სომხეთის საგარეო უწყება: ჩვენ რუსეთთან "ტრამპის გზის“ პროექტს არ განვიხილავთ
ერევნის პასუხი გალუზინის განცხადებაზე TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით
“ჩვენ რუსულ მხარესთან TRIPP-ის [„ტრამპის გზის“ პროექტს] არ განვიხილავთ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა. ეს იყო მისი პასუხი სომეხი ჟურნალისტების მოთხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინათ მოსკოვის ბოლო განცხადებებზე. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ TRIPP ამ ეტაპზე მხოლოდ სომხეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი პროექტია და მისი განხორციელება უკვე დაწყებულია.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა თქვა, რომ პროექტი რუსეთის მონაწილეობით „მხოლოდ უფრო მეტად სასარგებლო იქნებოდა“ და მოსკოვის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
ერევანი ამტკიცებს, რომ საკითხი სომხეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილი არ არის.
TRIPP-ის პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო მარშრუტის შექმნას, რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს მის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დააკავშირებს. მარშრუტი სომხეთის სამხრეთ, სიუნიქის პროვინციაზე გაივლის და მთავრობის ინიციატივის, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენა და ყველა მიმართულებით კომუნიკაციების გახსნა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა განაცხადა, რომ პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა.
„ამ ეტაპზე TRIPP-ის პროექტი სომხეთ-აშშ-ის ფორმატში ხორციელდება. შეთანხმება ხელმოწერილია და ახლა მისი განხორციელების ფაზაში ვართ“, — თქვა მან.
კითხვაზე, განიხილება თუ არა მომავალში რუსეთის ჩართვა პროექტში, საფარიანმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.
„არ მინდა სპეკულირება. არა მგონია, ახლა მომავალზე საუბარი მიზანშეწონილი იყოს“, — განაცხადა მან.
საფარიანმა ასევე განმარტა, რომ მიუხედავად ამ პროექტისა, სომხეთის წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU) უცვლელი რჩება და სატრანზიტო გადაზიდვებზე სწორედ ამ გაერთიანების საბაჟო წესები გავრცელდება.
„EAEU-ს საბაჟო რეგულაციებს ჩვენი საბაჟო ორგანოები ახორციელებენ, ამიტომ აქ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავთ“, — აღნიშნა მან.
ამასთან, საფარიანმა არ დააკონკრეტა, როდის დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.
- ფაშინიანი: ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის ვიმოქმედებთ სომხეთის ინტერესებით
- პუტინი ფაშინიანისთვის გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობს: ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ახალი ნიშნები ჩნდება
- სომხეთის რკინიგზის დილემა: რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე? მოსაზრება
მოსკოვი რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს
RTVI-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის საკითხი 2022-2023 წლებში სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში განიხილებოდა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შეწყვეტა რუსეთის ბრალი არ ყოფილა.
„ჩვენი ბრალი არ იყო, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დიალოგი შეწყდა. მისი აღდგენა ახლა უკიდურესად რთულია, რადგან, როგორც მე მესმის, სომხეთმა ამერიკულ მხარეს მომავალი რკინიგზის საწესდებო კაპიტალის 49%-ს დაჰპირდა“, — განაცხადა გალუზინმა.
სომხეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი კომპანიის შექმნას TRIPP-ის განსახორციელებლად. შეთანხმების მიხედვით, კომპანიის აქციების 74% ამერიკულ მხარეს ეკუთვნის, ხოლო 26% — სომხეთის მთავრობას. პირველი 49-წლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, სომხეთის წილი 49%-მდე გაიზრდება.
გალუზინმა ეჭვი გამოთქვა პროექტის წარმატებით განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საკითხი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს არ ეხება. მისი შეფასებით, ჩინეთმა შესაძლოა უარყოფითად აღიქვას ამერიკული კონტროლი ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის ერთ მონაკვეთზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი, აშშ-სა და ისრაელის მიერ ბოლო სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ნაკლებად იქნება დაინტერესებული ამერიკული ყოფნით საკუთარ ჩრდილოეთ საზღვრებთან.
თუმცა, სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თეირანის ყველა შეშფოთება უკვე განეიტრალებულია და ბოლო პერიოდში ირანს პროექტის წინააღმდეგ საჯარო განცხადებები აღარ გაუკეთებია.
რატომ მიიჩნევს მოსკოვი საკუთარ მონაწილეობას აუცილებელად
გალუზინის განცხადებით, რუსეთის ჩართვა პროექტში პრაქტიკული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, სომხეთის რკინიგზას მართავს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“, რომელიც „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიაა. გარდა ამისა, სატრანზიტო ოპერაციები უნდა შეესაბამებოდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს, ხოლო მარშრუტი გაივლის ტერიტორიაზე, სადაც სომეხ მესაზღვრეებთან ერთად რუსი მესაზღვრეებიც მსახურობენ.
„ასე თუ ისე, რუსეთის აზრი, ისევე როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პოზიცია, უნდა იქნას გათვალისწინებული“, — განაცხადა გალუზინმა.
მისივე თქმით, პროექტი ასევე უნდა იყოს თავსებადი რუსეთის სარკინიგზო ლიანდაგის სტანდარტებთან, რათა აზერბაიჯანთან შეუფერხებელი სარკინიგზო კავშირი იყოს უზრუნველყოფილი.