საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ტელეკომპანია "იმედს" ცილისწამებისთვის უჩივის
ნინო ლომჯარია “იმედს” ცილისწამებისთვის უჩივის
საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ სანქციერებული ტელეკომპანია “იმედის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, დავა უკავშირდება ტელეკომპანიისა და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, ის ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის გაუქმებასა და ქართველი მოქალაქეების დასჯას მოითხოვს.
ლომჯარიამ ბრიფინგზე თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია ცილისმწამებლურ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას.
“იმედის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე“, – განაცხადა მან.
ლომჯარიას თქმით, სარჩელი შეიტანა არა მხოლოდ როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ და ორი შვილის დედამ.
ლომჯარიამ უარყო ბრალდებები, თითქოს ოდესმე გამოუთქვამს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეფერხების, კანდიდატის სტატუსის დაკარგვის ან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიმართ.
“ბუნებაში არ არსებობს მოწმე, ფაქტი, თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე მითქვამს ან მიფიქრია რაიმე საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ“, – თქვა მან.
მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს მოემზადოს იმ შესაძლო შედეგებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევამ შეიძლება გამოიწვიოს.
“სინამდვილეში, ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ ვის გადააბრალონ მისი დაკარგვა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ბრიფინგზე მან ასევე ისაუბრა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიაზე. ლომჯარიამ ხოშტარიას მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ხოშტარიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
“აუცილებელია ელენეს დაუყოვნებლივ გაეწიოს სრულფასოვანი და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მან ასევე გააკრიტიკა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიის ნაწილის გაშუქება და აღნიშნა, რომ ამ თემის გაშუქებისას გამოყენებული იყო “ბინძური მეთოდები ჯანმრთელობაშერყეული პატიმარი ქალის” წინააღმდეგ.
წინაისტორია
ნინო ლომჯარიასა და ტელეკომპანია “იმედს“ შორის დავის საფუძველი გახდა ბოლო თვეებში გაძლიერებული პოლიტიკური დისკუსია ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე.
“იმედის“ ეთერებში და „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებში ლომჯარია და სხვა ხელისუფლების კრიტიკოსები წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ადამიანები, რომლებიც ბრიუსელში საქართველოს წინააღმდეგ ლობირებენ და ევროკავშირს უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებენ. ლომჯარიას მისამართით კეთდებოდა განცხადებები, რომ მისი საქმიანობა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს აზიანებს და შესაძლოა უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნას.
თავად ლომჯარია პოზიცია ყოველთვის იყო, რომ არასდროს მოუთხოვია უვიზო რეჟიმის გაუქმება და რომ ხელისუფლება შეგნებულად ურევს ერთმანეთში ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს. მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან შესაძლო შეზღუდვების განხილვა უკავშირდება ხელისუფლების ნაბიჯებსა და დემოკრატიული სტანდარტების მდგომარეობას და არა ოპოზიციის ან სამოქალაქო სექტორის მოთხოვნებს.
