უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რუსული ავიაკომპანია სოჭის რეისებს ამცირებს და სოხუმის მიმართულებას აძლიერებს
გაზიარება
გაზიარება
„ნორდვინდმა“ აფხაზეთში რეისები გაზარდა
რუსეთის რუსეთის ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანიამ Nordwind Airlines-მა განაცხადა, რომ ზაფხულის ფრენების პროგრამაში ცვლილებები შეაქვს და სოჭის მიმართულებით დაგეგმილი ზოგიერთი რეისი უქმდება. კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილება ფრენების პროგრამის „ოპტიმიზაციას“ უკავშირდება, თუმცა ამავე დროს იზრდება რეისების რაოდენობა ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქის, სოხუმის მიმართულებით.
ავიაკომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განახლებული განრიგის ფარგლებში სოჭის ზოგიერთი რეისი გაუქმდება, ხოლო სოხუმის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება.
ოფიციალურ განცხადებაში უსაფრთხოების გარემო არ არის ნახსენები, თუმცა გადაწყვეტილება ემთხვევა პერიოდს, როდესაც სოჭი რეგულარულად ხდება უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების სამიზნე. მსგავსი თავდასხმების დროს სოჭის აეროპორტი დროებით აჩერებს მუშაობას, რის გამოც ქალაქისკენ მიმავალი რეისები ხშირად სხვა აეროპორტებში გადამისამართდება, ხოლო სოჭიდან გამგზავრებული ფრენები მრავალსაათიან დაგვიანებებს განიცდის. ასეთი შეფერხებები დამატებით ხარჯებსა და ფინანსურ ზარალს იწვევს ავიაკომპანიებისთვის.
ამ კონტექსტში Nordwind პირველი მსხვილი რუსული გადამზიდავია, რომელმაც ფრენების ქსელში ასეთი მასშტაბის ცვლილებები შეიტანა. სოხუმის მიმართულების გაძლიერება პრაქტიკული გადაწყვეტილებაც ჩანს, რადგან სოჭსა და სოხუმს შორის მანძილი დაახლოებით 100 კილომეტრია, რაც საშუალებას იძლევა, რეგიონში მგზავრთა ნაწილი ალტერნატიული აეროპორტის მეშვეობით მოემსახუროს.
სოხუმის აეროპორტი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. მისი რეკონსტრუქცია, ძირითადად, რუსეთის დაფინანსებით განხორციელდა და აეროპორტი 2025 წელს ხელახლა გაიხსნა. საერთაშორისო აღიარების არარსებობისა და იმის გამო, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი არ აქვს და მას მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები იყენებენ.
2025 წელს სოხუმის აეროპორტმა დაახლოებით 180 ათასი მგზავრი მიიღო. მიმდინარე წლისთვის მგზავრთნაკადის 300 ათასამდე გაზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა სოჭის აეროპორტის მუშაობის ხშირი შეფერხებების ფონზე, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რეალური მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს.