გიგა ავალიანის საქმეზე, მკვლელობიდან 10 თვის შემდეგ, კიდევ ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს. რას აჩვენებს ეს საქმე
ახალი დაკავებები გიგა ავალიანის საქმეზე
28 წლის მათემატიკის მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, თბილისში, ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს – ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი.
ახალგაზრდა მასწავლებელი ათი თვის წინ მოკლეს. ამ საქმეში უკვე მსჯავრდადებულია ხუთი პირი. მეექვსე პირის სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა.
ამ ორი გოგონას დაკავებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტთა სია 8-მდე გაიზარდა. ყველა მათგანი არასრულწლოვანია.
ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის დაკავება, უკვე დამდგარი განაჩენების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმის ახალი და მნიშვნელოვანი განვითარებაა.
ნია იმნაძე გიგა ავალიანის მოსწავლე იყო. ის მკვლელობაში მთავარი მსჯავრდადებულის, ალექსანდრე გაბაშვილის შეყვარებულია. გამოძიება მას დანაშაულის წაქეზებას ედავება.
ანასტასია ბერუაშვილი – მეორე გოგონა, მედიის ინფორმაციით, ნიას და კიდევ ერთი მსჯავრდადებულის, გიორგი რიკაძის მეგობარია. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
28 წლის მათემატიკის რეპეტიტორი, გიგა ავალიანი, 2025 წლის 1 ოქტომბერს, გვიან საღამოს, თბილისში, თემქაზე, სახლში ბრუნდებოდა. მას საკუთარ სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. ის 23 დღე კომაში იყო და 24 ოქტომბერს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივად გამოძიება „გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციასა და ეჭვიანობას“ ასახელებს. ამას იმეორებენ ბრალდებულებიც. მათი ვერსიით, გიგა ავალიანი მოსწავლეს, ნია იმნაძეს სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს სწერდა. გოგონამ შეყვარებულთან დაიჩივლა.
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, ამ ვერსიას გამორიცხავს. მისი თქმით, გოგონა გაკვეთილებს აცდენდა. გიგამ მის დედას აცნობა. გიგას მოსწავლე ამან გააბრაზა. ამის შემდეგ დაიგეგმა თავდასხმა.
გიგა ავალიანის საქმე ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმედ იქცა. ეს ამბავი ფართო საზოგადოებამდე მისმა დედამ მიიტანა. ეკა კუპატაძეს თავგანწირული ბრძოლა დასჭირდა, რათა გამოძიება სათანადოდ წარმართულიყო. საქმე დიდი საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მიმდინარეობს.
ეკა კუპატაძე შვილის გარდაცვალებისთანავე, ნია იმნაძეს საქმის მთავარ დამნაშავედ მიიჩნევდა. ის მის დაკავებას ითხოვდა. ამიტომ, გოგონების დაკავებამ ბევრი კითხვა გააჩინა.
მთავარი კითხვაა – თუ პროკურატურას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები, რატომ არ დააკავა გოგონები აქამდე? მათი დაკავება ხომ არ არის ეკა კუპატაძის აქტიურობისა და საზოგადოებრივი წნეხის შედეგი?
არასრულწლოვანი გოგონების დაკავება
ორივე მოზარდი გოგო – ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი, 5 აგვისტოს, გვიან ღამით, თითქმის ერთდროულად დააკავეს. ამის შესახებ ნიას დაკავების ამსახველი ვიდეოდან გახდა ცნობილი. ვიდეო მისივე ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა. ის ძალიან მძიმე სანახავია.
ვიდეოში ჩანს, რომ არასრულწლოვანის სახლში ბევრი პოლიციელია მისული. გოგონას დედა ძალიან ანერვიულებულია. ის ხელს ურტყამს სახლის შესასვლელ კარს. კარი ხმაურით ეჯახება კედელს.
“შემოდით, ყველა შემოდით!”, “მანიაკებო”, “მკვლელებო”, “იცით თუ არა, რომ ნიაკო დამნაშავე არ არის” – ნერვიულად უყვირის ქალი პოლიციელებს.
“ისეთ რაღაცას გამაკეთებინებთ, მთელი საქართველო ჩემზე ილაპარაკებს. თუ უსამართლოდ ექცევით ჩემს შვილს, მაგას გავაკეთებ”, – ეუბნება პოლიციელებს გოგონას მამა.
პოლიცია მშვიდად დგას და აღელვებული მშობლების დამშვიდებას ცდილობს.
– რატომ მიგყავთ ჩემი შვილი? რის საფუძველზე? რა წერია იმ განჩინებაში?!– ეკითხება დედა სამართალდამცველებს.
– გაეცნო ადვოკატი განჩინებას, – პასუხობს ერთ-ერთი პოლიციელი.
– გიორგი, რის საფუძველზე აკავებენ? – ახლა ადვოკატს ეკითხება დედა.
– სასამართლო განჩნების საფუძველზე, რომელშიც ფორმალური რაღაცები წერია, არაფერი კონკრეტული, – პასუხობს ადვოკატი.
ნია იქვე, დერეფანში, დივანზე ფეხებმოკეცილი ზის. სახე ხელებში აქვს ჩარგული და წინ გადმოშლილი გრძელი თმა უფარავს. ვიდეოს ადვოკატი იღებს. პერიოდულად, ის არასრუწლოვანს თავზე უსვამს ხელს.
ამ ვიდეოს გავრცელებისთანავე, სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ აკავებდნენ მეორე არასრუწლოვან გოგოსაც. მისი დაკავების კადრები არ გავრცელებულა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ანასტასია ბერუაშვილის დაკავებაც.
დაკავების მომენტში ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. მთელი ღამე არასრუწლოვანმა საავადმყოფოში გაატარა. 6 აგვისტოს კი ზაჰესში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამავე დაწესებულებაში მიიყვანეს ანასტასია ბერუაშვილიც.
-
გიგა ავალიანის საქმის მსჯავრდადებული არასრულწლოვნები. ჩამოშალეთ
გიგა ავალიანის საქმეზე უკვე ხუთი ადამიანია პატიმრობაში:
1. ალექსანდრე გაბაშვილი – პატიმრობა 10 წელი და 5 თვე; ის ამ საქმის მთავარი ბრალდებული იყო. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებასა და ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა;2. გიორგი რიკაძე – პატიმრობა 10 წელი და 5 თვე. ის ალექსანდრეს მეგობარია და იდენტური ბრალი აქვს;
3. დემეტრე ჩიქოვანი – პატიმრობა 6 წელი და 9 თვე. მას ბრალად ედებოდა ავალიანის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა . ასევე, ამ საქმესა და კიდევ ოთხ ინციდენტში ჯგუფური ძალადობის ორგანიზება;
4. ანი ნასყიდაშვილი – პატიმრობა 5 წელი და 3 თვე. ის დამნაშავედ ცნეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის;
5. კიდევ ერთი არასრულწლოვანი – პატიმრობა 3 წელი. იგი მსჯავრდებულია ცრუ ჩვენების მიცემისთვის. რა მოიტყუა, არ ვიცით. მისი საქმე დახურულია. ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. მშობლები მედიასთან არ ურთიერთობენ. “TV პირველის” ინფორმაციით, ეს პირი – ლუკა კლატკინია
ერთი არასრუწლოვანი ჯერ ბრალდებულია:
6. გიორგი მალანია – ის დააკავეს 2026 წლის ივლისში. მას ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება. მალანია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია. მისი მამა 2016–2019 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. გიორგი მალანიას საქმე ჯერ მიმდინარეობს და განაჩენი არ დამდგარა.
ეკა კუპატაძის გამოხმაურება
“საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის – გიგა ავალიანის მკვლელებს!” – ასე გამოეხმაურა ეკა კუპატაძე გოგონების დაკავებას.
გიგა ავალიანის ოჯახი, სულ ამტკიცებდა, რომ დანაშაულში მხოლოდ უშუალო შემსრულებლები არ მონაწილეობდნენ. ისინი ითხოვდნენ, გამოძიებას ყველა შესაძლო თანამონაწილის პასუხისმგებლობა დაეყენებინა.
ოჯახი განსაკუთრებულად საუბრობდა არასრულწლოვანი გოგონების შესაძლო როლზე. ეკა კუპატაძე ამბობდა, რომ მათ თავდასხმის დაგეგმვის შესახებ იცოდნენ.
ამ დრომდე პროკურატურა დამატებით ფიგურანტებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ იღებდა. ამის გამო ოჯახი ხშირად აკრიტიკებდა გამოძიებას.
ეკა კუპატაძემ დახმარების თხოვნით ბიძინა ივანიშვილს ცოლს, ეკატერინე ხვედელიძესაც კი მისწერა. ხვედელიძემ გიგა ავალიანის დედას მელევე უპასუხა. მან შვილმოკლულ დედას მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოუცხადა.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, -წერდა წერილში ეკატერინე ხვედელიძე.
ოფიციალური ბრალდება – რას ედავებიან დაკავებულებს
6 აგვისტოს, საღამოს, ორივე არასრუწლოვანს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს.

ნია იმნაძეს ედავებიან ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული). ეს მუხლი 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილის მისამართით გამოძიება დაწყებულია – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ეს დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას 7 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას, არასრულწლოვნებს სასჯელის მეოთხედი აკლდებათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად “აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა”.
- თბილისში ნეონაცისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს
- SJC: (არასრულწლოვანებზე) კანონპროექტი ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევასა და მდგომარეობის უკუსვლას გამოიწვევს
გამოძიების თანახმად, მათ შეისწავლეს ვინ იყო, რა განრიგი ჰქონდა და რა გზებით გადაადგილდებოდა გიგა ავალიანი. მოიპოვეს მისი ფოტო, მასწავლებლის ადვილად ამოსაცნობად. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
უწყება ამბობს, რომ მასწავლებელზე თავდასხმა 29 სექტემბერს იგეგმებოდა. არასრულწლოვნები მას ჩაუსაფრდნენ კიდეც სასწავლო ცენტრთან. თუმცა, თავდასხმა ვერ შეძლეს “მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო”. (მედიის ინფორმაციით, ამ დღეს ავალიანმა ცენტრი დედასთან ერთად დატოვა. დედაც მათემატიკის რეპეტიტორია).
გამოძიების ვერსიით, 1 ოქტომბერს ბიჭებმა განზრახვა სისრულეში მოიყვანეს. ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს. ავალიანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.
“დანაშაულის ჩადენისთანავე, გიორგი რიკაძე დაუკავშირდა მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს. შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რას ამბობს დაცვის მხარე
დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს.
ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც ნია იმნაძის მხრიდან დანაშაულის წაქეზებას ადასტურებს.
ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქმეში Meta-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, ნია იმნაძის მიმოწერები გაჩნდა და დაკავება ამას მოჰყვა.
“ეჭვების საფუძველზე არ ხდება სისხლის სამართლის საქმის წარმოება. სისხლის სამართლის საქმე უნდა ვაწარმოოთ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე და სხვა არც ერთი სტანდარტი არ გადაწონის ამ გარემოებას“, – განაცხადა მან მედიასთან.
იგივეს ამბობს ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი ქეთევან ვარდანაშვილიც. მისი განცხადებით, ანასტასია ბერუაშვილი რაიმე სახის დანაშაულს არ შესწრებია. მას და ნია იმნაძეს ერთმანეთი ერთადერთხელ ჰყავთ ნანახი რამდენიმე წუთით:
“ამდენად, მათ არანაირი მეგობრული ურთიერთობა და არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ“.
რაც შეეხება ანასტასიას ურთიერთობას მსჯავრდადებულ გიორგი რიკაძესთან, ადვოკატის განცხადებით, “შეყვარებული რომც ყოფილიყო და თუ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ის რამე ინფორმაციას ფლობდა”.
მეგობართან დაჩივლება წაქეზებაა? – კითხვები გოგონების დაკავებაზე
გოგონების დაკავებას სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. ყველა თანხმდება, რომ გიგა ავალიანის საქმის ყველა ფიგურანტი სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ამ საქმეზე სამართალი უნდა აღსრულდეს. ეკა კუპატაძესაც ყველა უთანაგრძნობს.
თუმცა, ბევრი არ ენდობა სამართალდამცავ უწყებებს. მათ აქვთ კითხვები, რამდენად მყარი მტკიცებულებები არსებობს საქმეში გოგონების, განსაკუთრებით, ნია იმნაძის წინააღმდეგ, რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა ელის.
პროკურატურის განცხადებაში არაფერია წერია ნია იმნაძის ბრალზე, გარდა იმისა, რომ მან მეგობრებს უთხრა – თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. ამ განცხადებაში არ ჩანს, იცოდა თუ არა ნია იმნაძემ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ. ან, მან ხომ არ მოითხოვა შეყვარებულისგან კონკრეტული ქმედება.
“მეგობრებთან დაჩივლება წაქეზებაა? “- კითხულობს საზოგადოების ეს ნაწილი.
და თუ საქმეში არ არსებობს მეტი მტკიცებულება, რატომ დააკავეს გოგონები მკვლელობიდან ათი თვის თავზე? ხომ არ უკავშირდება ეს დაკავება ეკა კუპატაძის აქტიურობას? ან, ხომ არ იკვეთება საქმეში პოლიტიკური გავლენები? – ეს კითხვებიც აქტუალურია.
-
გიგა ავალიანის საქმის ქრონოლოგია. ჩამოშალეთ
2025 წლის 1 ოქტომბერი – თავდასხმა
თემქაზე, საკუთარ სახლთან, თავს ესხმიან 28 წლის მათემატიკის მასწავლებელს, გიგა ავალიანს.2025 წლის 24 ოქტომბერი – გარდაცვალება
23-დღიანი კომის შემდეგ გიგა ავალიანი გარდაიცვალა.
2025 წლის ნოემბერი და დეკემბერი – პირველი დაკავებები
აკავებენ ოთხ არასრულწლოვანს:
ალექსანდრე გაბაშვილი
გიორგი რიკაძე
დემეტრე ჩიქოვანი
ანი ნასყიდაშვილი2025 წლის აპრილი – პირველი განაჩენები
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო:
ალექსანდრე გაბაშვილი – 10 წელი და 6 თვე
გიორგი რიკაძე – 10 წელი და 6 თვე
დემეტრე ჩიქოვანი – 6 წელი და 9 თვე (მოგვიანებით სხვა დროს მომხდარ ძალადობებშიც ცნეს დამნაშავედ და სასჯელი გაიზარდა – 9 წელი და 9 თვემდე).2026 წლის ივნისი – კიდევ ერთი განაჩენი
სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა კიდევ ერთ ფიგურანტზე:
ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.2026 წლის ივლისი – კიდევ ერთი დაკავება
დააკავეს გიორგი მალანია. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება. მისი საქმე ჯერ სასამართლოშია და განაჩენი არ დამდგარა.2026 წლის აგვისტო – კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავება
აკავებენ ორ არასრუწლოვან გოგონას:
ნია იმნაძე – გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და მთავარი მსჯავრდადებულის შეყვარებული.
ანასტასია ბერუაშვილი – ნია იმნაძის მეგობარი და მეორე მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული.
ფართო რაკურსი – რას აჩვენებს გოგონების დაკავება და ზოგადად, გიგა ავალიანის საქმე
გიგა ავალიანის საქმემ, დასაწყისიდანვე, უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ერთმა კრიმინალურმა შემთხვევამ.
ამ საქმემ ბევრი სისტემური ხარვეზი და პრობლემა გააშიშვლა. პირველ რიგში – ნდობის დეფიციტი საგამოძიებო უწყებებთან მიმართებით. ასევე, ხარვეზები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. დაზარალებულებისა და ბრალდებულების უფლებების დარღვევის შემთხვევები და ა.შ.
ბევრს საეჭვოდ მოეჩვენა ნია იმნაძის დაკავების კადრების გავრცელება. მითუმეტეს, რომ ეს თავად ნია იმნაძის ადვოკატმა გააკეთა. ზოგმა ჩათვალა, რომ ამით ადვოკატი საზოგადოებისგან თანაგრძნობის მოპოვებას შეეცადა.
“სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი განულებულია ნდობა მართლმსაჯულების სისტემის (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ა.შ.) მიმართ, დაზარალებულები, ბრალდებულები, ადვოკატები სამართლის პოვნის ერთადერთ გზად სულ უფრო ხშირად ირჩევენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას. და, შემდგომ, საზოგადოებრივი წნეხის მათ სასარგებლოდ გამოყენებას”, – დაწერა სოციალურ ქსელში იურისტმა ლონდა თოლორაიამ.
მისი შეფასებით, ეს არის უმძიმესი რეალობა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე სისტემისთვის: “სახელმწიფოსი აღარ გჯერა მაშინაც კი, როცა შესაძლოა კანონიერ გადაწყვეტილებას იღებდეს”.
იურისტს ბევრი კითხვა აქვს – რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დააკავეს არასრუწლოვნები? რატომ ათი თვის შემდეგ? რატომ ღამით? მითუმეტეს, რომ ღამით კანონი ზღუდავს საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მით უფრო, არასრულწლოვნის მიმართ.
“რა გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრს მართლმსაჯულების სისტემაზე? – უდიდესი. გაუძლო საზოგადოებრივ წნეხს ურთულესია. ხოლო, მიიღო საზოგადოებისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილება, როცა სისტემები სრულად პოლიტიზირებულია, შეუძლებელია”, – წერს იგი.
ლონდა თოლორაია ხაზს უსვამს, რომ კანონები და სტანდარტები დაცული უნდა იყოს დამნაშავეების მიმართაც. მითუმეტეს, როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია.
გიგა ავალიანის საქმემ საზოგადოების ბნელი მხარეებიც გააშიშვლა. ნია იმნაძის დაკავების შემდეგ, სოციალურ ქსელში გოგონას და მისი ოჯახის წინააღმდეგ დიდი აგრესია აგორდა. ბევრი წერდა, რომ ნია იმნაძე მთავარი დამნაშავეა და ის სასტიკად უნდა დაისაჯოს. წერდნენ უფრო მძიმე შინაარსის კომენტარებსაც – როგორი ჯოჯოხეთი ელოდება მას ციხეში.
სოციალური ქსელის მომხმარებლების მეორე ნაწილი ამ კომენტარებმა შეაშფოთა. ამ დისკუსიებს ლონდა თოლორაიაც ეხება თავის ვრცელ პოსტში:
“ბავშვები დამნაშავეებად არ იბადებიან. ასეთებად რატომ იქცნენ, ჯერ ეს კითხვა დავსვათ, სანამ მათი ლინჩის წესით გასამართლებას მოვითხოვთ“, – წერს იგი და იქვე ამბობს, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაული, ბოლო რამდენიმე წელია, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. სახელმწიფოს პასუხი კი ამ გამოწვევაზე, ბავშვებისთვის “სპეციალური ციხის” გახსნაა და არა, დანაშაულების პრევენცია.
“სახელმწიფო, სადაც შვილმოკლული დედა, მამა სამართალს ხალხის ძალით ეძებს და უწყებები, საზოგადოებაში არსებული ტემპერატურის აწევა-დაწევით იღებენ გადაწყვეტილებს – რამდენი, რომელი, როდის, დროის რომელ მონაკვეთში დააკავონ, ან არ დააკავონ – დამერწმუნეთ, მართლა მოშლილია”, – წერს იურისტი.
ახალი დაკავებები გიგა ავალიანის საქმეზე