"რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე" — Amnesty International-ის ანგარიში
Amnesty International-ის ანგარიში
ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის და ხელისუფლებამ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სახელმწიფო ინსტიტუტები განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენა, – ასეთ დასკვნას აკეთებს Amnesty International ახალ ანგარიშში, რომელიც საქართველოში ბოლო 500 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ანგარიში სახელწოდებით “რეპრესიების ანატომია — საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ ჩამოყალიბდა მრავალშრიანი რეპრესიული სისტემა, რომელიც აერთიანებს საკანონმდებლო შეზღუდვებს, დეზინფორმაციულ კამპანიებს, პოლიციის ძალადობასა და სასამართლო ინსტიტუტების გამოყენებას ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ.
Amnesty International-ის შეფასებით, 2022 წლიდან ხელისუფლების პასუხი საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და საპროტესტო მოძრაობების მიმართ სულ უფრო მკაცრი გახდა. ანგარიშის ავტორები ამ პროცესს უკავშირებენ როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკისადმი კრიტიკას, ისე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს.
ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების ოპონენტები – პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები – ხშირად წარმოდგენილნი არიან როგორც “უცხოეთის გავლენის აგენტები“, “რადიკალები“ ან “მოღალატეები“. ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი რიტორიკა საზოგადოებრივი დისკუსიის პოლარიზაციას უწყობს ხელს და განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფების დისკრედიტაციას ემსახურება.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლო წლებში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და სხვა რეგულაციებს, რომლებიც უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და პირებს ეხება. Amnesty International მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას მნიშვნელოვნად ართულებს და ორგანიზაციებს სამართლებრივი თუ ფინანსური ზეწოლის ქვეშ აყენებს.
ანგარიშში მოყვანილია არაერთი მაგალითი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობის შემცირება ან თანამშრომლების დათხოვნა მოუწიათ. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე ორგანიზაციას ეუბნება, რომ მისი ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ მოხალისეობრივი ძალებით გახდა შესაძლებელი.
მსგავს გამოწვევებზე საუბრობენ ჟურნალისტებიც. ანგარიშში ციტირებული ფოტოჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა არასდროს ყოფილა ისეთი სახიფათო, როგორც ახლა. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლები ერთდროულად აწყდებიან ფიზიკური უსაფრთხოების, სამართლებრივი შეზღუდვების, ფინანსური არასტაბილურობისა და ხელისუფლების მხრიდან მტრული კამპანიების პრობლემებს.
ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ნაწილი 2024 და 2025 წლებში გამართულ საპროტესტო აქციებს ეხება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ საპასუხოდ “სასტიკი რეპრესიები“ გამოიყენა. დოკუმენტში საუბარია ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემისა და თვითნებური დაკავებების შემთხვევებზე.
Amnesty International განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ პროტესტებზე და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხწლიანი “პაუზის“ გამოცხადების ფონზე განვითარებულ მოვლენებზე. ორგანიზაციის თანახმად, ამ პერიოდში ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევები განსაკუთრებით გაიზარდა.
დოკუმენტში აღწერილია დაკავებულთა ჩვენებები, რომლებიც საუბრობენ პოლიციის კორდონებში მოქცევაზე, ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებაზე, ე.წ. “ცემის დერეფნებზე“ და სასტიკ ფიზიკურ ძალადობაზე როგორც დაკავების, ისე პოლიციის ავტომობილებში ყოფნის დროს.
ანგარიშში მოყვანილია 22 წლის ალექსანდრე თირქიას შემთხვევაც, რომელმაც 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს თავის არეში მოხვედრილი ცრემლსადენი გაზის კაფსულის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.
Amnesty International ეყრდნობა სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებსაც, რომლის მიხედვით, 2024-2025 წლებში დაკავებულთა 78-88 პროცენტი აცხადებდა, რომ დაკავების პერიოდში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში, ანგარიშის თანახმად, 300-ზე მეტმა დაკავებულმა ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა, ხოლო ათეულობით ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ორგანიზაცია სასამართლო სისტემის მდგომარეობასაც მწვავედ აფასებს. ანგარიშის ავტორების აზრით, სასამართლოები ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქმედებენ და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმეებში ხშირად პროკურატურის მოთხოვნებს ავტომატურად აკმაყოფილებენ. დოკუმენტის თანახმად, მომიტინგეებს ეკისრებათ მაღალი ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობა და, რიგ შემთხვევებში, თავისუფლების აღკვეთაც.
Amnesty International-ის მონაცემებით, ამჟამად 150-ზე მეტი ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება იმ საქმეების ფარგლებში, რომლებიც საპროტესტო აქტივობებს უკავშირდება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2024 წლის დეკემბრიდან მოქალაქეებს 5 000-ლარიანი ჯარიმები ეკისრებოდათ გზის სავალ ნაწილზე დგომისთვის, მოგვიანებით კი სანქციები ტროტუარზე გამართული საპროტესტო ქმედებების შემთხვევებზეც გავრცელდა.
ანგარიშის კიდევ ერთი მთავარი დასკვნა სამართალდამცავთა დაუსჯელობას ეხება. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად ასობით საჩივრისა და საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევებისა, პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი პრაქტიკულად არ დამდგარა. Amnesty International აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მხოლოდ ერთ საქმეზე წარედგინა ბრალი ხუთ პოლიციელს, რომელთა სავარაუდო დანაშაულები დამოუკიდებელი მედიის მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე გახდა ცნობილი.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, საქართველოს ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიულ მექანიზმად გარდაქმნა ხელისუფლების ძალაუფლების გასამყარებლად.
ანგარიშის დასასრულს ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ის კანონები, რომლებიც, მისი შეფასებით, უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას; გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანი განხორციელებისთვის არის დაკავებული; უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სრულფასოვნად გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა.
ამავე დროს, Amnesty International საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირებას, გამოძიებასა და სამართლებრივ შეფასებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.