თელავში წყალდიდობის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა
გაზიარება
გაზიარება
წყალდიდობა თელავში
თელავში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ქალაქის ქვედა ნაწილი დატბორა. გვიან ღამით ადიდებულმა მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, ხოლო მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, რის შედეგადაც კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დაიტბორა.
ყველაზე მეტად კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დაზარალდა, სადაც წყალი საცხოვრებელ სახლებში, მრავალბინიანი კორპუსების პირველ სართულებსა და სარდაფებში, ასევე მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვა კომერციულ ობიექტებში შევიდა.
სტიქიამ დააზიანა ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება, ხოლო უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
სოფლებში: წინანდალი, კისისხევი და კურდღელაური ხევები ადიდდა. უხვმა ნალექმა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰექტრობით მსხმოიარე ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ.
დატბორილი ვენახი. ფოტო: სოციალური ქსელი
დილიდან ადგილზე მობილიზებულია საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები, რომლებიც გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს ატარებენ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალი მასშტაბურია და შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებს კოორდინაციას უწევს.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის თქმით, ზარალი შეფასდება, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში განხორციელდება.
ამასთან, თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შტაბის წევრებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და როგორც აღნიშნეს, სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ.
მათივე განცხადებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია და ძირითადად განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ასევე, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესასწავლია გარკვეული ქუჩების მდგომარეობა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე მოძრაობა აკრძალულია.