მოსაზრება: ჩინეთის ნამდვილი და რეალური სტრატეგიული პარტნიორი არა საქართველო, არამედ რუსეთია
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა
პოლიტოლოგ ზაქარეიშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება“ ფარისეველია და მისი ამომრჩეველიც უფლებას აძლევს, რომ მოატყუოს, თუმცა, მისივე თქმით, ამომრჩევლისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოტყუება არ გამოუვა.
რაც შეეხება იმას, რომ ჩინეთმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, პოლიტოლოგის თქმით, ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთის ნამდვილი და რეალური სტრატეგიული პარტნიორი არა საქართველო, არამედ რუსეთია.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილი ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა. პოლიტოლოგის ვარაუდით, ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებს, რადგან ამისთვის “ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა“.

პაატა ზაქარეიშვილი: “ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეისრულა ის მოლოდინები, რაც ჰქონდა ამერიკიდან, თითქოს მოხდებოდა რაღაც გადატვირთვა, თითქოს საქართველო და ამერიკა თანასწორი პარტნიორები არიან, რაც ასე არ არის. ამერიკას თავისი ხედვები აქვს, მას მიაჩნია, რომ საქართველომ შეცვალა თავისი კურსი, შეცვალა თავისი ვალდებულებები ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ.
„ქართულ ოცნებაში“ აქვთ ილუზიები, რომ ტრამპს უყურებენ, ასე არ არის. ამერიკა სახელმწიფოა თავისი ძლიერი ინსტიტუტებით, ტრამპი წავა, სხვა მოვა და ინსტიტუტები ყოველთვის რჩება. ამერიკაში ხშირად კორექტირებას უკეთებენ ტრამპის განცხადებებსაც კი. „ქართულ ოცნებას“ რატომღაც ჰგონია, რომ რაკი პრეზიდენტია ადამიანი, ყველაფერს წყვეტს. ეს ასე არ არის.
ბოლო რეზოლუციამაც ძალიან კარგად აჩვენა, რომ ამერიკისთვის მიუღებელია საქართველოს რუსეთთან და ჩინეთთან ბმა. იმ რეზოლუციაში რატომღაც არ აღმოჩნდა ირანი, მაგრამ ირანი მაინც ყველგან და ყოველთვის იგულისხმება.
ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან და ირაკლი კობახიძე ამ პრინციპს არღვევს. არავინ გიკრძალავს ჩინეთთან ურთიერთობას, კი ბატონო, ირანთანაც გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ შენ გაქვს ვალდებულება, რომ შენი ჩინეთთან ურთიერთობა ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირთან ურთიერთობასთან. ევროკავშირი როგორც მუშაობს ჩინეთთან, ისე უნდა იმუშაო შენც.
გუშინ ევროკავშირის წამყვანმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს გაამკაცრებენ, რათა „ორბანისნაირი სიურპრიზები“ არ დახვდეთ მომავალში. სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირში შევა დღეს, რამდენიმე წელი ვეტოს უფლება არ ექნება და ა.შ.
სად გვიწერია ჩინეთი კონსტიტუციაში?..
„ქართული ოცნების“ მთელი პრობლემა არის ფარისევლობა – იტყუებიან, ამბობენ, რომ ევროკავშირში მივდივართო, მაგრამ არ მიდიან, ლანძღავენ ევროკავშირს. არ ამბობენ, რომ ჩინეთში მიდიან, მაგრამ აქებენ ჩინეთს. თავიანთი ამომრჩეველი რომ მოტყუებულია, ეს ამომრჩევლებმაც იციან და ბედნიერები არიან [პუშკინს აქვს ცნობილი ფრაზა, „ბედნიერი ვარ, როცა თავს ვიტყუებო“], დაახლოებით ასეთი ბედნიერები არიან „ქართულიო ოცნების“ ამომრჩევლებიც, რადგან აძლევენ საშუალებას, რომ ხელისუფლებამ მოატყუოს, მაგრამ ამერიკასა და ევროკავშირს ვერ მოატყუებ, ისინი ხედავენ ამ ორმაგ სტანდარტებს.
მე ამას შევაფასებდი როგორც არარაობად ჩინეთის მხრიდან ანუ ჩინეთს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა არაფრად უღირს. მე მინდა ექსპერტებს შევახსენო, რომ როგორც კი საქართველოსთან გაფორმდა სტრატეგიული ურთიერთობები, მალევე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა რამდენიმე სახელმწიფომ სულ სხვა მიმართულებით, საქართველოს სასარგებლოდ გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც ასევე არ მიუერთდა ჩინეთი. არაფერი პრობლემა არ იყო, რომ მიერთებოდა. ხუთმა თუ ექვსმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს და ჩინეთი არ მიუერთდა.
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს ჩინეთს საქართველოს სასარგებლოდ არ მიუცია ხმა, ახლა კი არა, არასდროს! ყოველთვის თავს იკავებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ შენ მაქსიმალურად ცდილობ, შენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები დაიცვა.
ჩინეთის ნამდვილი და რეალური სტრატეგიული პარტნიორი არა საქართველო, არამედ რუსეთია. ვიღაც იტყვის, რომ ჩვენ ვცდილობთ დიფერენცირება და რუსეთისგან დისტანცირება მოვახდინოთ… უკაცრავად, მაგრამ ბელარუსში რომ არის ჩინეთი ჩართული, ისე არსად არის ჩართული. ბელორუსში ეკონომიკის 70% ჩინურია და სულაც არ უშლის ბელარუსს ხელს, იყოს რუსეთის სატელიტი სახელმწიფო.
რა სჭირდება ლუკაშენკოსა და ივანიშვილს იცით? მათ სჭირდებათ, რომ მათი ძალაუფლება ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფოების მხრიდან იყოს აღიარებული. არც რუსეთს და არც ჩინეთს არ აინტერესებს, როგორი რეჟიმი გაქვს შენ აქ.
ევროკავშირში არის მორიგი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც არის შეხვედრაზე უფრო მეტი. ტექნიკური შეხვედრები იმიტომ ტარდება, რომ შეამოწმონ, თუ რამდენად სრულდება პირობები ამა თუ იმ საკითხებში. ჩვენს შემთხვევაში არის ვიზალიბერალიზაცია.
ამ შეხვედრის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს, რომ საქართველო დღეს ვეღარ ასრულებს იმ პირობებს, რასაც ასრულებდა თავის დროზე, როდესაც მიიღეს ვიზალიბერალიზაცია. შარშან ვამბობდი, რომ არ გვემუქრებოდა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, წელს უკვე აღარ ვარ დარწმუნებული იმიტომ, რომ ისე შეუტიეს, ისე გადაუარეს ევროკავშირს…
ევროკავშირის დეპუტატი რომ ვიყო, აუცილებლად ვიტყოდი, რომ არ გვჭირდება ასეთი სახელმწიფო, ირანში ხალხი იღუპება და მათ არ აქვთ ვიზალიბერალიზაცია, რატომ უნდა მივცეთ ქართველებს, როცა ხმას არ იღებენ და თავის ხელისუფლებას ამდენის უფლებას აძლევენ ჩვენს წინააღმდეგ…
„ქართული ოცნება“ შეგნებულად მოქმედებს, რათა ჩვენ დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია და ეს ყველაფერი შემდეგ ევროკავშირს დაჰბრალდეს.“