4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა 22-მა პატიმარმა საპროცესო გარიგებით ციხე დატოვა
4 ოქტომბრის საქმე
10 ივნისს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 14 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა. ყველა მათგანი ბრალის ოფიციალურად წარდგენამდე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. ერთი დღით ადრე, 9 ივნისს, იმავე საქმეზე საპროცესო გარიგების საფუძველზე კიდევ რვა პირი გათავისუფლდა.
გათავისუფლებულთა შორის არიან: გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი ქორქია, ლევან ჯიქია, გიორგი რურუა, ლაშა ივანაძე, სერგო მეგრელიშვილი და ვახო ფიცხელაური.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი სულ 64 ადამიანს წარუდგინეს
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი სულ 64 ადამიანს წარედგინა. მათგან ორი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. ანტონ უპერის გარდა, სამართალდამცავი ორგანოები ძებნაში აცხადებენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსაც.
საქმე ხუთ ცალკეულ ჯგუფად იყო დაყოფილი. ერთ-ერთი ჯგუფის მიმართ განაჩენი 7 მაისს გამოცხადდა. აღნიშნულ ჯგუფს ხშირად “ორგანიზატორების ჯგუფად“ მოიხსენიებდნენ, რადგან ათი ბრალდებულიდან ხუთს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი.
სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამავე საქმეზე ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელიც მიმალვაშია, დაუსწრებლად ორი წლით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძესა და გური ჟვანიას კი სასამართლომ ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
გამოძიების ვერსიით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული ობიექტის, ორბელიანების სასახლის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.
ლაშა ბერიძეს ედავებიან ორბელიანების სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხოლო პაატა მანჯგალაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალად ედება სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.
თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება, ხოლო გური ჟვანიას – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
4 ოქტომბრის საქმე
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ფონზეც ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში.
მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე არჩევნების პარალელურად შეიკრიბა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით და პოლიციის ჩარევით დასრულდა.
არჩევნების დღეს მთავარი ინტრიგა არა უშუალოდ საარჩევნო ურნებთან განვითარებული მოვლენები, არამედ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები იყო.
ამ ინტრიგის მიზეზი ის არის, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, რომლებმაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება აიღეს საკუთარ თავზე, ამ დღეს საკმაოდ ხმაურიანი მოლოდინები დაუკავშირეს: “4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია”,, “მშვიდობიანი გადატრიალება”, “ქართული ოცნების” ბოლო დღე – ასე აანონსებდნენ ისინი კვირების განმავლობაში 4 ოქტომბრის აქციას.
რუსთაველზე მართლაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბა. შუადღის 16:00 საათიდან დაიწყო ხალხმა შეკრება და უკვე საღამოსთვის ქვეყნის ცენტრალური გამზირი და მიმდებარე ქუჩები სავსე იყო ხალხით. აქციის მონაწილეებს შორის ძირითადად თბილისის მოსახლეობა იყო, თუმცა პროტესტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც.
ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც აქცია უნდა გაჰყოლოდა. საღამოს, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, აქციის ორგანიზატორებმა, წარსულში მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა მურთაზ ზოდელავამ შეკრებილებს პრეზიდენტის სასახლის დაკავებისკენ მოუწოდეს.
მონაწილეთა ნაწილი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა, ჭიშკრის მონგრევა მათ ადვილად მოახერხეს, რადგან სტრატეგიულ ობიექტს მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცავი იცავდა. ძალიან მალე მომიტინგეები სასახლის ტერიტორიაზე აღმოჩდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა სპეცრაზმის და პოლიციის დამატებითი ძალები.
საბოლოოდ პოლიციამ აქციის ორგანიზატორები და ათონელის სასახლესთან მისული მომიტინგეები იმავე საღამოს დააკავა.