საგარეო: საქართველო რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთებას გამოთქვამს
რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე თბილისმა მწვავედ გააკრიტიკა 2026 წლის მაისში რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, იურიდიული ძალა არ აქვს და კონსტრუქციული დიალოგის პროცესს აზიანებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისმა შეშფოთება გამოთქვა შეთანხმების სწრაფი იმპლემენტაციის გამოც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს მოლაპარაკებების ფორმატის გაგრძელებას და კვლავ მოითხოვს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას.
30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი. სამინისტროს განცხადებით, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის სამხედრო ყოფნის, უსაფრთხოების გარემოს, ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
თბილისმა ასევე მოითხოვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ ძირითად თემად რჩება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ როგორც გალში, ისე ერგნეთში აღნიშნული ფორმატის რეგულარული შეხვედრები რეგიონში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.
უწყების განცხადებით, დევნილებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი 10-11 ნოემბერს გაიმართება.
წინაისტორია
რუსეთის სახელმწიფო დუმამ 13 მაისს პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციის კანონი მიიღო.
კანონი “რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე” დუმას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა. თავად დოკუმენტს პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში 9 მაისს მოაწერეს ხელი.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს, ასევე პირობების შექმნას კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის.