საწვავი აფხაზეთში და დებატები თბილისში: ჰუმანიტარული დახმარება თუ რუსეთის ინტერესებისთვის სასარგებლო ნაბიჯი?
საწვავის კრიზისი აფხაზეთში
აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტის ფონზე, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანის ფაქტმა პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. ხელისუფლება ამბობს, რომ ტვირთი კერძო ბიზნესმა შეიტანა და ეს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა, ოპოზიცია და ხელისუფლების კრიტიკოსები კი დამატებით განმარტებებს ითხოვენ და სვამენ კითხვას: სად წავიდა საწვავი, ვინ შეიტანა ის აფხაზეთში და რა მიზნით?
12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი შევიდა. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ოპერაცია არ ყოფილა და საწვავი კერძო ბიზნესმა, კანონის დაცვით შეიტანა.
მმართველი გუნდის დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საუბარია 3 ათას ტონა საწვავზე, რომელიც აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით შევიდა. მისი თქმით, ტვირთის შეტანა საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.
იონათამიშვილი აკრიტიკებს ოპოზიციას საწვავის მიწოდების გამო ატეხილი კამპანიისთვის და ამბობს, რომ რამდენიმე ათასი ტონა საწვავის რუსეთისთვის მიწოდებაზე საუბარი აბსურდულია. მისი თქმით, აფხაზეთში შეტანილი 3 ათასი ტონა რუსეთის წლიური საწვავის მოხმარების უმნიშვნელო ნაწილია და საკითხის ასე წარმოჩენა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ემსახურება.
ოპოზიცია პირველ რიგში იმ დეტალების გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა შესახებ ხელისუფლებას ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, მხოლოდ პრემიერის პასუხი, რომ საწვავის შეტანა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაცვით მოხდა, საკმარისი არ არის.
„პირველ რიგში, ვინ არის საწვავის მიმწოდებელი, ანუ წარმომავლობა საწვავის და ვინ არის მიმღები – იყო თუ არა დაცული კანონი და საქართველოს ეროვნული ინტერესები?” – ამბობს სამუშია.
მისივე თქმით, აუცილებელია ცნობილი გახდეს, რომელი ბიზნესსუბიექტები იყვნენ ჩართული პროცესში და კონკრეტულად რა მარშრუტით მოხვდა საწვავი აფხაზეთში.

მსგავს კითხვებს სვამს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა. თუმცა ის საკითხს ორ ნაწილად ყოფს და ამბობს, რომ თუ საწვავის მიწოდებას ჰუმანიტარული მიზანი ჰქონდა და კანონი არ დარღვეულა, თავად დახმარების გაწევა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს.
„საქართველო არა ერთ ასეთ ჰუმანიტარულ პროექტშია ჩართული, მათ შორის ვაფინანსებთ ჩვენი თანამოქალაქე აფხაზების მკურნალობას, ენგურჰესის ელექტროენერგიას ვიღებთ ჩვენ და იღებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოსახლეობა“, – აცხადებს სიჭინავა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა პროცესის გაუმჭვირვალობაა. სიჭინავა ითხოვს პასუხს, ვინ შეიტანა საწვავი, რა რაოდენობაზეა საუბარი, რა პროცედურები გაიარა ტვირთმა და რა იყო მისი საბოლოო დანიშნულება.
სიჭინავა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს საწვავის გამოყენების ადგილს: მოხმარდა თუ არა ის აფხაზეთის მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებებს, თუ საწვავი საბოლოოდ რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის ომის წარმოებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაში გამოიყენეს?
„თუ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შესულია როგორც ეკონომიკური ტვირთი და არა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, თუ მას ე.წ. საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ე.წ. საზღვარზე, რომელიც რეალურად საოკუპაციო ხაზია, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი იყოს“, – ამბობს სიჭინავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ხელისუფლებას რუსეთის ინტერესებთან თანამშრომლობში და ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს.
მისი თქმით, კობახიძის განცხადება, რომ საწვავის მიწოდება ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით განხორციელდა, ცინიკურია. ფარულავა ასევე აკრიტიკებს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთის მიმართ და ამბობს, რომ აფხაზეთში საწვავის შეტანა იმ ფონზე ხდება, როდესაც რუსეთში საწვავის დეფიციტია.
„ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია“, – განაცხადა ფარულავამ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა წინასწარ გასცა ნებართვა იმ ოპერაციაზე, რომლის საფუძველი, დრო და დასაბუთება საზოგადოებისთვის უცნობია.
გვარამია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და რუსულ სამხედრო მანქანას, მისი თქმით, საწვავის დეფიციტი აქვს.
მისი შეფასებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა საწვავის შეტანა რეალურად ჰუმანიტარული ან სოციალური მიზნებით გამართლებული, თუ ტვირთი საბოლოოდ რუსეთის სამხედრო საჭიროებებს მოხმარდა.
გვარამიას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საკითხი მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებას აღარ ეხება და შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტის მიწოდებასთან.

საწვავის რაოდენობასა და მის ლოგისტიკაზე განსხვავებული შეფასება აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილსაც. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ნახსენები „რამდენიმე ცისტერნა“ რეალურად გაცილებით მასშტაბურ მოცულობას გულისხმობს.
„3 000 ტონა მინიმუმ 100 ბენზინმზიდისგან შემდგარი კოლონაა“, – წერს ხუხაშვილი.
მისი შეფასებით, აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდება თეორიულად შეიძლებოდა რეინტეგრაციის პროცესის დასაწყებად გამოყენებულიყო, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში ამას ის სხვაგვარად აფასებს და გადაწყვეტილებას „კოლაბორაციის და ბანალური სიხარბის გამოხატულებად“ მიიჩნევს.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი, თამთა მიქელაძე წერს: “აფხაზეთს, რუსეთის ეკონომიკური დასუსტების პირობებში, თბილისიდან მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს და ამ კრიზისის გამოყენება კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით შეიძლება.
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობისთვის პოტენციურად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, ავტომატურად რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯად არ უნდა განვიხილოთ. სწორედ ამიტომ არის საჭირო სრული გამჭვირვალობა: ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რა არის მისი მიზანი, რა მექანიზმებით კონტროლდება პროცესი, რომ მან რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები არ გააძლიეროს და რა პოლიტიკური სტრატეგია ახლავს მას. ჰუმანიტარული ან სამოქალაქო საჭიროებების დაკმაყოფილება და რუსეთის ინტერესების გაძლიერება ერთი და იგივე რამ არ არის, მაგრამ გაუმჭვირვალე პოლიტიკამ შეიძლება ეს ორი ერთმანეთში მართლაც აურიოს და რუსული თამაშის ნაწილი გახადოს.
აფხაზეთის საკითხში განსაკუთრებით პრობლემურია ისიც, რომ კრიზისის შესაძლებლობად გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მას თან ახლავს პოლიტიკური ხედვა. ქართულ ოცნებას ასეთი ხედვა არ აქვს და ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული დეოკუპაციისა და ნდობის აღდგენის სტრატეგიული დოკუმენტები.
ირაკლი კობახიძემ ზემოთ დასმულ კითხვებისთვის პასუხის გაცემა არც კი სცადა.
“ქართული ოცნების” მიმართ ღრმა უნდობლობისა და პოლიტიკის სრული გაუმჭვირვალობის პირობებში გასაგებია , რომ მუდმივად გვაქვს შიში, რომ რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არსებითად და გრძელვადიანად დაუპირისპირდება, მაგრამ კრიტიკის ფორმულირებაში არსებითია სიზუსტე და ნიუანსურობა.”