ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გაზიარება
გაზიარება
ალეკო ელისაშვილის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა დახურულ სხდომაზე. მანამდე მედია და დამსწრეები დარბაზიდან გააძევეს.
სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე სიტყვით ჯერ დაცვის მხარე გამოვიდა, შემდეგ კი თავად ელისაშვილმა ისარგებლა საბოლოო სიტყვით. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ განაჩენის გამოცხადების ნაწილი მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილება სრულად დახურულ რეჟიმში გამოცხადდა.
საბოლოო სიტყვაში ელისაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული და სასამართლოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა.
მისი თქმით, ადვოკატების ძალისხმევა უშედეგო იყო, რადგან, მისი შეფასებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ. მან ასევე გაიხსენა 2024 წელს კანცელარიასთან განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის მიუხედავად, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური პროტესტი იყო და არა ადამიანების დაზიანების მცდელობა.
“მე აქ ქვეყნის სიყვარულისთვის ვზივარ. ქვეყნის წინაშე პირნათელი ვარ“, – განაცხადა მან.
გამოსვლის ბოლოს ელისაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით უცენზურო გამონათქვამები გამოიყენა, ასევე გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
ალეკო ელისაშვილი
ელისაშვილის საქმე
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი ტერორიზმის მუხლით წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, იმავე დღის გამთენიისას მან თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ბრალდების მიხედვით, ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმაც.
პროკურატურა ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა, რაც კანონით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა საქმე მხოლოდ ერთ ეპიზოდს არ მოიცავს. 2025 წლის 30 მარტს პროკურატურამ ელისაშვილს დამატებითი ბრალდება წარუდგინა. უწყების მტკიცებით, იგი 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივისთვის ცეცხლის წაკიდებასაც ცდილობდა.