გაეროში უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელსაც საქართველოც შეუერთდა
უკრაინის მხარდამჭერი განცხადება
გაეროს 51-მა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი და რუსეთს მოუწოდა, დათანხმდეს სრულ ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. განცხადება ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა წაიკითხა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი ქვეყნები უკრაინის სოლიდარობას უცხადებენ და რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კიევს მშვიდობის მისაღწევად მხარდაჭერას უცხადებენ.
„უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ მშვიდობა გვსურს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და არსებითად ჩაერთოს მოლაპარაკებებში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნები ასევე მოითხოვენ შავ ზღვაში ნაოსნობისა და კომერციული მიმოსვლის თავისუფლების დაცვას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინული მარცვლეულის შეუფერხებელ ექსპორტს. მათი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
განცხადების ხელმომწერები რუსეთს ასევე მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დააბრუნოს ყველა უკანონოდ დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. მოწოდება ასევე ეხება სამხედრო ტყვეებსა და ინტერნირებულ პირებს.
უკრაინის საკითხზე ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც მიიღო მონაწილეობა. ის ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტს – „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“ – დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანა თავად განიცდის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შედეგებს.
„საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, – განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია კვლავ გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მან ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი უკრაინის საკითხის მიმართ საერთაშორისო ყურადღების შენარჩუნებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.
ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევას, რომელიც გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეფუძნება.
„საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო ფორმატია, რომელიც ყოველწლიურად იმართება.