საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის პირველი დღე: აცილებები, გაძევება და უარყოფილი შუამდგომლობები
ოპოზიციის აკრძალვის საქმე
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვენ: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
ქვემოთ პირველი დღის მთავარი ამბები და განცხადებებია თავმოყრილი. ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სხდომა 19:00 საათზე დასრულდა.
განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, გრძელდება, 23 ოქტომბერსაც გაიმართება. სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს ვადა. სარჩელის დასაკმაყოფილებლად შვიდი მოსამართლიდან ოთხის ხმაა საჭირო.
სხდომის დაწყება
● სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. „ქართული ოცნების“ პოზიციას სასამართლოში არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი იცავენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ანა წითლიძე, ხატია დეკანოიძე და იურისტი ზაზა ბიბილაშვილი წარმოადგენდნენ, „კოალიციას“ – ნიკა გვარამია, „ლელოს“ – ბადრი ჯაფარიძე, გიორგი სიორიძე და ადვოკატები, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – ბერდია სიჭინავა.
● „ფედერალისტები“ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. პარტია მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

● „კოალიცია ცვლილებისთვის“ ორი ლიდერი, ნიკა მელია და ელენე ხოშტარია, პროცესს ციხიდან ადევნებენ თვალს. მელია იმ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს, რომლის დასკვნაც ახლა სარჩელის მთავარი საფუძველია.
● სხდომათა დარბაზში კამერით მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუშვეს. დანარჩენი მედია სხდომას სასამართლოს YouTube არხით ადევნებდა თვალს. აქამდე საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთი იყო, სადაც საერთო სასამართლოებში მოქმედი გადაღების აკრძალვა არ ვრცელდებოდა.
მოსამართლეების აცილება და „კლანი“
● სხდომა მოსამართლეების აცილების მოთხოვნით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ანა წითლიძემ პლენუმის შვიდივე წევრის აცილება მოითხოვა. მან თითოეული მოსამართლის ბიოგრაფია წაიკითხა და თქვა, რომ ეს შემადგენლობა ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი.
● წითლიძემ პარტიების აკრძალვა უწოდა „კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“.
სხდომის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მას პირველივე წუთებიდან შენიშვნა მისცა:
„პოლიტიკური შეფასებები გააკეთეთ სხვაგან, აქ არის სასამართლო სხდომის დარბაზი, სადაც მოქმედებს თავის წესები, რეგლამენტი და კანონი. შეფასებებში თავისუფალი ხართ, ოღონდ სხვაგან“.
● წითლიძემ თავად ნადარაიას „სასამართლო კლანის“ წარმომადგენელი უწოდა.
ნადარაიამ უპასუხა: „კლანი და ასეთი ტერმინები, გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, გნებავთ ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ, ასეთი შეურაცხმყოფელი ეპითეტები, თქვენ ბრძანდებით წარმომადგენელი და უნდა წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია სამართლებრივი დასაბუთებით და როცა ლაპარაკობთ ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ამას სასამართლო არ მიიღებს. უნდა გადავიდე გაფრთხილებაზე, მომიწევს დაგატოვებინოთ დარბაზი“.
წითლიძემ შემდეგ სიტყვა „კლანი“ სხვა სიტყვებით ჩაანაცვლა.
● „კლანის წევრად“ წითლიძემ მოსამართლე ევა გოცირიძეც დაასახელა.
მან გაიხსენა, რომ გოცირიძე 2017 წელს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აირჩია და რომ მან „აგენტების კანონში“ კონსტიტუციასთან შეუსაბამობა ვერ დაინახა. მოსამართლე ვასილ როინიშვილის შემთხვევაში კი წითლიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ის 2008-2009 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.
● „ლელომ“ სამი მოსამართლის აცილება მოითხოვა. პარტიის ადვოკატის კახი სამხარაძის თქმით, როინიშვილი სერჟანტ როინ შავაძის საქმეში ზემდგომი პროკურორი იყო. გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი კი 24 სექტემბერს სარჩელის შეტანიდან სამ დღეში დაინიშნენ.
სამხარაძის შეფასებით, ამ დანიშვნებით მოსარჩელე პოლიტიკურმა ჯგუფმა სასამართლოზე სრული გავლენა მოიპოვა. აცილების მოთხოვნას „კოალიცია ცვლილებისთვის“ შეუერთდა, „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არ დაუფიქსირებია.
● პლენუმმა აცილების ყველა მოთხოვნა უარყო. ნადარაიას განმარტებით, მოსამართლის ბიოგრაფია ან განვლილი გზა, რომელიც ვინმეს არ მოსწონს, აცილების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს.
მან ასევე გაიხსენა, რომ პლენუმმა მანანა კობახიძის თვითაცილებაც არ დააკმაყოფილა, და ამ გადაწყვეტილებას „მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილება“ უწოდა.
● იმავე საღამოს გამოქვეყნდა მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე. პლენუმმა 9 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მოსამართლე მანანა კობახიძეს, თვითაცილებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც კობახიძემ სასამართლო დატოვა.
გოცირიძე წერს, რომ კობახიძის პარტიული წარსული მისი მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვის ობიექტურ საფუძველს ქმნიდა: „თუმცა, ვფიქრობ, რომ შუამდგომლობაზე დათანხმება მაინც უფრო სწორი ნაბიჯი იქნებოდა“.
„ერთი პარტია, ერთი პროცესი“
● სასამართლომ არ დააკმაყოფილა „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, რომ მისი საქმე დანარჩენი ოთხი პარტიისგან ცალკე განხილულიყო. პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა „ერთი პოლიტიკური პარტია, ერთი პროცესი“ პრინციპს ითხოვდა.
პარტიამ ორი არგუმენტი მოიყვანა. ორივე ბერდია სიჭინავამ 20 ოქტომბრის ბრიფინგზე გააჟღერა, სხდომის წინა დღეს: სამართლებრივი: თითოეული პარტიის კონსტიტუციურობა ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს. სიჭინავას თქმით, ეს „მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია“, რომელიც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს. და პოლიტიკური – „გახარია საქართველოსთვის“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტშია და მანდატებზე უარი არ უთქვამს. სიჭინავას თქმით, მისი სარჩელში შეყვანა თავად ანგრევს „ქართული ოცნების“ ნარატივს, თითქოს ის მხოლოდ ე.წ. ბოიკოტისტებს კრძალავს. მისივე შეფასებით, ეს „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა.
ნადარაიას განმარტებით, გადაწყვეტილება თითოეული მოპასუხის მიმართ ყველა შემთხვევაში მხოლოდ მასთან დაკავშირებულ ფაქტებს დაეყრდნობა. მტკიცებულებების სიმწირის შემთხვევაში კი კანონი ნეგატიური გადაწყვეტილების გამოტანას არ დაუშვებს.
მოწმეები: სააკაშვილიდან ივანიშვილამდე
● „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოწმედ დაკითხვა მოითხოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისთვის. ორივე პატიმრობაშია. იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა თქვა, რომ სარჩელი მთლიანად წულუკიანის კომისიაში მიცემულ ჩვენებებს ეყრდნობა, მოპასუხეებს კი ამ ფაქტებზე პირველადი ცოდნა არ აქვთ:
„თუ სასამართლოს სურს, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
● „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე მოითხოვა ბიძინა ივანიშვილისა და იმ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა, რომლებიც ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მუშაობდნენ.
სიაში იყვნენ გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გეკა გელაძე, ზურაბ პატარაძე და დავით სონღულაშვილი. წითლიძის თქმით, თუ პარტიას „სისტემური დანაშაულისთვის“ კრძალავენ, ამ ადამიანებმა უნდა უპასუხონ, მართლა სისტემური იყო თუ არა დანაშაული.
ნადარაიამ განმარტა: „პლენუმმა ვერ დაინახა კონკრეტული შემხებლობა საქმესთან დაკავშირებით, სარჩელთან დაკავშირებით, თუ რას დაადასტურებენ ეს მოწმეები“.
● ხატია დეკანოიძე ივანიშვილის დაბარების შუამდგომლობის დასაბუთებისას დარბაზიდან გააძევეს.
მისი თქმით, ივანიშვილი ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს და საქართველოს რუსეთთან აახლოებს. ნადარაიამ რამდენჯერმე გააფრთხილა. დეკანოიძემ ჰკითხა: „რატომ, რუსეთზე რომ ვლაპარაკობ?“ ნადარაიამ უპასუხა: „რა შუაშია, ნუ მანიპულირებთ ამ რუსეთით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, ერთი წინადადებაც ვერ გავიგე სამართლებრივი დასაბუთება, რის გამო აპირებთ მოწმის სახით პიროვნების მოყვანას“. შემდეგ მანდატურს დეკანოიძის გაყვანა სთხოვა.
წულუკიანის კომისიის დასკვნა: სარჩელის მთავარი საფუძველი
● დღის მეორე ნახევარი თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის დასკვნას დაეთმო. კომისია „ქართული ოცნების“ პარლამენტში 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ 2003-2012 წლების მმართველობის შესასწავლად. ოპოზიცია კომისიას, ისევე როგორც პარლამენტს, არალეგიტიმურად მიიჩნევს. მასზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააპატიმრეს. „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი სწორედ ამ დასკვნიდან გამომდინარე შეიტანა, ხოლო თავად დასკვნა სარჩელს თან ერთვის.
● „კოალიცია ცვლილებისთვის“ დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღება მოითხოვა. ნიკა გვარამიას თქმით, სარჩელის 95% ამ დასკვნას ეყრდნობა, კომისია კი კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა. კონსტიტუციით, ასეთი კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიცია უნდა იყოს. გვარამიას შეფასებით, თუ ეს პირობა ვერ სრულდება, კომისია ვერ შეიქმნება.
● შუამდგომლობის წარდგენისას გვარამიასა და ნადარაიას შორის კამათი გაიმართა. ნადარაიამ გვარამიას პოლიტიკური შეფასებების გამო შენიშვნა მისცა.
გვარამიამ უპასუხა: „საერთო სასამართლოები მემგონი თქვენ გგონიათ, ბატონო მოსამართლევ, ეს არ არის საერთო სასამართლო, ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია“. ნადარაიამ ჩაქუჩის ხსენებაზე უპასუხა: „მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ, თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, ჩაქუჩი საერთოდ არ გამომიყენებია“. გვარამია ითხოვდა, აეხსნათ, რა თქვა არაკორექტული. ნადარაიამ უარი თქვა: „არა, არა, თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა“.
● „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ კომისია კანონის დაცვით შეიქმნა, რადგან მასში ჩართვა ყველა საპარლამენტო ჯგუფს შეეძლო: „მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს დასკვნაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით და არა დასკვნის შინაარსთან, რომელიც მთლიანად ამ ფაქტებს მოიცავს“.
● „ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ ვერ გაიგეს, სარჩელში მოყვანილი „ვითომ მტკიცებულებები“ ვის რა მიემართება. ამის შემდეგ მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელეს მოუწოდა, დააზუსტოს, რომელ პარტიას რომელი ფაქტი მიემართება.
მაგალითად, უნდა შეერაცხოს თუ არა 2003-2012 წლების ფაქტები დანარჩენ ოთხ პარტიას. მისი თქმით, „აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება“.
● რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ პლენუმმა წულუკიანის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღებაზე უარი თქვა.
სასამართლოს გარეთ
● განხილვის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სასამართლოს პერიმეტრზე პოლიცია იყო მობილიზებული.
● 19 არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ISFED-მა, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, GYLA-მ და IDFI-მ, ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მათი შეფასებით, სარჩელის განხილვა ავტოკრატიზაციის უმძიმესი ეტაპია. ორგანიზაციების თქმით, პარტიებმა, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ, 2024 წლის არჩევნებში ცესკოს ოფიციალური შედეგებით 784 830 ამომრჩევლის, თითქმის 38%-ის, მხარდაჭერა მიიღეს.
● გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კატრინ დეშაუერმა ბერლინში განაცხადა: „კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს“. მისი თქმით, გერმანია ამ შეშფოთებას ქართულ მხარეს გაუზიარებს.
● ევროპული ლიბერალური პარტია ALDE ევროკავშირს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ საპასუხისმგებლო პირებს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს.
● საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა: „დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების, დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის“.
მან გახარიას პარტიაც გააკრიტიკა, რომელმაც საქმის ცალკე განხილვა ითხოვა. ზურაბიშვილის თქმით, ეს პარტია „რაღაცნაირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომც მე კარგი ვარ, კარგი მონა ვარ და კიდევ დაგემონებით“.
● „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ ზურაბიშვილს უპასუხა და ურჩია, ლექსიკა გაასწოროს და „ღრუბლებიდან დაეშვას“.
შეფასებები სხდომის შემდეგ
● „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა თქვა, რომ განხილვა სამართლებრივი მიმართულებით იწყებს გადახრას და უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი.
● არჩილ გორდულაძის შეფასებით, ოპოზიციის ნხრიდან აკრძალვის შუამდგომლობები პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობა იყო.
“არ მოგცემთ ამ საქმის პოლიტიზირების უფლებას,” – ეს განცხადებები გუშინ სხდომაზე მოსამართლეებისგანაც ისმოდა პოლიტიკური ოპოზიციის მისამართით.
● ანა წითლიძემ თქვა, რომ პირველმა დღემ პროცესის ფორმალობა აჩვენა და გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული. „ლელოს“ წარმომადგენლის გიორგი სიორიძის შეფასებით, მოსამართლეები „დეზორგანიზებულები“ იყვნენ და მათი უარი „უსუსურად“ გამოიყურებოდა. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ოპოზიციას ბრალდებების ინდივიდუალიზაცია სჭირდება, რადგან „კოლექტიურ მოჩვენებაზე“ პასუხს ვერ გასცემს.