"ოცნება" წულუკიანის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე საკონსტიტუციოში სარჩელს უახლოეს მომავალში შეიტანს
წულუკიანის კომისია
“კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება” – “ქართულ ოცნებას” თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, პოლიტიკოსებისა და პარტიების საქმიანობის შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები შეაქვს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე აღნიშნა, “ოცნება” წულუკიანის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს “უახლოეს მომავალში” შეიტანს.
კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები” ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს. მისივე თქმით, ეს ადამიანები საერთოდ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას.
“რიგი ცვლილებები შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში. კერძოდ, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკური, თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. ამგვარი პირები არათუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა”, – განაცხადა კირცხალიამ.
გარდა ამისა, რეპრესიული ცვლილებები შეეხებათ პარტიებსაც. კერძოდ, მათ აეკრძალებათ, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირების პარტიულ სიებში შეყვანა, მათგან შემოწირულებების მიღება, “წინააღმდეგ შემთხვევაში”, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.
“ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედები პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულებებს. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ წესით დაჯარიმებას”, – განაცხადა კირცხალიამ.
დროებითი საგამოძიებო კომისია “ქართული ოცნების” პარლამენტში 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა. კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შესწავლაა. კომისიას “ქართული ოცნების” დეპუტატი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.
კომისია სხდომაზე იბარებდა პოლიტიკოსებს და მათ დაკითხვას პირდაპირ ეთერში გადასცემდა. მის წინააღმდეგ, ვინც კომისიაზე არ მივიდა, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით (349-ე მუხლი).
“საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა” ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ამავე დროს, ასეთ პირებს ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება სამ წლამდე ვადით.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ერთ თვეში ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი გაუშვა ციხეში. ყველა მათგანს პარლამენტში შექმნილ “ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობას ედავებიან. ამ კომისიას, ისევე როგორც პარლამენტს, ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ აღიარებს.