რატომ ალაპარაკდა კობახიძე „რუსოფობიაზე“ აგვისტოს ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე
კობახიძის წერილი რუსოფობიაზე
2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსოფობიაზე“ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.
კობახიძე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ოპოზიციის დამოკიდებულებას შორის კავშირებზე საუბრობს. მისი თქმით, „გლობალურ ომის პარტიას“ უკრაინაში მიმდინარე ომი სჭირდებოდა იმისთვის, რომ „რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“.
კობახიძემ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლაში დაადანაშაულა. მათ დღევანდელ მკაცრ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ კი „რუსოფობია“ უწოდა.
წერილმა 2008 წლის ომის გარშემო არსებული პოლიტიკური დაპირისპირება კვლავ გაააქტიურა. თუმცა ამჯერად კამათის ცენტრში მხოლოდ ომის დაწყება და რუსეთის პასუხისმგებლობა არ მოქცეულა. პრემიერმა ყურადღება რუსეთის მოქმედებებიდან მისი ქართველი ოპონენტების პოზიციაზე გადაიტანა.
ოპოზიცია წერილის შინაარსთან ერთად მისი გამოქვეყნების დროსაც უსვამს ხაზს. რატომ საუბრობს პრემიერი „რუსოფობიაზე“ ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე? რატომ არ არის წერილის მთავარი თემა რუსეთის პასუხისმგებლობა? და რას აკეთებს ხელისუფლება მიმდინარე ოკუპაციისა და შესაძლო ანექსიური ნაბიჯების წინააღმდეგ?
რას წერს ირაკლი კობახიძე
კობახიძის წერილის ერთ-ერთი თეზისია, რომ საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს რუსეთის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება 2008 წლის ომის შემდეგ არ გამოუვლენიათ. მისი თქმით, ეს დამოკიდებულება მხოლოდ 2022 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
კობახიძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება გადაწყვიტა. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.“
კობახიძის შეფასებით, ამ პოლიტიკას არც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და არც მისი დღევანდელი ოპონენტები არ აპროტესტებდნენ. მან კონკრეტულად დაასახელა ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე.
„ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას.“
აქედან გამომდინარე, კობახიძის თქმით, ოპოზიციის დღევანდელი ანტირუსული რიტორიკა და “რუსოფობია” არა თანმიმდევრული პოზიცია, არამედ გარედან მიღებული დავალებაა. წერილში ის ოპონენტებს „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენიებს. მათ მოქმედებებს კი „დიპ სტეიტსა“ და „გლობალურ ომის პარტიას“ უკავშირებს.
„უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა.“
კობახიძე წერილში კითხულობს, რატომ არ ჩამოყალიბდა იგივე დამოკიდებულება 2008 წელს, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველო გახდა.
„ჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო?“
მისი კიდევ ერთი არგუმენტი ელენე ხოშტარიას უკავშირდება. ხოშტარია რუსეთიდან მემკვიდრეობით მიღებულ ჰონორარს იღებს. ეს თანხა საბჭოთა პერიოდის თეატრის რეჟისორის, მისი მამის, გოგი ხოშტარიას ნამუშევრებს უკავშირდება. კობახიძე ამას ოპოზიციის არათანმიმდევრულობის მაგალითად იყენებს.
„შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, „ენჯეოშნიკებს“, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.“
წერილის გამოქვეყნების დრო
კობახიძემ ტექსტი აგვისტოს ომის მე-18 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა.
ამ პერიოდში საქართველოში ტრადიციულად იხსენებენ ომის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამიტომ ოპონენტები კითხვას სვამენ, რატომ გადაიტანა პრემიერმა აქცენტი რუსეთის პასუხისმგებლობიდან ქართული ოპოზიციის „რუსოფობიაზე“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი ფავლენიშვილი წერილს ამ დროის გათვალისწინებით განიხილავს. მისი აზრით, ოკუპირებულ ქვეყანაში „რუსოფობიაზე“ საუბარი ომის წლისთავის წინ შემთხვევითი არ არის.
„აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ამ ნარატივის გავრცელება სწორედ ის არის, რაც კრემლს უნდა აწყობდეს და მის მიერ უნდა იყოს წაქეზებული. შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს.“
მისი თქმით, ასეთი რიტორიკა რუსეთის პასუხისმგებლობას უკანა პლანზე სწევს. სანაცვლოდ, პოლიტიკური დავის მთავარ ობიექტად საქართველოს წინა ხელისუფლება და ოპოზიცია იქცევა.
„ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა უნდა შეეგუონ, რომ ქართველ ხალხში ანტიოკუპაციურ განწყობებს ვერც დააჩლუნგებენ და ვერც დაანგრევენ.“
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელიაც წერილის დროს უსვამს ხაზს. მისი შეფასებით, კობახიძე აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებულ დღეებში რუსეთის ნაცვლად საქართველოს მოქალაქეებს უპირისპირდება.
„ახლაც მოდის ეს უმძიმესი, ძალიან მაღალი მგრძნობელობის დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა პატრიოტი ქართველისთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე, როგორც რუსეთის ყურმოჭრილი მონა, არის ფორმაში და კიდევ ერთხელ შემოაქვს თემა პროვოკაციულად.“
გეგელიას განცხადებით, პრემიერის მთავარი თემა ამ დროს რუსეთის აგრესია და საქართველოს უსაფრთხოება უნდა ყოფილიყო.
„პირველ რიგში უნდა საუბრობდეს რუსულ აგრესიაზე, იმაზე, რომ საქართველო იყო პირველი ჯაჭვში, რაც შემდეგ ვიხილეთ.“
რას პასუხობენ ოპონენტები
კობახიძის ოპონენტები არ უარყოფენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ომის შემდეგ რუს ტურისტებს იღებდა და ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილს ინარჩუნებდა. დავის საგანია ამ პოლიტიკის ახსნა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთისგან განასხვავებენ რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის მოქალაქეებს. მათი აზრით, ტურისტების მიღება ავტომატურად არ ნიშნავდა კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერას.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ საქართველო მაშინ ცდილობდა, არ შექმნილიყო ქსენოფობიური სახელმწიფოს იმიჯი. ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება რუსეთისგან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას მოითხოვდა.
„საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა – ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა.“
წერეთლის განმარტებით, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების შენარჩუნება დიპლომატიური სტრატეგიის ნაწილი იყო. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აიძულებდა.
„მცდელობა იყო, რომ 2008 წლის შემდეგ შემობრუნებულიყო პროცესი – რუსეთი დიპლომატიური გზით წამოსულიყო თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და ამის გამო იყო ასეთი პოლიტიკა.“
მისი თქმით, 2022 წელს უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა ეს მიდგომა შეცვალა. მან აჩვენა, რომ მოსკოვთან დიპლომატიური შეთანხმებების მიღწევის შესაძლებლობა კიდევ უფრო შემცირდა.
„უკრაინაში ომმა ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთთან ლაპარაკის რესურსი არ არსებობს.“
ირაკლი ფავლენიშვილის არგუმენტიც მსგავსია. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა, რომ ბრძოლა რუსი ხალხის წინააღმდეგ არ მიმდინარეობდა.
„კობახიძისნაირი ადამიანების გამო, რომლებიც ამ ნარატივებს ავრცელებდნენ, იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ჩვენ რუსებს კი არ ვებრძვით, ქსენოფობიური დამოკიდებულება კი არ გვაქვს და „შარზე“ კი არ ვართ, არამედ შეგვიძლია, ისინი ჩვეულებრივ ტურისტებად მივიღოთ.“
ფავლენიშვილი ასევე ამბობს, რომ იმ პერიოდში წინა ხელისუფლებას საპირისპირო ბრალდებას უყენებდნენ. ოპონენტები მას რუსეთის მიმართ ზედმეტად მკაცრ და ქსენოფობიურ რიტორიკაში ადანაშაულებდნენ.
„პირიქით, წინა ხელისუფლებას რიტორიკას უწუნებდნენ და ამბობდნენ, თითქოს ზედმეტად „ქსენოფობიურები“ იყვნენ, ახლა კი სრულიად ახალი ნარატივი შემოიტანეს.“
“2008 და 2022 წლების კონტექსტი განსხვავებულია”
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე კობახიძის შედარების მთავარ პრობლემად შეცვლილ პოლიტიკურ კონტექსტს ასახელებს. მისი თქმით, 2008 წლის შემდგომი და დღევანდელი დამოკიდებულებების პირდაპირ შედარება არასწორია. ამ წლებში შეიცვალა როგორც რუსეთის ქცევა, ისე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა.
ღამბაშიძის შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს საზოგადოებაში არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო რუსეთულ პოლიტიკას ატარებდა:
„არ არსებობდა განცდა, რომ რუსეთს დავემონეთ“.
ის კობახიძის წერილში მთავარ საკითხად არა ცალკეულ არგუმენტებს, არამედ პრემიერის მოტივს მიიჩნევს. ღამბაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ ვისთვის არის ხელსაყრელი „რუსოფობიის“ პრობლემად წარმოჩენა.
„დაასახელეთ სახელმწიფო, რომელიც შეიძლება წუხდეს მსოფლიოში გაზრდილი „რუსოფობიის“ გამო. მართალია: რუსეთი. ახლა დაფიქრდით, რა მიზეზით შეიძლება წუხდეს იგივეზე ივანიშვილის რეჟიმი.“
ღამბაშიძის თქმით, 2022 წლიდან ხელისუფლება საზოგადოებას რუსეთთან შესაძლო ომით აშინებს, ამიტომ რუსეთის მიმართ შიშის ზრდა პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების პოლიტიკასთან:
„თუ „რუსოფობია“ რუსეთის შიშს/ზიზღს ნიშნავს და თუკი 2022 წლიდან ქართული ოცნება რუსეთთან შესაძლო ომით აშინებს საკუთარ მოსახლეობას, რისი ბრალია 2022 წლის შემდეგ „რუსოფობიური“ განწყობების მატება?“
თელავის ინციდენტი და წერილის კონტექსტი
ოპონენტების ნაწილი კობახიძის წერილს თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტსაც უკავშირებს. იქ ქართველ მოქალაქეებსა და რუს ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტს მოჰყვა კამათი იმის შესახებ, იყო თუ არა დაპირისპირება ეთნიკური ნიშნით გამოწვეული.
გიგი წერეთლის ვარაუდით, წერილი შესაძლოა ამ შემთხვევაზე საზოგადოებრივ რეაქციას უკავშირდებოდეს. ის ასევე უშვებს, რომ რუსეთმა მსგავსი ინციდენტები საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის საბაბად გამოიყენოს.
„მგონია, რომ ვიღაცას არ მოეწონა დამოკიდებულებები თელავში მომხდარ ფაქტზე. აქედანაც წავიდა გზავნილი – ჩვენ აქ ვართ, ვალაგებთ. ტურისტები ყველა გასართობად კი არ არის ჩამოსული.“
წერეთელმა პარალელი სომხეთთან გაავლო. მისი თქმით, მოსკოვი ეკონომიკურ ბერკეტებს მაშინ იყენებს, როდესაც მეზობელი ქვეყნების პოლიტიკა მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„შემდეგ ეს მოქმედება გახდეს ისეთი უკმაყოფილების საბაბი, რასაც სომხეთში აკეთებენ. როგორც კი სომხეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ხან ატამი გააჩერეს, ხან კონიაკი.“
გრიგოლ გეგელია უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ტურისტული ნაკადის გამოყენება პროვოკაციებისთვის შეუძლიათ.
„ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება დამთავრდება ცუდად. ახლა პროვოკაციის საფუძველი აქვს რუსულ დაზვერვას. ამ ხალხს იყენებს პროვოკაციისთვის და ოფიციალურ ფილიალს, სახელად „ქართული ოცნება“ იყენებს იმისთვის, რომ ამაზე რუსული შინაარსით ილაპარაკოს, ვითომ ეთნიკურ ნიადაგზეა შუღლი.“
რა არგუმენტებს აყენებს „ქართული ოცნება“
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კობახიძის წერილის მთავარი გზავნილები თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს.
„კარგად გახსოვთ სააკაშვილი, ხოშტარია, ჯაფარიძე, რას საუბრობდნენ, რუსეთს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად გაუხსნეს, ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს გადაუფორმეს, გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, ხვდებოდნენ რუს ტურისტებს საზღვარზე, ვინაიდან ასეთი ტიპის დავალება ჰქონდათ და რუსოფობები გახდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
მაჭავარიანი ხელისუფლების პოზიციის დასამტკიცებლად საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსაც იშველიებს. ის ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს სტრასბურგსა და ჰააგაში სამართლებრივი დავები მოუგო.
„ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული და მნიშვნელობა არა აქვს დამატებით, რა გააკეთა სხვა ქვეყანაში. დღემდე რუსეთი არის ოკუპანტი, ეს მოცემულობა და ეს მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ.“
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება გარე პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით შეიცვალა.
„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლობით ვხედავდით ტურიზმისა და რუსული კაპიტალის წახალისებას, რასაც პროტესტის ნაცვლად, ტაშით ხვდებოდნენ დღევანდელი რადიკალები.“
წილოსანის თქმით, ოპოზიციის დღევანდელი პოზიცია არა საქართველოს გამოცდილებიდან, არამედ 2022 წლის შემდეგ მიღებული „უცხოური ინსტრუქციებიდან“ გამომდინარეობს.
„საკუთარი ხალხის ტკივილზე დუმილი და უცხოურ ინსტრუქციებზე ყვირილი არც პატრიოტიზმია, არც გულწრფელი სოლიდარობა – ეს უბრალოდ სხვების ინტერესების უპირობო მსახურებაა.“
ოპოზიციის მთავარი კითხვა – რას აკეთებს ხელისუფლება ახლა
ოპოზიციური პარტიების ნაწილი კობახიძის ისტორიულ შედარებას არ მიჰყვება. მათი მთავარი კითხვა ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას ეხება.
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ 2008-2012 წლების პოლიტიკის განხილვა ვერ ჩაანაცვლებს პასუხს მიმდინარე ოკუპაციასა და ანექსიის საფრთხეებზე.
„რისი თქმა უნდოდა დღეს ირაკლი კობახიძეს – რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის შემდგომ აკეთებდა, მან იგივე უნდა გააგრძელოს?! კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ იხმარს იმისთვის, რომ მთავარ მტერთან, რუსეთთან საკუთარი კოლაბორაცია გაამართლოს?!“
მისი განცხადებით, ამჟამინდელი ხელისუფლება პასუხს უნდა სცემდეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკას. ასევე უნდა აფასებდეს ოკუპირებული ტერიტორიის შემდგომი ინტეგრაციის საფრთხეს.
„ახლა მთავარი არა ის, თუ რა ხდებოდა 2008 წელს, არამედ მთავარია რა ხდება დღეს.“
დავა დასავლურ კურსზეც გადავიდა
კობახიძის ოპონენტები წერილს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებასაც უკავშირებენ. მათი აზრით, პრემიერის ტექსტში რუსეთის ნაცვლად დასავლეთი, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი არიან წარმოდგენილი მთავარ საფრთხედ.
გიგი წერეთლის თქმით, წინა ხელისუფლებას არაერთი შეცდომა ჰქონდა. თუმცა მას ქვეყნის დასავლური კურსი არ შეუცვლია.
„როდისმე ასცდა წინა ხელისუფლება დასავლურ კურსს? წინა ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მთავარ ხაზს ასცდა?“
წერეთელი ამტკიცებს, რომ კობახიძის ტექსტი რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებს. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც სამოქალაქო სექტორი და დასავლელი პარტნიორები გარე მართვის სისტემად არიან წარმოდგენილი.
„ვფიქრობ, რომ მინიმუმ კორექტურა გავლილი აქვს კრემლთან აფილირებულ ინსტიტუტში ან ჯგუფში. როგორც დაგელაპარაკებოდნენ რუსი პროპაგანდისტები და ის ხალხი, ვინც ქარგავს მთელ ამ ისტორიებს, ამას იტყოდნენ.“
“ახლების” ლიდერი ნიკა გვარამია წერილს კიდევ უფრო მკაცრად აფასებს. მისი განცხადებით, ტექსტში ისტორიული ფაქტები და პოლიტიკური ცნებები ერთმანეთშია აღრეული.
„ასეთი აბდაუბდა, ამდენი ცილისწამება და ტყუილი, ცნებების და თარიღების ასეთი აღრევა, და, რაც მთავარია, ამ ხარისხის და მასშტაბის რუსოფილია ბიძინა ივანიშვილის ტექსტებშიც კი არ მახსენდება.“