რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
ევროპარლამენტის რეზოლუცია
8 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი (რიგით მეშვიდე) კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამჯერად “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობებს შეეხება.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას.
ამასთან, ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტი კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” ქმედებების გამო საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მცირდება დემოკრატია, მედიის თავისუფლება, ილახება ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც სულ უფრო შეუთავსებელია ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან, კოპენჰაგენის კრიტერიუმების ჩათვლით.
რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ კონრად ადენაუროსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები იძულებულნი გახდნენ დაეხურათ თბილისის ოფისები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე მათი პროექტის დაფინანსების განაცხადები უარყო.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავაა ნახსენები საქართველოში იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც აშუქებდნენ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი:
- მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას; ხაზს უსვამს, რომ ფუნქციონირებადი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის შეუცვლელი საყრდენია და რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო მექანიზმებით აღმოფხვრა შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ასუსტებს რეჟიმის წინა ნარატივს, თითქოს ის მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფ“ პარტიებს უმიზნებდა;
- მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას და მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, აგრეთვე პოლიტიკურად მოტივირებული „დივერსიის“ ბრალდებების მოხსნას;
- მოითხოვს იმ დებულებების გაუქმებას, რომლებიც აწესებს არაპროპორციულ შეზღუდვებს აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პარტიებსა და პირებზე; გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადო გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; მოითხოვს დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლა;
- წუხილს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი ნაკლებობის გამო, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალური შედეგები საქართველოში მუდმივად მძიმედ მზარდი ვითარების ფონზე; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მოთხოვნას მიზნობრივი სანქციებისა და ვიზებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ;
- კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ; იხსენებს თავის მუდმივ გაფრთხილებებს იმის შესახებ, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვისებისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ რაიმე სახის სვლას;
- ავალებს თავის პრეზიდენტს, გადასცეს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.
ევროპარლამენტის რეზოლუციების ისტორია დღემდე
ევროპარლამენტმა 2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების შესახებ ექვსი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტებში ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
პირველი კრიტიკული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 2024 წლის 9 ოქტომბერს მიიღო და ის საქართველოში „დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეებს“ ეხებოდა. დოკუმენტში კრიტიკა შეეხო ე.წ. „აგენტების კანონს“, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ ზეწოლას და ხელისუფლების რიტორიკას. ევროპარლამენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს საფრთხეს უქმნიდა.
მეორე რეზოლუცია 2024 წლის 28 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღეს. დოკუმენტი ეხებოდა „საქართველოს გაუარესებულ დემოკრატიულ კრიზისს, ბოლო საპარლამენტო არჩევნებსა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბებას“. ევროპარლამენტმა გააკრიტიკა არჩევნების მიმდინარეობა, მიუთითა ამომრჩევლებზე ზეწოლის, ხმის მიცემის პროცესის მანიპულაციისა და სხვა დარღვევების შესახებ და მოითხოვა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. რეზოლუციას მხარი 444 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა თავი შეიკავა.
მესამე რეზოლუცია 2025 წლის 13 თებერვალს მიიღეს და ის საქართველოში პოლიტიკური ვითარების „შემდგომ გაუარესებას“ ეხებოდა. ევროპარლამენტმა დაგმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები და მოითხოვა პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ახალი არჩევნების გზით. დოკუმენტში ასევე საუბარი იყო დაკავებულ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ.
მეოთხე რეზოლუცია 2025 წლის 19 ივნისს მიიღეს და მისი მთავარი თემა საქართველოში მედიის თავისუფლება და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე იყო. ევროპარლამენტმა ამაღლობელის დაკავება და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე გააკრიტიკა და დოკუმენტში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მედიისა და კრიტიკული ხმების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც მიუთითა.
მეხუთე რეზოლუცია 2025 წლის 9 ივლისს მიიღეს. ის ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ 2023 და 2024 წლების ანგარიშებს ეხებოდა. ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. რეზოლუციას მხარი 490 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 147, ხოლო 49-მა თავი შეიკავა.
მეექვსე რეზოლუცია ევროპარლამენტმა 2026 წლის 12 მარტს მიიღო და ის ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას საქმესა და საქართველოში პოლიტიკურ პატიმრებს ეხებოდა. დოკუმენტში ევროპარლამენტმა გააკრიტიკა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები და პრაქტიკა განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება.