"ოცნება ეუბნება აშშ-ს: "ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან ურთიერთობას, ჩვენ ჩინეთი გვირჩევნია“ — მოსაზრება
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა
ისტორიკოს თეიმურაზ პაპასქირის განცხადებით, საქართველოს მიერ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება კითხვებს აჩენს, რადგან, მისი შეფასებით, რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირესთან დაახლოება, ფაქტობრივად, თავად რუსეთთან მოკავშირეობასაც გულისხმობს. პაპასქირმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს პარტნიორობას ევროკავშირსა და აშშ-სთან.
ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის 9 ივნისს გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ქვეყანას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

თეიმურაზ პაპასქირი: “ჩვეულებრივ ცუდი არაფერია ხოლმე სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაში, რადგანაც რაც მეტი სტრატეგიული მოკავშირე გყავს, მით უკეთესია საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაში ვართ. სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გაუქმებულია აშშ-სთან, ფაქტობრივად შეჩერებულია. ევროკავშირთან გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება. ასეთ პირობებში ფორმდება ხელშეკრულება ჩინეთთან, რომელიც რეალურად რამდენად არის მოკავშირე ისიც საკითხავია, რადგანაც არც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ისე როგორც უჭერს ჩვეულებრივ აშშ და ევროკავშირი.
ჩინეთი მუდმივად თავს იკავებს დევნილების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისაგან, აფხაზეთში დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკვე საკითხავია რამდენად არის ეს მომგებიანი.
ვისი სტრატეგიული მოკავშირეა დღეს ჩინეთი? არის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთის და ირანის. ამ კამპანიაში მოხვედრა მაინცდამაინც სასურველი არასდროსაა. პლუს ამას, რუსეთი არის ჩვენი მტერი. ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. აქედან გამომდინარე, რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირესთან სტრატეგიული მოკავშირეობის გაფორმება, ფაქტობრივად რუსეთთან მოკავშირეობაც გამოდის.
რთულია, რით შეიძლება დააინტერესო ჩინეთი და რა შეიძლება იყოს ჩინეთის ინტერესი შენს ქვეყანაში. ვიცით, რომ ჩინეთი სხვადასხვა რეგიონში დაინტერესებულია ხოლმე გარკვეული ფინანსური გარიგებებით, რომელიც ძალიან მძიმედ სრულდება იმ ქვეყნებისთვის, ვისთანაც ჩინეთი აფორმებს ასეთ ხელშეკრულებებს. პირველ რიგში, აფრიკის ქვეყნებზე გვაქვს საუბარი, სადაც მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა რამდენიმე ქვეყანა ჩინეთის ასეთი ფინანსური პოლიტიკის წყალობით.
ჩინეთთან ურთიერთობები ვერაფრით ჩაანაცვლებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან. რადგანაც ევროკავშირი და ევროპა არის ის პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად ახლოსაა და ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე ახლოსაა თავისი ცხოვრების სტილით თუ მენტალობით.
ამერიკის შეერთებული შტატებიც ამ მხრივ ასევე ახლოსაა, უბრალოდ უფრო შორია გეოგრაფიულად. მთავარი აქ ისაა, რომ აშშ ჩინეთს განიხილავს თავის სტრატეგიულ ოპონენტად და შესაბამისად, მასთან კავშირის გაფორმება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩინეთის კიდევ ერთ მოკავშირე ირანსა და აშშ-ს შორის დღეს ფაქტობრივად, გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არც თუ შორსმჭვრეტელი ნაბიჯია და არც არაფრის მომტანი, იმიტომ, რომ ჩინეთი ვერაფრით ჩაანაცვლებს აშშ-სა და ევროპას.
მგონი ეს პასუხი იყო რეალურად, რომ „ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან ურთიერთობას, ჩვენ ჩინეთი გვირჩევნია“. „ქართულ ოცნებას“ რაც სჭირს არის ის, რომ უნდა იყოს დიქტატორი, ბოლომდე ვერ ახერხებს ამას და სურს მოეპყრონ ისე, როგორც დიქტატორულ რეჟიმებს ეპყრობიან, არ მოხდება ასე.“