ახალგაზრდებს შვილები უნდათ, მაგრამ ამისთვის საჭირო პირობები არ აქვთ — UNFPA-ის კვლევა
UNFPA-ის კვლევა
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდები არც ოჯახურ ცხოვრებაზე ამბობენ უარს და არც შვილების ყოლის სურვილი დაუკარგავთ. პირიქით, მათთვის ქორწინება და მშობლობა კვლავ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მიზნებად რჩება. თუმცა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების სურვილებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის მზარდი უფსკრული არსებობს.
მსოფლიო მოსახლეობის დღის (11 ივლისი) წინ გამოქვეყნებული რეგიონული მონაცემები, რომლებიც UNFPA-ის გლობალური დემოგრაფიული მომავლის კვლევის ნაწილია, ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს დაბალი შობადობა ახალგაზრდების არჩევანის შედეგია.
კვლევის მიხედვით, მთავარი პრობლემა არა სურვილის ნაკლებობა, არამედ ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური ბარიერებია, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი გეგმების განხორციელების შესაძლებლობას ართმევს.
საქართველოც ამ ტენდენციას მიჰყვება: ქართველი ახალგაზრდები მომავალს იმედიანად უყურებენ, თუმცა მათთვისაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ეკონომიკური გაურკვევლობა რჩება.
კვლევა 2025 წელს ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში და ტერიტორიაზე – აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და კოსოვოში. კვლევაში ინტერნეტზე წვდომის მქონე 18–39 წლის ასაკის 13 500-ზე მეტი რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევა წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გლობალური დემოგრაფიული მომავლის კვლევის ნაწილს.
ახალგაზრდები მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ
კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ახალგაზრდები საკუთარ მომავალს გაცილებით ოპტიმისტურად აფასებენ, ვიდრე დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის მათი თანატოლები.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ახალგაზრდები ხშირად გამოხატავენ შფოთვას ეკონომიკური კრიზისების, კონფლიქტებისა და უმუშევრობის გამო, დაახლოებით 65% საკუთარ მომავალს პოზიტიურად აფასებს, მაშინ როდესაც სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ს შეადგენს.
კვლევა აჩვენებს, რომ რეგიონში ოჯახი ახალგაზრდების ღირებულებათა სისტემის ცენტრში რჩება. გამოკითხულთა 79%-ს სურს დაქორწინება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა რეგიონებში დაფიქსირებულ 63%-იან მაჩვენებელს.
შვილების გაჩენის მთავარი მოტივაცია, რესპონდენტების 87%-ის მიხედვით, ბედნიერება და სიხარულია. აბსოლუტურ უმრავლესობას ორი ან მეტი შვილის ყოლა სურს.
საქართველოში სასურველი შვილების საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6-ს, ხოლო კაცებისთვის 3-ს შეადგენს, რაც მოსახლეობის ჩანაცვლებისთვის საჭირო მინიმალურ მაჩვენებელზეც მაღალია.
35–39 წლის ასაკში ბევრი საკუთარ გეგმას ვერ ახორციელებს
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ისაა, რომ 35–39 წლის ასაკში ახალგაზრდების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ვერ შეძლო ოჯახთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების შესრულება.
ამ ასაკში ქალების 22%-ს შვილი არ ჰყავს, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. უშვილო ქალების 95% ამბობს, რომ რეალურად შვილის ყოლა სურდა
საქართველოში განსაკუთრებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ახალგაზრდები მშობლობას გარკვეული წინაპირობების შესრულებას უკავშირებენ: რესპონდენტების 60% მიიჩნევს, რომ ბავშვის გაჩენამდე აუცილებელია განათლების დასრულება, ხოლო 58% ამბობს, რომ აუცილებელია კარიერული სტაბილურობის მიღწევა. ასევე მნიშვნელოვან პირობად სახელდება საკუთარი საცხოვრებლის ქონაც.

სასურველ და რეალურ შობადობას შორის დიდი განსხვავებაა
კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების სურვილები და რეალური დემოგრაფიული შედეგები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ქალებში სასურველ და ფაქტობრივ შვილების რაოდენობას შორის საშუალო სხვაობა 1.25 შვილს აღწევს, ხოლო კაცებში თითქმის ორ შვილს.
საქართველოში ეს სხვაობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ როლებს.
ქართველი ქალები მიიჩნევენ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ზრუნვის ძირითადი ტვირთი მათზე გადავა. მიუხედავად იმისა, რომ კაცები მოვალეობების თანაბარ განაწილებაზე საუბრობენ, საკუთარ როლს ძირითადად ოჯახის ფინანსურ უზრუნველყოფასთან აკავშირებენ
ქალები ასევე აღნიშნავენ, რომ მათთვის ეკონომიკური დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში პარტნიორზე დამოკიდებულნი არ აღმოჩნდნენ.
ამასთან, საქართველოში საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ნეგატიური დამოკიდებულება იმ დედების მიმართ, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ მაშინ, როდესაც მათი შვილი სამ წლამდე ასაკისაა.
ყველაზე დიდი ბარიერი: ფინანსური არასტაბილურობა
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებისთვის პარტნიორის პოვნასა და ოჯახის შექმნას ყველაზე მეტად ფინანსური არასტაბილურობა აფერხებს.
მთავარ დაბრკოლებებს შორის ასევე სახელდება:
- საცხოვრებლის არქონა;
- ჯანმრთელობის პრობლემები;
- შესაფერისი პარტნიორის პოვნის სირთულე;
- ბავშვის მოვლისა და საოჯახო პასუხისმგებლობების არათანაბარი განაწილება.
კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების წარმოდგენით ცხოვრების ბუნებრივი თანმიმდევრობა ასეთია: ჯერ სტაბილური სამსახური, შემდეგ საკუთარი საცხოვრებელი, ამის შემდეგ პარტნიორული ურთიერთობა და ბოლოს – შვილების გაჩენა.
თუ ამ ჯაჭვის რომელიმე ეტაპი ვერ სრულდება, მომდევნო ნაბიჯებიც გადაიდება ან საერთოდ ვერ ხორციელდება.
UNFPA: წახალისება პრობლემას ვერ აგვარებს
UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ფლორენს ბაუერის განცხადებით, კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდები ოჯახურ ცხოვრებაზე უარს არ ამბობენ – მათ უბრალოდ არ აქვთ ის პირობები, რომლებიც საკუთარი რეპროდუქციული სურვილების განხორციელების საშუალებას მისცემდა.
მისივე შეფასებით, მხოლოდ ფინანსური წახალისებით ან შვილების ყოლისკენ მოწოდებებით დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მცდელობა არაეფექტიანია, რადგან ასეთი პოლიტიკა პროცესში მაშინ ერთვება, როდესაც ძირითადი ბარიერები – დასაქმება, საცხოვრებელი, ჯანმრთელობა და ოჯახში პასუხისმგებლობების თანაბარი განაწილება, კვლავ მოუგვარებელია.
მისი თქმით, სწორედ ამ წინაპირობების გაუმჯობესება უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიმართულება, თუ ქვეყნებს ახალგაზრდების ოჯახური გეგმების რეალურად განხორციელების ხელშეწყობა სურთ.