ვახო სანაია 30 დღით დააპატიმრეს ფეისბუქპოსტის გამო. რეაქციები
ვახო სანაიას პატიმრობა ფეისბუკპოსტის გამო
ივლისის შემდეგ ეს „ფორმულას“ წამყვანის მესამე სასჯელია შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის ბრალდებით
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სამინისტრო სანაიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ (ლადო) ბოჟაძის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. საქმე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებსა და ერთ ვიდეოს ეხებოდა. ივლისის შემდეგ სანაიას მსგავსი ბრალდებით უკვე მესამედ დააკისრეს სასჯელი, მათ შორის მეორედ პატიმრობა.

სანაია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.
პოლიციამ ჟურნალისტი საკუთარ სახლთან დააკავა.
„ჩემი დაკავების მთავარი მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს. ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, თქვა სანაიამ დაკავებისას.
რისთვის დასაჯეს სანაია ამჯერად
ერთ-ერთი პოსტი სანაიამ 22 ივლისს, წინა პატიმრობამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა: „14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“. პოსტს სიცილის ემოჯიები ერთვოდა.
- ჟურნალისტ ვახო სანაიას ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდეს Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო
- Facebook პოსტის გამო საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გაუშვეს პატიმრობაში – ექიმი გიორგი ახობაძე
- შსს-ში ამოქმედდა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო
- აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების“ გამო
- დეპუტატ ნინო წილოსანის პოსტზე კომენტარისთვის ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმეს
მეორე პოსტი 5 აგვისტოს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა:
„მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
სასამართლომ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეოც განიხილა. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს „ხო და შალვა“, რასაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ამოჭრილი ვიდეოკადრი მოსდევს, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი უცენზურო ფრაზას წარმოთქვამს.
ჯარიმიდან პატიმრობამდე
სანაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლით გაასამართლეს, რაც კრძალავს თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შევიწროებას მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო. სანქცია ორი ათას 500 ლარიდან 6 ათას ლარამდე ჯარიმას ან ხუთიდან დან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. არნიშნული მუხლი კოდექსს 2025 წლის თებერვალში დაჩქარებული წესით დაემატა.
სანაიას პირველი საქმე 10 ივლისს დასრულდა.
მოსამართლე ქოჩქიანმა ჟურნალისტს 6 ათასი ლარი დააკისრა პოსტისთვის, რომელშიც ის სარკასტულად მოუწოდებდა, ბოჟაძისთვის უცენზურო სიტყვა არ დაეძახათ. ჯარიმის შემდეგ ჟურნალისტმა მსგავსი შინაარსის ახალი პოსტი დაწერა. 22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ორივე საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ წამოიწყო. სამმართველო ივნისში შეიქმნა საჯარო სივრცისა და სოციალური ქსელების მონიტორინგისთვის. Civil.ge-ის ცნობით, ის სასამართლოს ხშირად ისე მიმართავს, რომ „შეურაცხყოფილი“ პირისგან მოთხოვნა არ აქვს. სამმართველოს ოქმებით ათობით ადამიანი დაჯარიმდა ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში აღმოჩნდა.
ბოჟაძე პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, თუმცა 2025 წლიდან პარტია „ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენს.
სანაია პოსტების გამო დასჯამდეც იყო დაკავებული. 2025 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე აქციის დროს „გზის გადაკეტვისთვის“ მას 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
რეაქციები
ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა, რომელსაც სანაიას საქმეზე ჰკითხეს, თქვა:
„ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განაჩენი უსამართლოდ შეაფასა. ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლება კანონმდებლობასა და სასამართლოს კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის შესაზღუდად იყენებს.
„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და შემდგომ უკვე ამ ცვლილებების აღსრულების პრაქტიკით, უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე“, წერს ქარტია.
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ერთი და იმავე ჟურნალისტის წინააღმდეგ მესამე საქმე კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის ტენდენციაზე მიუთითებს.
კოალიციამ სოლიდარობა „ფორმულას“ გუნდსაც გამოუცხადა.
„პენ საქართველომ“ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა. „ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს ხელისუფლების კრიტიკისთვის აპატიმრებენ, ხოლო თავისუფალი სიტყვა დასჯის საფუძვლად იქცევა, დემოკრატია აღარ არსებობს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სანაია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხილებისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო ისჯება.
რას ამბობს პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საჯარო სივრცეში უხამსობა დაუშვებელია და ამისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
„არანაირი კავშირი აზრის გამოხატვასთან, უხამსობას არ აქვს და ის არ არის დაცული აზრის გამოხატვის თავისუფლებით“, განაცხადა მან.
მისივე თქმით, კონკრეტულ საქმეებს თვალს არ ადევნებს. პაპუაშვილის განმარტებით, შსს-ის სამმართველო „ავტომატურ რეჟიმში“ მუშაობს და ადრესატები გადაწყვეტილების შესახებ ხშირად პოსტფაქტუმ იგებენ.
მან გერმანიის მაგალითსაც შეეხო და თქვა, რომ იქ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი დევნაა შესაძლებელი, მათ შორის კანცლერის პირადი საჩივრით.
პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩიც ახსენა. მისი თქმით, ელჩი თავად უჭერს მხარს სიძულვილს, ამიტომ ზოგს „ცდუნება აქვს“, ელჩს თავი მოაწონოს:
„თუ მას ყოფნის ეს სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“, თქვა პაპუაშვილმა სანაიაზე.