სკოლაზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თბილისში ორი არასრულწლოვანი დააკავეს. რა ვიცით?
სკოლაზე თავდასხმის მომზადების საქმე
სკოლაზე თავდასხმის მომზადებისა და მოსწავლეებზე ძალადობის დაგეგმვის ბრალდებით, თბილისში ორი 14 წლის მოზარდი დააკავეს. ისინი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან და ერთმანეთს სოციალური ქსელებით ეკონტაქტებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს უკვე შერჩეული ჰქნოდათ სამიზნე სკოლა და დაგეგმილი ყველა მოქმედება.
- თბილისში ნეონაცისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს
- შსს-მ სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავა
- SJC: (არასრულწლოვანებზე) კანონპროექტი ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევასა და მდგომარეობის უკუსვლას გამოიწვევს
ერთ-ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად უკვე შეეფარდა პატიმრობა. მეორე ბრალდებულის სასამართლო კი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
რა ვიცით მომხდარზე
მოზარდების დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, გამოცემა “სანდო წყარომ” გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, 14 წლის ს.ტ. ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, დღისით დააკავეს.
მეორე დღეს, 23 ოქტომბერს, საკუთარ სახლში დააკავეს მეორე მოზარდიც. პირველი დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მეორე კი ბრალს არ აღიარებს.
ორივე დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. საცხოვრებელი სახლებდან ამოღებულია სასტარტო პისტოლეტი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა.
“სანდო წყაროს” პირველი დაკავებულის, ს.ტ.-ს მამა უყვება, რომ მან არ იცის, ვინ არის ბიჭი, ვისთან ერთადაც მისი შვილი დანაშაულს გეგმავდა.
მისი მონათხრობით, მოზარდები ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ. კომუნიკაცია ჰქონდათ „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით.
მამის ინფორმაციითვე, არასრუწლოვნები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ. ასევე, განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.
პროკურატურა ამ ვერსიას, ფაქტობრივად, ადასტურებს. უწყებამ ოფიციალური განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინფორმაცია მედიაში გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, მოზარდებმა ერთმანეთი 2026 წლის აპრილ-მაისში გაიცნეს. მათ თბილისში კონკრეტული სკოლა შეარჩიეს. მისი შიდა განლაგება შეისწავლეს და თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.
პროკურატურა განცხადებაში წერს, რომ ისინი გეგმავდნენ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები.
„ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად. თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის პოზიცია
ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი გია დარჩია “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ პროკურატირას ამ საქმეზე მტიკიცებულებები არ აქვს.
მისი თქმით, საქმის მასალებში დართულია მხოლოდ ოქტომბრის ორი დღის მიმოწერა, სადაც რაიმეს ორგანიზებაზე საუბარი არ ჩანს.
მისივე განცხადებით, სახლებიდან მტკიცებულებად ამოღებული ნივთები პირადი მოხმარებისაა. მათ შორის არის – მშობლების ნაჩუქარი სუვენირები ან ოჯახის საერთო სარგებლობის ნივთები, რომლიც მიხედვითაც “არასერიოზულია დანაშაულის მომზადებაზე საუბარი“:
“ეს პირები ერთმანეთს არ იცნობდნენ. ერთხელაც კი არ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი. არც შეხვედრის მცდელობა ჰქონდათ. არც იმ სკოლაში არიან ნამყოფები, რომელზე თავდასხმის მომზადებასაც ედავებიან“.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მეორე ბრალდებული რომ აჩვენო, ვერც კი იცნობს. ამბობს, რომ მისი ფოტოც არ ჰქონდა ნანახი, რადგან იგი სოციალურ ქსელში ავატარს იყნებდა. ის ირწმუნება, რომ მოზარდებს ვიდეოთვალითაც კი არასოდეს დაურეკავთ ერთმანეთისთვის.
ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაიწყო მეორე ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ძალადობის მოწოდების შემცველი პოსტით. ამ პოსტის “სქრინშოტი”, ანუ გამოსახულება, საქმის მასალებში არ დევს.
ადვოკარტი ირწმუნება, რომ არც გამოძიების მასალებით და არც ბრალდებულთან გასაუბრებით, არ იკვეთება მოზარდების კავშირი რაიმე სხვა ძალადობრივ დაჯგუფებასთან. ისინი არც საეჭვო ქცევაში იყვნენ შემჩნეული.
“არავის აფეთქებას და დაზიანებას არ აპირებდნენ. შეუძლებელია რაიმეს ორგანიზებაზე საუბარი” – ამბობს ის.
მეორე ბრალდებულის ადვოკატი ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
—
საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 18,225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მომზადებას, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება.
აღნიშნული მუხლი ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სკოლაზე თავდასხმის მომზადების საქმე