კობახიძე: რუსეთს მტრად საჯაროდ იმიტომ არ ვაცხადებთ, რომ ამას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს
გაზიარება
გაზიარება
კობახიძე რუსეთზე
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას საჯაროდ „მტერს“ არ უწოდებს, რადგან ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მტრად.
„თქვენი სამარცხვინო შეკითხვები, სასაცილოები ხართ. რატომ არის [ეს] სამარცხვინო შეკითხვა, გეტყვით ძალიან მარტივად: გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, თუნდაც იგივე რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რუსეთის ფედერაცია არის მტერი. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოაყოლო, დაახლოებით ან ზუსტად ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ (იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობა” – JAMnews) მოაყოლა 2008 წელს და იქამდე“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტმა კობახიძეს დააზუსტებინა, იყო თუ არა სწორედ ეს მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება ერიდება რუსეთის ღიად მტრად მოხსენიებას.
„რა თქმა უნდა, კიდევ გავიმეორო?!“ – უპასუხა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.
„რა თქმა უნდა, ერთადერთი სახელმწიფო და მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის რუსეთის ფედერაცია, რაც ფაქტია. ეს არის ძალიან მშრალი ფაქტი. რაც შეეხება ოკუპაციას, აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი და ამაზე უამრავი განცხადება კეთდება და ამას ჩაკითხვა აღარ სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია „დანაშაული იყო ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.
„ეს არის ცხადზე ცხადი დანაშაული, ეს იყო ოკუპაცია და შემდეგ ეს იყო ე.წ. აღიარება“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.