რუსეთთან ურთიერთობის ახალი ინტერპრეტაცია? როგორ ისწავლიან ისტორიას საქართველოს სკოლებში
საქართველოს ისტორიის ახალი წიგნი
2026 წლის სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, საქართველოს ისტორიას ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
მე-10 კლასში – საშუალო საფეხურზე, საქართველოს ისტორიის წიგნი უკვე შეიცვალა. სასწავლო წელი ისე დაიწყო, რომ ისტორიის მასწავლებლებს ის ნანახი და დამუშავებული არ ჰქონდათ. განათლების სამინისტრომ ახალი სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი სწავლის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე, 11 სექტემბერს გამოაქვეყნა.
- “რუსეთთან დაახლოებული საქართველო და ტრამპ თაუერი თბილისში“ – WSJ-ის სტატია
- სიმონიანის და სოლოვიოვის “შეურაცხყოფის” გამო შსს-მ ქართველ ბლოგერზე საქმე აღძრა
- „ოკუპაცია გაუქმდა“ — РИА Новости-მ კობახიძის განცხადებებს სტატია მიუძღვნა
გამოქვეყნებისთანავე ისტორიის წიგნი დიდი განხილვის საგანი გახდა. ისტორიკოსები წერენ, რომ სახელმძღვანელო სავსეა ფაქტობრივი შეცდომებით, გაურკვეველი შინაარსობრივი პასაჟებით და გამიზნულად გამრუდებული შეფასებებით.
კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ისტორიული მოვლენების სადავო ინტერპრეტაციებია. ეს, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნაწილში ჩანს.
როგორია საქართველოს ისტორიის ახალი წიგნი?
ეს ახალი სახელმძღვანელოს ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია. წიგნში 185 გვერდია. გარეკანზე მეფეების – დავით აღმაშენებლისა და თამარის ილუსტრაციაა – საქართველოს ისტორიის “ოქროს ხანის” მონარქები.
სახელმძღვანელო აგებულია პრინციპით – “პიროვნება ისტორიაში”. ისტორიული პროცესები კონკრეტული ისტორიული პიროვნებების საშუალებით არის წარმოდგენილი და არა ქრონოლოგიურად.

“ალბათ ერთხელ მაინც დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა: პიროვნებები ქმნიან ისტორიას თუ ისტორია აყალიბებს პიროვნებებს?
რატომ ახსოვს ისტორიას ზოგიერთი ადამიანი საუკუნეების განმავლობაში, ზოგი კი დავიწყებას ეძლევა?
ჩვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია მჭიდროდ უკავშირდება გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ქართული სახელმწიფოებისა და ეროვნული ერთიანობის განვითარებაში”, – ვკითხულობთ წიგნის პირველივე თავში.
წიგნი ძველი წელთ აღრიცხვის IV-III საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ფარნავაზ მეფით იწყება და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობით მთავრდება.
თითოეულ გაკვეთილს ბოლოში მოსდევს წყაროები, კითხვები და დავალებები. ზოგან არის ბლოკი – “მეცნიერის თვალსაზრისი” და ამა თუ იმ მოვლენის შესახებ შეფასებაა მოცემული.
დასაწყის გვერდზე დატანილია QR კოდი, რომლის დასკანერებისასაც მობილურ ტელეფონში საქართველოს ჰიმნი ირთვება.
რას ამბობენ ახალ სახელმძღვანელოზე ისტორიკოსები
უკვე რამდენიმე დღეა ისტორიკოსები გულმოდგინედ სწავლობენ საქართველოს ისტორიის ახალ წიგნს. დაიწერა ბევრი კომენტარი. რამდენიმე სერიოზული რეცენზიაც. შეფასებები ძალიან კრიტიკულია.
ისტორიკოსები წერენ, რომ სახელმძღვანელო სავსეა ფაქტობრივი შეცდომებით, უზუსტობებით, პრობლემურია მოყვანილი ისტორიული წყაროები,
“ავტორები სათანადოდ არ იყენებენ უახლეს კვლევებსა და ახალ წყაროებს და ხშირად ეყრდნობიან ათწლეულების წინ დამკვიდრებულ ისტორიოგრაფიულ წარმოდგენებს“, – წერს ძალიან მკაცრ და ვრცელ რეცენზიაში ისტორიკოსი შოთა მათითაიშვილი.
უახლესი ისტორიის მკვლევრის, ისტორიკოს გიორგი არქანიას შეფასებით, ახალი სახელმძღვანელო კონსპექტს გავს, რომელშიც გაკვეთილებს შორის ლოგიკური ბმა არ ჩანს.
მისი შეფასებით, წიგნში მოცემული დავალებები არ არის გათვლილი მოსწავლეების სააზროვნო უნარების დახვეწაზე, გაუმჯობესებაზე, დისკუსიაზე, ალტერნატიული აზრების წამოჭრაზე.
მასალა ვერ ამყარებს წიგნის გაცხადებულ კონცეფციას – შეისწავლოს მოსწავლემ ისტორია პიროვნებების საშუალებით. რადგან, წიგნში ბიოგრაფიები მექანიკურად არის მოცემული. ანალიზის საშუალებას არ იძლევა.
შოთა მათითაიშვილის შეფასებით, პიროვნება ისტორიაში“ პრინციპის მიუხედავად, სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურები გამოტოვებულია. ასეთი ქრონოლოგიური ნახტომები კი მოსწავლეს ისტორიული პროცესის აღქმას ურთულებს.
“მოსწავლეები ბევრს სწავლობენ იმის შესახებ, ვინ უნდა მივიჩნიოთ საქართველოს ისტორიის შემქმნელად. გაცილებით ნაკლებს – რატომ განვითარდა ისტორია ამგვარად. და კიდევ უფრო ნაკლებს – როგორ ვიგებთ, ვაანალიზებთ და ვკამათობთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს ისტორია”, – დაწერა თავის მოკლე რეცენზიაში პროფესორმა ოლივერ რაისნერმა
იგი ამბობს, რომ დემოკრატიულ მოქალაქეობაზე ორიენტირებული ისტორიის სწავლება მოსწავლეს მხოლოდ ეროვნული წარსულის ავტორიტეტული ინტერპრეტაციების ათვისებას არ უნდა სთავაზობდეს:
“უნდა ასწავლიდეს, როგორ იქმნება ისტორიული ცოდნა, როგორ უნდა შეადაროს ერთმანეთს წინააღმდეგობრივი წყაროები და ინტერპრეტაციები და როგორ ჩამოაყალიბოს საკუთარი, არგუმენტირებული ისტორიული მსჯელობა”.
გიორგი სააკაძე, უპირობო გმირი თუ წინააღმდეგობრივი ფიგურა? – რატომ არ ტოვებს სახელმძღვანელო კრიტიკული მსჯელობისთვის ადგილს
გიორგი არქანიას სახელმძღვანელოს პრობლემური ნაწილებიდან უკვე ბევრი დეტალი აქვს მონიშნული. მაგალითად, XVII საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, გიორგი სააკაძის შესახებ ნაწილი.
არქანიას შეფასებით, სახელმძღვანელო გიორგი სააკაძეს ცალსახად დადებითად წარმოაჩენს, გმირად, ისე, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში. მაშინ, როდესაც სინამდვილეში ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურაა. მაგალითად, კახეთის აოხრებისა და ქართველების გადასახლების პერიოდში, გიორგი სააკაძე შაჰ-აბასის ერთ-ერთი მრჩეველი იყო და სამხედრო ოპერაციებს უგეგმავდა.
“ამიტომ, გიორგი სააკაძის შესახებ, ორივე პოზიცია უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი და მოსწავლეებს თავად ემსჯელათ – რა როლი უნდა მივაკუთვნოთ მას თანამედროვე სახელმწიფოში”, – ამბობს ისტორიკოსი.
ასეთი დეტალების გამო წერს ზოგი ისტორიკოსი, რომ ისტორიის წიგნის ზოგი ნაწილი სადღეგრძელოს გავს – ამბავს ლეგენდარულ ისტიორიულ პიროვნებაზე.
“სახელმძღვანელო მოსწავლეს არ ასწავლის ისტორიის, როგორც მეცნიერების, მთავარ პრინციპს – წყაროს მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას”, – წერს რეცენზიაში შოთა მათითაიშვილი.
ის ავტორებს აკრიტიკებს იმის გამოც, რომ ისინი არ იყენებენ უახლეს კვლევებსა და ახალ წყაროებს და ხშირად ეყრდნობიან ათწლეულების წინ დამკვიდრებულ ისტორიოგრაფიულ წარმოდგენებს.

მაგალითად, მეფე ვახტანგ გორგასლის შესახებ ერთ-ერთ წყაროში ვკითხულობთ:
„იმ დროს იყო ვახტანგი წლისა ოცდაორისა. და იყო ყველა მეფეთა მისთა უმჯობესი. და უმშვენიერესი სახითა და ძლიერი ძალითა, ისე ,რომ ქვითკირით ქმნილს შენობას, რკინის დასარტყმელსა და დაიჭერდა, და ქართულ ცხენს მხრებზე აიღებდა და მცხეთიდან არმაზის ციხეზე ავიდოდა“.
სადღგრძელო – ასე შეაფასა ეს მონაკვეთი ისტორიკოსმა გიორგი ასტამაძემ. სადღეგრძელო, მასაც და სხვებსაც, წიგნის კიდევ ბევრმა მონაკვეთმა მოაგონა.
საქართველო – რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემური ინტერპრეტაციები
გიორგი არქანიამ, მისი ინტერესების შესაბამისად, ერთი გაკვეთილი – „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები“ დეტალურად შეისწავლა. გაკვეთილს შვიდი გვერდი ეთმობა. ამ შვიდ გვერდზე ისტორიკოსმა, სულ ცოტა, ათი შეცდომა აღმოაჩინა.
მისი შეფასებით, ამ გაკვეთილში არასწორად არის წარმოჩენილი ორგანიზაცია „გორგასლიანის“ პროკლამაციის მთავარი სათქმელი.
„გორგასლიანი“ არალეგალური, იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო. ამ ირგანიზაციის წევრებს შორის იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვა ახალგაზრდები. მათ ეს ორგანიზაცია იმ დროს დააარსეს, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
სახელმძღვანელოში წერია, რომ ამ ორგანიზაციის წევრებმა „თბილისის ქუჩებში გააკრეს პროკლამაციები, რომლებშიც გმობდნენ საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში განხორციელებულ ძალადობას“.
სინამდვილეში, ისტორიკოსის განმარტებით, ამ როკლამაციით „გორგასლიანის“ წევრები ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ. შეახსენებდნენ 9 მარტის ტრაგედიას, 1924 და 1937 წლებს. მოუწოდებდნენ მოსკოვის დიქტატის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. საბჭოთა რეჟიმი კი მოხსენიებული იყო როგორც ოკუპანტი.
“ეს არის მთავარი იმ პროკლამაციაში. და, ამავე დროს, პროკლამაციის ავტორები ეხმიანებიან უნგრელ ხალხს, რომლებმაც იმ წელს მოინდომეს საბჭოთა გავლენისგან გათავისუფლება. ეს არის ქართველებისათვის მაგალითის დასახელება, რომ როგორც უნგრელებმა ამოიღეს ხმა, ისევე ქართველებმაც უნდა ამოიღონ ხმა საბჭოთა ხელისუფალთა წინააღმდეგ”.
პროკლამაციის ტექსტი სინამდვილეში:
„ქართველებო! ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ?… დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად… ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!“
ისტორიკოსი კიდევ ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას ჩამოგვითვლის. მაგალითად, გაკვეთილის მე-7 აბზაცში მხოლოდ მერაბ კოსტავას დაპატიმრებაზეა საუბარი: „მერაბ კოსტავა პირველად 1956 წელს დააპატიმრეს… მეორედ 1977 წელს დააპატიმრეს“.
არქანიას შეფასებით, ამგვარი თხრობა მოსწავლეს უქმნის წარმოდგენას, თითქოს საბჭოთა რეჟიმი ზვიად გამსახურდიას არ აპატიმრებდა.
მისივე თქმით, ახალ სახელმძღვანელოში საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე განვითარებული მოვლენები შეფასებულია როგორც “თბილისის ომი”.
“ანუ, პირდაპირ შეიარაღებული გზით სახელმწიფო გადატრიალება, საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის გაუქმება, კანონიერად გამოცხადებული პრეზიდენტის დამხობა, მოხსენიებულია როგორც – “თბილისის ომი”. სიტყვა „გადატრიალება“ საერთოდ არ არის ნახსენები. სხვათა შორის, ეს მოვლენა გადატრიალებად სახელმწიფო დონეზეა შეფასებული 2000-იან წლებში. ეს ხომ არ იყო მხოლოდ ზვიად გამსახურდიას დამხობა, ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობის დამხობა. ამ უდიდესი დანაშაულის შესახებ თვალების დახუჭვა და მოსწავლეებისთვის მისი დამახინჯებულად მიწოდება დანაშაულის ტოლფასია”, – ამბობს გიორგი არქანია.
ეს პერიოდი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დღემდე პოლიტიკურად სადავო ეპიზოდია. 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე თბილისში მიმდინარეობდა შეიარაღებული ბრძოლა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მათ ოფიციალური სამართლებრივი შეფასება მისცა, როგორც „ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას“.
საინტერესოა, რომ 2008 წლის „უახლესი ისტორიის“ სახელმძღვანელოში 1991–1992 წლების მოვლენები ასეა შეფასებული:
„1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში თბილისში სამხედრო ძალის გამოყენებით დაემხო კანონიერი ხელისუფლება. სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა სამოქალაქო დაპირისპირებას ქვეყანაში.“
გამომცემლობა „დიოგენეს“ 2012 წლის XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში კი მოვლენების აღწერა იწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამწვავებით, ხოლო შესაბამისი სასწავლო მასალა მთლიანად მოთავსებულია თემაში „სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში (1991–92).
“გეორგიევსკის ტრაქტატის” ახლებური გააზრება
ისტორიკოსმა გიორგი ასტამაძემ განსაკუთრებული ყურადღებით უახლეს პერიოდს, რუსეთთან დაკავშირებულ გაკვეთილებს გადაავლო თვალი – ერეკლე მეორის პერიოდს, “გეორგიევსკის ტრაქტატს”.
გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს, ახალი სტილით) ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო. ტრაქტატით ერეკლე II უარს ამბობდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე და რუსეთის იმპერატორის მფარველობას აღიარებდა, სანაცვლოდ კი რუსეთი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობის შენარჩუნებასა და სამხედრო დახმარებას კისრულობდა.
თუმცა რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შეასრულა: 1795 წელს, როდესაც აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთს შემოესია და თბილისი დაარბია, რუსეთის სამხედრო დახმარება დროულად არ აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთმა თავად დაარღვია ტრაქტატის პრინციპები – 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და რუსეთის იმპერიას შეუერთა.
სახელმძღვანელოში “გეორგიევსკის ტრაქტატზე” მშრალი ინფორმაციაა. ავტორები წერენ, რომ ერეკლე მეორე ამაოდ სთხოვდა დახმარებას ევროპელ მონარქებს. კავკასია მათვის შორეული რეგიონი იყო. ამიტომ, ერეკლე იძულებული გახდა რუსეთის იმპერიასთან ეძებნა კავშირი.
“1783 წლის 24 ივლისს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც, ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობას აღიარებდა, თუმცა ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობასა და ეკლესიის ავტოკეფალიას. შეთანხმების მიხედვით, საქართველოში რუსული ჯარიც უნდა მდგარიყო ქვეყნის დასაცავად“, – ამით მთავრდება გაკვეთილში ტრაქტატის თემა.
გაკვეთილის დამატებით ბლოკებში კი მოცემულია “მეცნიერის თვალსაზრისი”, სადაც ლიტერატურათმცოდნე გერონტი ქიქოძის მოსაზრებაა.
“გერონტი ქიქოძე ციტატაში აღნიშნავს, რომ ერეკლე სწორი ალღოთი იყო დაჯილდოებული. აქ იგულისხმება რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატი, რომლითაც, სინამდვილეში, ერეკლე ძალიან უკმაყოფილო იყო თავის სიცოცხლეში. აქ საინტერესოა ვინ იყო გერონტი ქიქოძე და რატომ უნდა იყოს მისი აზრი ამ თემაზე სასკოლო წიგნში? გერონტი ქიქოძე ისტორიკოსი საერთოდ არ ყოფილა, ლიტერატორი იყო, და შესაბამისად, პროფესიონალური შეფასების გაკეთებაზე პრეტენზია ვერ ექნებოდა”, – ამბობს გიორგი ასტამაძე.

ის იხსნებს გერონტი ქიქოძის კავშირებს ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან. მის მაღალ თანამდებობებს საოკუპაციო ხელისუფლებაში და და ამბობს, რომ “ასეთი ღიად კოლაბორაციონისტი ადამიანის შეფასებები ამ ეროვნულ საკითხზე ,არც კომპეტენციის თვალსაზრისით და არც მორალური კრიტერიუმებით, არაფერში წერია“.
“რეჟიმის მიერ საჯაროდ გაცხადებული პოზიცია, რომ რუსეთთან დაკავშირებამ გადაგვარჩინა თურმე, ოფიციალურად შეიტანეს სკოლის სახელმძღვანელოში და ეს გააკეთეს ლიტერატორ გერონტი ქიქოძის პირით, როგორც მეცნიერის თვალსაზრისი”, – ამბობს იგი.

საინტერესოა, რომ ისტორიის ძველ სახელმძღვანელოში გეორგიევსკის ტრაქტატზე მოყვანილი იყო ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის შეფასება. ჯავახიშვილი ამ ხელშეკრულებას ძალიან აკრიტიკებდა.
“1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის სახელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირე იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა”, – წერდა ისტორიკოსი .
სად არის 1918–1921 წლები?
წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში განხილვის თემა იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდი. გამოქვეყნებულ პირველ ნაწილში არ არის საუბარი 1918-1921 წლების მოვლენებზე – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება, მისი პოლიიტკური ლიდერები და შემდეგ, 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.
საქართველოს ისტორიის წინა სახელმძღვანელოებში, ეს პერიოდი დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან საკითხად იყო წარმოდგენილი.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ 1918–1921 წლები პროგრამიდან ამოიღეს? – არ ვიცით. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. დიდი ალბათობით, ეს ნაწილი წიგნის შემდეგ ნაწილებში მოხვდება. პირველი ნაწილის შესავალში წერია, რომ სახელმძღვანელო ოთხნაწილიანი იქნება.
“წესით და რიგით, სხვა ნაწილებში უნდა მოხვდეს პირველი რესპუბლიკის, საბჭოთა ოკუპაციის თემები. ზოგადად, საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა, რუსეთ-საქართველოს ომები, 2008 წლის ომი. ველოდებით. იმედია ავტორები ამ ნაწილებს ისე დაწერენ, რომ ეჭვებს გააქარწყლებენ და ფაქტობრივი თვალსაზრისითაც გამართავენ სახელმძღვანელოს“, – ამბობს გიორგი არქანია.
რამდენად ტოვებს სახელმძღვანელო ისტორიის “პარტიული ნარატივებით” წარმოჩენის შთაბეჭდილებას?
ახალი სახელმძღვანელოს ავტორები ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია და ალექსანდრე ბოშიშვილი არიან. სამუშია რეცენზენტია.
ჯაბა სამუშია და ალექსანდრე ბოშიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სივრციდან არიან. ჯაბა სამუშია, 2022 წლიდან, უნივერსიტეტის რექტორია.
გიორგი კალანდია სახელმწიფო კულტურულ ინსტიტუციას ხელმძღვანელობს. ის 2019 წლიედან აქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორია.
ამ კავშირების გამო ავტორებს, ზოგი ისტორიკოსი, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულ პირებად მიიჩნევს.
ეჭვებს, მათ მიკერძოებაზე, ამძაფრებს მათი შერჩევის წესიც. ავტორები სახელმწიფომ შეარჩია. როგორ – არ ვიცით.
“იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არ არის მიჩქმალული რაღაც საკითხები. თუმცა, სახელმძღვანელოს გაცნობის შემდეგ, ნამდვილად დარჩება ადამიანს შთაბეჭდილება, რომ, რაღაც საკითხებზე თვალი დახუჭეს. მაგალითად, რაც უკვე ვახსენეთ – გადატრიალების თემა. სიტყვა „გადატრიალება“ პოლიტიკური მოსაზრებებით დღემდე გარკვეულ უხერხულობას ქმნის და შესაძლოა, ამაზე ზედმეტი ყურადღება არ მახვილდება. იგივე პროკლამაციის ნაწილში. შეიძლება იქ უხერხულად ჩაითვალა ყურადღების გამახვილება სიტყვა – ოკუპაციაზე და რეპრესიების შეხსენება”, – გვეუბნება გიორგი არქანია.
გიორგი ასტამაძე უფრო პირდაპირია. მას არ უკვირს ინტერპრეტაციები, რადგან ამბობს, რომ სახელმძღვანელო “ქართული ოცნების” კარის ისტორიკოსებმა დაწერეს.
“სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ ასე იქნებოდა”, – ამბობს იგი.
“არ შეიძლება ახალმა თაობებმა არ იცოდნენ რას უკეთებდა რუსეთი საქართველოს ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში: ოკუპაცია, მოტყუება, დამცირება, სამეფო ტახტის და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მუდმივი ბრძოლა. ეს არის ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა ქართველმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს”, – ამბობს პოლიტიკოსი ფიქრია ჩიხრაძე. 14 სექტემბერს, პოლიტიკოსმა ისტორიის სახელმძღვანელოს თემას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. მან პირდაპირ თქვა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა ავტორებმა გამოიყენეს შესაძლებლობა პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადასატანად”.
შეუძლიათ სკოლებს უარი თქვან ამ წიგნით სწავლებაზე?
დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მოქმედებდა გრიფირების სისტემა. სხვადასხვა ავტორთა ჯგუფი და გამომცემლობა ქმნიდა სახელმძღვანელოებს, რომლებიც სამინისტროს შეფასებას გადიოდა. ერთსა და იმავე საგანსა და კლასში შეიძლებოდა რამდენიმე წიგნს მიეღო გრიფი, სკოლები კი მათ შორის აკეთებდნენ არჩევანს.
2026 წელს ხელისუფლებამ ამ სისტემის ეტაპობრივად ჩანაცვლება დაიწყო სახელმწიფო სახელმძღვანელოს მოდელით. ახალი მოდელით სახელმძღვანელოების შექმნაზე პასუხისმგებლობას თავად განათლების სამინისტრო იღებს.
მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, მთავარი პრინციპია: ერთი კლასი – ერთი საგანი – ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.
რეფორმის დასრულების შემდეგ ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებზე. სამინისტრო პროცესის სრულად დასრულებას 2028 წლისთვის გეგმავს.
მე-10 კლასის ისტორიის წიგნის შემთხვევაში, არჩევანი აღარ არსებობს. სკოლებმა ამ ახალი წიგნით უნდა ასწავლონ.
სასკოლო სახელმძღვანელოების შეცვლა განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული მასშტაბური რეფორმის ნაწილია. ამ ცვლილებაზე, მინისტრმა გასული, 2025 წლის ოქტომბერში ისაუბრა.
მან ცვლილება რამდენიმე მიზეზით ახსნა. თქვა, რომ ამიერიდან, სასკოლო სახელმძღვანელოები ორიენტირებული უნდა იყოს “ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე” და მათი მიზანი უნდა იყოს, „სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ეროვნული ღირებულებების მქონე მოქალაქეების აღზრდა“.
მანვე თქვა, რომ სახელმძღვანელობის ყდებიც შეიცვლებოდა და იქ “პარტიოტულ თემატიკას” დაიტანდნენ.
საქართველოს ისტორიის ახალი წიგნი