორდულია. მხოლოდ ცხრა თვეში მიღებული ვიზიტორების რაოდენობა, 2025 და 2024 წლების გარდა, 2011 წლიდან (ამ დროიდან იწყება სტატისტიკის წარმოება) ყველა სხვა წლის წლიურ მაჩვენებელსაც კი აღემატება.
- “საქართველო და ჩინეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადიან” — კობახიძემ ბრიფინგი ამჯერად ჩინეთზე სასაუბროდ გამართა
- საქართველოში ჩინური კომპანიების რეგისტრაცია ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
- “ოცნება ეუბნება აშშ-ს: “ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან ურთიერთობას, ჩვენ ჩინეთი გვირჩევნია“ — მოსაზრება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ბოლო წლებში ასე გამოიყურება:
- 2025 წელი – 127 895 ვიზიტორი;
- 2024 წელი – 88 583 ვიზიტორი;
- 2023 წელი – 48 304 ვიზიტორი;
- 2022 წელი – 7 380 ვიზიტორი;
- 2021 წელი – 3 468 ვიზიტორი;
- 2020 წელი – 4 363 ვიზიტორი;
- 2019 წელი – 48 071 ვიზიტორი;
- 2018 წელი – 31 855 ვიზიტორი;
- 2017 წელი – 18 179 ვიზიტორი;
- 2016 წელი – 10 847 ვიზიტორი;
- 2015 წელი – 6 849 ვიზიტორი;
- 2014 წელი – 5 919 ვიზიტორი;
- 2013 წელი – 6 641 ვიზიტორი;
- 2012 წელი – 7 633 ვიზიტორი;
- 2011 წელი – 4 848 ვიზიტორი.
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წელს ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა, 2025 წელს კი ზრდა გაგრძელდა. 2026 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელი უკვე უახლოვდება 2025 წლის წლიურ მონაცემს.
ჩინეთიდან ვიზიტორების ზრდის მიუხედავად, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების საერთო რაოდენობა, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, თითქმის უცვლელი დარჩა.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 6 112 078 ვიზიტი განხორციელდა. ეს 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 0.04 პროცენტით მეტია.
მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა იზრდება იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების საერთო რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა.
კონტექსტი
ჩინეთიდან ვიზიტორების ზრდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების ფონზე ხდება. ჩინეთი საქართველოსთვის, ნელ-ნელა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ხდება.
ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ივლისში გამოაცხადეს. საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ. 2024 წლის 10 აპრილს, ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელებისთვის ორმხრივ უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება იმავე წლის 28 მაისს ამოქმედდა. ამ შეთანხმებამ ორივე ქვეყნის მოქალაქეებს მეორე ქვეყანაში 30 დღემდე ვადით უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა მისცა.
2025 წლის ივლისში საქართველოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა პეკინში პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს. 2026 წლის ივნისში კი საქართველოსა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, მიხეილ ყაველაშვილმა და სი ძინპინმა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გაცვალეს წერილები. ამ შეხვედრაზე ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკას, ვაჭრობას, ინვესტიციებს, ტრანსპორტს, კულტურასა და ხალხთაშორის კავშირებს.
ჩინეთთან ასეთ მჭიდრო კავშირებს და სტრატეგიულ პარტნიორობას ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს.
“ჯიპას” პოლიტიკის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და კონფლიქტოლოგი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ, ჩინეთთან საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკური პარტნიორობის კუთხით თბილისი იმ შედეგებს ვერ იღებს, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გულისხმობდეს.
კიდევ ერთი კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი კი, ამბობს, რომ ჩინეთს არასოდეს მიუცია ხმა საქართველოს სასარგებლოდ. სინამდვილეში, მას საქართველოსთან ურთიერთობა არაფრად უღირსა და მასთან პარტნიორობით “ქართული ოცნება” ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს.

ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება