ყაველაშვილმა ცხრა პოლიტპატიმარი შეიწყალა. დენის კულანინს სავარაუდოდ რუსეთში დეპორტაცია ემუქრება
გაზიარება
გაზიარება
პოლიტპატიმრების შეწყალება
მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდნენ რუსული კანონის და პროევროპული საპროტესტო აქციების დროს, ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკური პატიმრები.
პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, შეწყალებულებს შორისაა დენის კულანინი, რიუსეთის მოქალაქე, რომელსაც, ადვოკატის თქმით, რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.
ფრიდონ ბუბუტეიშვილი – მას 2025 წლის 20 იანვარს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბუბუტეიშვილს ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდნენ. 2026 წლის 8 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ყაველაშვილს შეყალების თხოვნით მიმართა;
სიმონ მახარაძე – დაკავებული იყო 4 ოქტომბრის საქმეზე; მან რამდენიმე თვის წინ საპროცესო გააფორმა – 1 წელი პატიმრობა, 3 წელი პირობითი სასჯელი;
დავით ხომერიკი – მას მოსამართლემ 2025 წლის 15 აგვისტოს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხომერიკს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას ედავებოდნენ;
საბა ჯიქია – სასამართლომ მას 2025 წლის 10 ივლისს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ჯიქიას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა;
დანიელ მუმლაძე – მას სასამართლომ 2025 წლის 2 ივნისს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუმლაძეს სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ;
გურამ ხუტაშვილი – მას სასამართლომ 2025 წლის 2 ივნისს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხუტაშვილს სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ;
თორნიკე მჭედლიშვილი – დაკავებული იყო 4 ოქტომბრის საქმეზე, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ავთანდილ თოფჩიშვილი – დაკავებული იყო 4 ოქტომბრის საქმეზე; მან რამდენიმე თვის წინ საპროცესო გააფორმა – 1 წელი პატიმრობა, 3 წელი პირობითი სასჯელი
პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, შეწყალებულებს შორისაა დენის კულანინი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
თუმცა, ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის ინფორმაციით, დენის კულანინი არ გათავისუფლებულა. ის ვარაუდობს, რომ კულანინი, სავარაუდოდ საემიგრაციო სამსახურში ჰყავთ და რუსეთში დეპორტაციისთვის ამზადებენ.
მისი თქმით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას წერილი აქვს გავრცელებული ციხიდან, სადაც უკრაინას დიდებას და მშვიდობას უსურვებს. რუსეთში კი ომზე თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეუძლიათ ისე, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ.
ადვოკატი განმარტავს, რომ ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი, რომელიც ძალოვან უწყებებს აძლევს უფლებამოსილებას ქვეყნიდან გააძევონ უცხოელი, რომელსაც საქართველოში დანაშაული აქვს ჩადენილი.
კითხვაზე, მიმართა თუ არა დენის კულანინმა შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
“ჩვენ ცოტა სხვა თემებზე ვმუშაობდით, მაგრამ მაგასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია, შეიძლება, ჰქონდა მიმართული, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ დაგიდასტუროთ.” – თქვა ადვოკატმა.