კან კვარჩია აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებში "რეგრესზე“ საუბრობს — სოხუმი მის განცხადებებს ემიჯნება
აფხაზურ-რუსული ურთიერთობები
აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და დე ფაქტო პარლამენტის წევრმა კან კვარჩიამ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესების ეტაპზეა, რასაც სოხუმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან სწრაფი და ერთსულოვანი პასუხი მოჰყვა.
კვარჩიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიძაბა. თავდაპირველად მან რუსეთის მოქალაქეობა დაკარგა, მოგვიანებით კი რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე უკავშირდება ბრალდებას, რომლის მიხედვითაც კვარჩია რუსი პოლიტიკური სტრატეგების წინააღმდეგ შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრესკონფერენცია გამართა და განაჩენს “სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნეგატიურად აისახება მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებზე.
“ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ მე აფხაზეთის მოქალაქე ვარ. მიუხედავად ამისა, რუსეთის სასამართლო სჯის ჩემს ქმედებებს, რომლებიც, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა. ეს აბსოლუტური სისულელეა“, — განაცხადა კვარჩიამ.
მისი შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. კვარჩიას აზრით, ასეთმა მიდგომამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს “რესპუბლიკის სუვერენიტეტის” აღქმაზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისთვის რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია და ხაზს უსვამს, რომ ორმხრივმა კავშირებმა მნიშვნელოვანი განვითარება ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განიცადა. თუმცა, მისი თქმით, დღეს ეს ურთიერთობები რეგრესის ნიშნებს აჩვენებს.
“ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. როდესაც ერთი მხარე მეორეს საკუთარ ხედვებს ახვევს თავს, ამას თანამშრომლობა აღარ ჰქვია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისა და ძმობის ნიშნად ხელი ჩამოვართვათ, მაგრამ აფხაზ ხალხს საკუთარი შეხედულებები აქვს და მათი იგნორირება დაუშვებელია“, – თქვა მან.
კვარჩიას განცხადებებს მალევე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა. მისი თქმით, აფხაზეთის მოსახლეობა აფასებს რუსეთთან მოკავშირეობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.
“აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებისკენ“, – განაცხადა გუნბამ.
უფრო მკაცრი შეფასება გააკეთა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ბესლან ბიგვავამ. მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთის მთავარი და, პრაქტიკულად, ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა.
“ნებისმიერი განცხადება ან ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობას, მიუღებელია და არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, — აღნიშნა მან.
დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ კი განაცხადა, რომ კვარჩიას პოზიცია მხოლოდ ერთი დეპუტატის პირადი მოსაზრებაა და არ გამოხატავს პარლამენტის საერთო დამოკიდებულებას.
“პარლამენტი ეჭვქვეშ არ აყენებს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ კავშირების გასაძლიერებლად ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე“, — თქვა აშუბამ.
მმართველი გუნდის რეაქცია გააკრიტიკა საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანიამ. მისი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მოსკოვის მხრიდან დუმილი შესაძლოა კვარჩიას განცხადებებისადმი თანხმობად იქნეს აღქმული.
ბჟანიას თქმით, ხელისუფლება ხშირად თავს იკავებს კრემლის იმ ნაბიჯების კრიტიკისგან, რომლებიც, მისი აზრით, აფხაზური საზოგადოების ინტერესებს აზიანებს.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი სასწრაფო დაგმობა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, ის ცდება. ეს მხოლოდ აფხაზეთის ავტორიტეტს აზიანებს“, – განაცხადა მან.