მოსაზრება: რატომ აქვს რუსეთს უფლება, აფხაზეთიდან სტუდენტები ჯარში გაიწვიოს?
აფხაზი სტუდენტების რუსეთის ჯარში გაწვევის შესახებ
აფხაზმა სკოლის მასწავლებელმა, იურისტმა და ბლოგერმა საიდ ბეიამ სცადა გაერკვია, რა საფუძველი აქვს რუსეთს, რუსეთში სასწავლებლად მყოფი აფხაზი სტუდენტები რუსეთის არმიაში გაიწვიოს.

საიდ ბეია: „ბოლო პერიოდში საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან მოლაპარაკებას ცდილობს, რათა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩვენი სტუდენტები რუსეთში სამხედრო აღრიცხვაზე არ დააყენონ.
ბევრი კითხულობს: „ეს საერთოდ როგორ არის შესაძლებელი? ჩვენ ხომ საკუთარ ქვეყანაში ვიმყოფებით სამხედრო აღრიცხვაზე!“
მოდი, საკითხის სამართლებრივი მხარე განვიხილოთ და გავარკვიოთ, კონკრეტულად სად არის დაშვებული შეცდომა.
რა საფუძველი აქვს ამას?
პასპორტებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ შეთანხმება. დოკუმენტს აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა 2022 წლის 19 სექტემბერს სოხუმში მოაწერეს ხელი. რატიფიცირების ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ შეთანხმება სრულად ამოქმედდა 2025 წლის 25 აპრილს.
პრობლემის მთავარი საფუძველი ამ შეთანხმების მე-5 მუხლში უნდა ვეძებოთ. მასში პირდაპირ წერია:
„ორივე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც გაწვევის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობენ.“
შეთანხმება იცავს მათ, ვისაც უკვე აქვს სამხედრო სამსახური გავლილი აფხაზეთში: მათი რუსეთში გაწვევა დაუშვებელია. მაგრამ თუ ახალგაზრდა ჯერ არ მსახურობს აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში და რუსეთში სასწავლებლად წავიდა, ის ამ ნორმის მოქმედების ქვეშ ექცევა.
რატომ აქვს რუსეთს ამის უფლება?
რუსეთის ხელისუფლებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის პასპორტის ნებისმიერი მფლობელი მხოლოდ რუსეთის მოქალაქედ ითვლება. რუსეთის სამხედრო კომისარიატისთვის აფხაზური პასპორტის არსებობა არგუმენტს არ წარმოადგენს.
რუსეთის კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ მიხედვით, რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ახალ საცხოვრებელ ადგილზე სამ თვეზე მეტი ვადით ჩადის, ვალდებულია ადგილობრივ სამხედრო აღრიცხვაზე დადგეს.
სწავლის მიზნით ჩასვლისას სტუდენტები რამდენიმე წლით დროებით რეგისტრირდებიან საერთო საცხოვრებლებში ან ბინებში. რუსული მხარე ამას ცალსახად განმარტავს: თუ ახალგაზრდა რუსეთში ცხოვრობს და სწავლობს, ეს, შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად, მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილია – ანუ რუსეთი. შესაბამისად, სამხედრო კომისარიატს აქვს უფლება, მას გამოცხადება მოსთხოვოს და სამხედრო სამსახურში გაიწვიოს, თუ მას სწავლის გამო გადავადება არ აქვს.
რატომ არ გაითვალისწინა ეს საკითხი აფხაზურმა მხარემ 2022 წელს?
დღეს ეს მთავარი კითხვაა აფხაზი დიპლომატებისა და იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც 2022 წელს დოკუმენტის მომზადებასა და ხელმოწერაში მონაწილეობდნენ.
აშკარაა სერიოზული სამართლებრივი ხარვეზი:
უმნიშვნელოვანესი დათქმის არარსებობა: შეთანხმების მე-5 მუხლში არ არის გათვალისწინებული საკვანძო ჩანაწერი: „…გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებით, განათლების მიღების მიზნით იმყოფებიან“.
ეს ჩანაწერი რომ ყოფილიყო, რუსულ სამხედრო კომისარიატებს აფხაზი სტუდენტების მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდათ.
შეჯამება
2022 წელს ჩვენმა უწყებებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას და ყურადღების მიღმა დარჩა რიგი სამართლებრივი ნიუანსები.
წლების შემდეგ, როდესაც სტუდენტებისგან რუსეთში სამხედრო აღრიცხვაზე დადგომას მასობრივად ითხოვდენ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, პრეზიდენტთან საგანგებო შეხვედრები გამართოს და მოსკოვთან შეთანხმების პირობების გადახედვას შეეცადოს.
სანამ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სამწუხაროდ, რუსეთში დროებითი რეგისტრაციის მქონე სტუდენტების მიმართ რუსული სამხედრო კომისარიატების მოთხოვნები კანონიერად რჩება.
ამ ეტაპზე ახალგაზრდებისთვის ერთადერთი გამოსავალია რუსეთში სწავლის საფუძველზე კანონით გათვალისწინებული გადავადების დროულად გაფორმება.“
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას