კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილს "პოლიტიკის გროსმეისტერი“ უწოდა და ერთმმართველობის ბრალდებები უარყო
კობახიძის ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილზე
ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს ბრიფინგი გამართა, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა. 9 წუთის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის “როლის მნიშვნელობაზე” საუბრობდა, რომელიც, მისი თქმით, “განსაკუთრებული და ფასდაუდებელია”
კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული ლეგიტიმაციით არის განმტკიცებული, ხოლო ბრალდებები, თითქოს საქართველო ერთპიროვნულად იმართება, “სრული სიყალბეა“. მისივე თქმით, ივანიშვილის როლი საქართველოს პოლიტიკაში ეფუძნება მის “გამორჩეულ ინტელექტსა“ და “უანგარო პატრიოტიზმს.“
“პოლიტიკის გროსმეისტერი“
ბრიფინგის დასაწყისში კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის “გარე მტრები და მათი ადგილობრივი აგენტურა“ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური თავდასხმების მთავარ ობიექტად აქცევენ და ამტკიცებენ, რომ საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების ნაცვლად ერთპიროვნულად იმართება.
პრემიერის თქმით, სწორედ ამ ბრალდებების საპასუხოდ გადაწყვიტა საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება.
კობახიძემ ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოიხსენია როგორც “პოლიტიკის გროსმეისტერი“ და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური ავტორიტეტი ორ ძირითად ფაქტორს, ინტელექტსა და პატრიოტიზმს ეფუძნება.
მისი თქმით, სწორედ ამ თვისებებმა გახადა შესაძლებელი 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება.
სახელმწიფო ინსტიტუტები და ივანიშვილის გავლენა
კობახიძემ უარყო მოსაზრება, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია და გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს.
მისი განცხადებით, ივანიშვილი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრია, ხოლო მისი პოლიტიკური როლი ოფიციალურად განსაზღვრული და საზოგადოებრივი ნდობით გამყარებულია.
პრემიერის თქმით, მთავრობა მოქმედებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ივანიშვილი ყოველდღიურ სამთავრობო მენეჯმენტსა და საკადრო საკითხებში არ ერევა.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად სარგებლობს ივანიშვილის რჩევებით.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ლიდერები პერიოდულად იკრიბებიან პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის, სადაც სხვადასხვა მოსაზრება განიხილება, თუმცა “ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს“, რაც, კობახიძის შეფასებით, მისი განსაკუთრებული კომპეტენციით აიხსნება.
“პირადი სარგებელი არასდროს მიუღია“
კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს საკუთარი პოლიტიკური გავლენა პირადი ინტერესებისთვის არასოდეს გამოუყენებია.
“ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო,“ — თქვა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ივანიშვილის საქმიანობა პირიქით, ქვეყნის ინტერესებისთვის პირადი რესურსების გაღებასთან არის დაკავშირებული, რასაც მან მრავალწლიანი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობა უწოდა.
კორუფცია და პოლიტიკაში დაბრუნება
კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორუფციის საკითხზეც.
მისი განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
პრემიერის თქმით, 2023 წლის დეკემბერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ შესაძლებელი გახდა კორუფციის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება და დღეს მმართველობის უმაღლეს დონეზე ეს პრობლემა სრულად არის აღმოფხვრილი.
სანქციები და “ქვეყნის ინტერესების დაცვა“
კობახიძემ ასევე ისაუბრა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებზე და განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის ინტერესების დაცვის შედეგია.
მისი თქმით, სანქციებმა სირთულეები შეუქმნა როგორც თავად ივანიშვილს, ისე მის ოჯახს, თუმცა ამან მისი პოლიტიკური პოზიცია ვერ შეცვალა.
პრემიერის შეფასებით, ეს ივანიშვილის “უანგარო პატრიოტიზმის“ კიდევ ერთი მაგალითია.
დაპირისპირება “გარე ძალებთან“
ბრიფინგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი შეეხო იმ ძალებს, რომლებიც, კობახიძის თქმით, ივანიშვილს ებრძვიან.
პრემიერის განცხადებით, ეს არიან “გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა“, რომელთაც საქართველოს “ხელახლა მისაკუთრების სურვილი“ ამოძრავებთ.
მისი თქმით, ამ ძალებს სურთ ქვეყნის დაბრუნება იმ ვითარებაში, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა.
კობახიძემ განაცხადა, რომ სწორედ ივანიშვილმა შეცვალა ეს რეალობა და ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა მისცა.
“განსაკუთრებული და ფასდაუდებელი როლი“
გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მიერ მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
მისი განცხადებით, ქვეყნის მართვა მომავალშიც გაგრძელდება იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც, ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლიდან დაამკვიდრა.
“ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი.“ — განაცხადა კობახიძემ.