საარსებო წყაროს მოსაპოვებლად სახიფათო წყლებში: რას აწყდებიან აზერბაიჯანელი მეზღვაურები შავ ზღვაში
აზერბაიჯანელი მეზღვაურები შავ ზღვაში
რუფან აჰმედოვი იმ აზერბაიჯანელ მეზღვაურებს შორისაა, რომლებიც 23 ოქტომბერს რუმინეთის სანაპიროსთან თავდასხმის შედეგად დაზიანებული გემიდან გადაარჩინეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი სასტუმროში გადაიყვანეს.
გემ Khoryv-ზე დრონით თავდასხმის უკან რუსეთი დგას. გადაარჩინეს ბორტზე მყოფი აზერბაიჯანის კიდევ ორი მოქალაქე.
ამჯერად, მეზღვაურების ოჯახებმა შეიტყვეს, რომ მათი ახლობლები ცოცხლები გადარჩნენ. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, შავ ზღვაში მომუშავე სხვა აზერბაიჯანელი მეზღვაურების ოჯახები საპირისპირო ცნობებს იღებენ – მათი ახლობლების დაღუპვის ან გაუჩინარების შესახებ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ცალკეული ინციდენტების შესახებ გავრცელებული ცნობების თანახმად, ივნისიდან ოქტომბრამდე, თავდასხმების ქვეშ მოქცეულ გემებზე, ქვეყნის სულ მცირე 48 მოქალაქე იმყოფებოდა.
დადასტურებულია ექვსი აზერბაიჯანელის დაღუპვა. ორი ადამიანი, რომლებიც თავდაპირველად უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოგვიანებით დაღუპულად აღიარეს. ერთი მეზღვაური კვლავ დაკარგულად ითვლება. სულ მცირე 39 ადამიანი გადარჩა. მათგან ათმა დაზიანებები მიიღო ან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შავ ზღვაში რუსეთი და უკრაინა რეგულარულად უტევენ სავაჭრო გემებს. ამ გემებზე აზერბაიჯანის მოქალაქეები კაპიტნებად, მექანიკოსებად და სხვა პოზიციებზე მუშაობენ. ისინი სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვით არიან დაკავებული, თუმცა მათი მარშრუტები საბრძოლო მოქმედებების ზონებზე გადის.
გემზე თავდასხმისას საფრთხე ეკიპაჟის ყველა წევრს ემუქრება. თუ რეისი წყდება, უსაფრთხოების რისკებს სხვა პრობლემებიც ემატება: მიიღებენ თუ არა მეზღვაურები ხელფასს, შეძლებენ თუ არა სახლში დაბრუნებას და ვინ გადაიხდის მათი დაბრუნების ხარჯებს?
თავდასხმების შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული აზერბაიჯანელი მეზღვაურები
რუსტამ გასანოვი 5 ოქტომბერს გემ Royad Mammadov-ზე თავდახსმის შედეგად დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით, გემს ორი რუსული დრონი დაესხა თავს.
დაღუპულის მამა, ისმაილ გასანოვი, შვილს ბოლოს 4 ოქტომბერს, თავდასხმამდე ერთი დღიადრე ესაუბრა. ტელეარხ „ხაზარ ხაბართან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსტამი ამ გემზე კაპიტნად აგვისტოდან მუშაობდა.
ჯოშგუნ მამედალიევი, მასალის რაიონის სოფელ დიგაჰის მკვიდრი, იმავე გემზე მექანიკოსად მუშაობდა. თავდასხმისას ის დაიჭრა და რუმინეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტელეარხის ინფორმაციით, მამედალიევს ამ სპეციალობით მუშაობის სამწლიანი გამოცდილება ჰქონდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ოქტომბრის განცხადებაში კიდევ ერთი აზერბაიჯანელი მეზღვაური, 2002 წელს დაბადებული მუჰამედ სულეიმანზადე, უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მოხსენიებული.
იმ დროისთვის გავრცელებული ცნობებით, აზერბაიჯანის სამი გადარჩენილი მოქალაქე საავადმყოფოში იმყოფებოდა. მუჰამედ სულეიმანზადეს შესახებ დამატებითი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
თავდასხმები გრძელდება
14 ივლისს, ოდესის სანაპიროსთან, გემ Atlas Bey-ს დაესხნენ თავს. ბორტზე აზერბაიჯანის 11 მოქალაქე იმყოფებოდა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ეს შემთხვევა სამოქალაქო გემებზე რუსეთის თავდასხმების ერთ-ერთ ეპიზოდად შეაფასეს.
ათი მეზღვაურის ნაპირზე გადაყვანა მოხერხდა. კაპიტნის, სამედ ნასრულაევის, ცხედარი სამძებრო სამუშაოების დროს იპოვეს. 17 ივლისს ის აზერბაიჯანში გადაასვენეს.
აზერბაიჯანელი მეზღვაურები 5 ივნისსაც დაზარალდნენ – აზოვის ზღვაში გემებზე Natra-სა და Zirkon-ზე თავდასხმების შედეგად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ გემებს უკრაინული დრონებით დაარტყეს.
ეს ინციდენტები აჩვენებს, რომ საფრთხე მხოლოდ ერთ კონკრეტულ გემს ან რეისს არ უკავშირდება. რამდენიმე თვის განმავლობაში აზერბაიჯანელი მეზღვაურები ერთსა და იმავე რეგიონში არაერთხელ აღმოჩნდნენ თავდასხმების სამიზნე.
ეკიპაჟი, რომელიც ხელფასს ელოდება და შინ დაბრუნება სურს
მეზღვაურების პრობლემები თავდასხმების საფრთხით არ შემოიფარგლება. 7 ოქტომბერს გემ Consul-ის კაპიტანმა, საბუხი სალახოვმა, გამოცემა Konkret-ს განუცხადა, რომ ეკიპაჟი უკვე რამდენიმე თვეა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში იმყოფება და ხელფასს ვერ იღებს.
მეზღვაურების თქმით, გემის სადგომის რაიონში დრონებით თავდასხმები გრძელდება, რის გამოც ისინი ბორტის დატოვებასა და აზერბაიჯანში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„გვინდა, ჩვენი კუთვნილი თანხა მივიღოთ და აზერბაიჯანში დავბრუნდეთ. მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“, – განაცხადა კაპიტანმა.
საბუხი სალახოვის თქმით, ეკიპაჟი უკვე რამდენიმე თვეა ხელფასის ჩარიცხვას ელოდება და შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს. უცნობია, მიიღეს თუ არა მეზღვაურებმა კუთვნილი თანხა და შეძლეს თუ არა ოჯახებთან დაბრუნება საჩივრის შეტანის შემდეგ.
„რუსეთიდან მშრალი ტვირთები გადაგვქონდა. ბოლოს ქვანახშირი მოლდოვაში ჩავიტანეთ. შემდეგ იმავე ტვირთის წამოსაღებად გავემართეთ, მაგრამ გზები ჩაკეტილი დაგვხვდა. აზოვისა და შავი ზღვების რეგიონში დაახლოებით 200 გემს დაესხნენ თავს დრონებით. მას შემდეგ რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში ვიმყოფებით. აქ უკვე თითქმის სამი-ოთხი თვეა ვართ“, – ჰყვება სალახოვი.
ეს საჩივარი კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, როგორ უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანმა თავისი მოქალაქეების დაბრუნება სახიფათო რეგიონიდან.
თუ კაპიტნის თქმით, ეკიპაჟი ხელფასს ვერ იღებს და შინ დაბრუნებასაც ვერ ახერხებს, მეზღვაურებს საკონსულო დახმარება სჭირდებათ.
ამასთან, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებენ აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებები მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად.
აქვს თუ არა ყველა მეზღვაურს სახიფათო რეისზე უარის თქმის უფლება?
საერთაშორისო სატრანსპორტო მუშაკთა ფედერაციამ (ITF) შეიმუშავა წესები მეზღვაურებისთვის, რომლებზეც გარკვეული კოლექტიური ხელშეკრულებები ვრცელდება.
ნაოსნობის რაიონში არსებული საფრთხის დონის მიხედვით, ეს წესები ითვალისწინებს დამატებით ანაზღაურებას, სახიფათო რეისზე უარის თქმის უფლებასა და დამსაქმებლის ხარჯით სამშობლოში დაბრუნებას.
თუმცა ეს გარანტიები ავტომატურად ყველა აზერბაიჯანელ მეზღვაურზე არ ვრცელდება. იმის დასადგენად, აქვს თუ არა კონკრეტულ მეზღვაურს ასეთი დაცვის უფლება, საჭიროა მისი შრომითი ხელშეკრულების პირობების შესწავლა.
გარკვევა, თუ რომელი კოლექტიური შეთანხმება მოქმედებს გემზე, და ნაოსნობის რაიონის სტატუსის განსაზღვრა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს ომით მოცულ და არასტაბილურ რეგიონებში მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.
თუმცა მათთვის, ვინც ასეთ რეგიონებში უკვე მუშაობს გემებზე, მხოლოდ საფრთხის შესახებ ინფორმაციის ქონა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, მათ რეალურად შეეძლოთ სახიფათო რეისის გაგრძელებაზე უარის თქმა.
სამინისტრო ასევე იტყობინებოდა თავდასხმების შედეგად დაზარალებული მეზღვაურებისთვის სამედიცინო და საკონსულო დახმარების გაწევის შესახებ.
თუმცა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები მხოლოდ სამაშველო ოპერაციებითა და დაშავებულების სამშობლოში დაბრუნებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა სახის დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახიფათო რეგიონიდან წამოსვლა, დავალიანებული ხელფასის მიღება და ოჯახების საარსებო წყაროს უზრუნველყოფა სურთ.
ამ ადამიანებს სჭირდებათ არა მხოლოდ რისკების შესახებ გაფრთხილება, არამედ პრაქტიკული დახმარებაც, რომელიც სახიფათო სამუშაოზე უარის თქმის შესაძლებლობას მისცემს.
აზერბაიჯანელი მეზღვაურები შავ ზღვაში