"რას ავირჩევთ თბილისთან, მტრობას თუ კეთილმეზობლობას?“ — მოსაზრება აფხაზეთიდან
ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივები
აფხაზი საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მომავალსა და ორ მხარეს შორის დიალოგის პერსპექტივებზე საუბრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბჟანია საქართველოს აკრიტიკებს აფხაზების თვითიდენტობის უარყოფისა და აფხაზეთის მიმართ არსებული დამოკიდებულების გამო, მას მიაჩნია, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მაინც შესაძლებელია თუ ამის პოლიტიკური ნება იარსებებს.

ახრა ბჟანია: “ქართული ონლაინმედია მუდმივად საუბრობს აფხაზეთში არსებულ ფსევდოდემოკრატიასა და მის სრულ პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ. თუმცა, მაგალითად, შეგახსენებთ, რომ 2024 წელს აფხაზეთმა რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოახდინა, რადგან ის დისკრიმინაციულად მიიჩნია. რუსეთთან ურთიერთობებში, ბოლო 18 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა.
დიახ, ჩვენ გვსურს მეტი თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში და ქვეყნის უფრო ეფექტიანი მართვა. სხვათა შორის, ამ მხრივ საქართველოსგან ბევრი რამის სწავლა გვსურს. თუმცა საქართველო არ უნდა გვაკრიტიკებდეს კონტროლის მექანიზმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინების გამო. მსოფლიოში ძნელად თუ ვინმე გაბედავს საქართველოს ისეთ ქვეყნად მოხსენიებას, რომელმაც ფაქტობრივად დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადაინაცვლა, თუმცა ახლა ავტორიტარიზმისკენ ბრუნდება. აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ მმართველი პარტიის ლიდერებისთვის დაწესებული სანქციებიც სწორედ ამას ადასტურებს.
ჩვენ დემოკრატიული ღირებულებები არა სიტყვებით, არამედ საქმით უნდა დავიცვათ. არ უნდა ვაპატიმრებდეთ პოლიტიკოსებს, არ უნდა ვაყალბებდეთ არჩევნებს, არ უნდა ვიღებდეთ კანონებს, რომლებიც მოქალაქეთა უფლებებს ზღუდავს და მათ ღირსებას აკნინებს. მათი ღირსების პატივისცემისთვის არ უნდა ვსარგებლობდეთ პარალელური იმპორტით, მიუხედავად ევროპული ინტეგრაციის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა. ცხადია, საქართველოს ხელისუფლება ამას მხოლოდ კეთილი ნებით არ აკეთებს – მას ეკონომიკის გაძლიერება სჭირდება. მაგრამ თუ ასეა, მაშინ ნუ დაგვადანაშაულებთ ჩვენს დამოკიდებულებაში.
ყველაზე მეტად კი ის ამპარტავნება მაღიზიანებს, რომლითაც ქართველი პოლიტიკური აქტივისტები აფხაზების თვითიდენტობას ეჭვქვეშ აყენებენ და მათ ისტორიულ და კულტურულ კავშირს საკუთარ სამშობლოსთან უარყოფენ.
ამის შემდეგ კი გვთავაზობენ ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას. მხოლოდ წარმოდგენაც საკმარისია იმისთვის, თუ როგორ მოექცეოდნენ აფხაზებს ასეთ კონფედერაციაში. თუმცა რატომ უნდა წარმოვიდგინოთ? ეს უკვე ვნახეთ საბჭოთა პერიოდში და იქ დაბრუნებას არ ვაპირებთ.
მიუხედავად ამისა, მომავლის გეგმები დღევანდელი რეალობიდან უნდა გამომდინარეობდეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია დაუსრულებლად ვაკრიტიკოთ ერთმანეთი და მომავალში მძიმე სასჯელით დავემუქროთ, მაგრამ მოიტანს თუ არა ეს რაიმე შედეგს დღეს? მე ასე არ ვფიქრობ.
აქ ჩნდება კითხვა: აუცილებელია და შესაძლებელია თუ არა პირდაპირი, ოფიციალური დიალოგი აფხაზეთსა და საქართველოს შორის?
ამ ეტაპზე ეს რეალისტურად არ გამოიყურება. თუმცა ჩვენი სამყარო ინტერესებითა და სარგებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით იმართება. დავუშვათ, რომ ყველა ბარიერის, უნდობლობისა და ორმხრივი წყენის მიუხედავად, დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები ორივე ეკონომიკას ახალ იმპულსს მისცემს და შედეგად ჩვენი ქვეყნების პოზიციებიც უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ აფხაზეთის პრეზიდენტმა, ყველა ოფიციალური ბარიერის გვერდის ავლით, პირდაპირ უნდა მიმართოს საქართველოს მოსახლეობას და მოუწოდოს, წარსულზე კი არა, მომავალზე იფიქრონ. მან უნდა შეახსენოს მათ, რომ არ არსებობს არც ერთი აფხაზური ოჯახი, რომელსაც ჩვენს ხალხებს შორის ომის შედეგად ახლობელი არ დაუკარგავს. მან უნდა მოითხოვოს ჩვენი არჩევანის პატივისცემა, რადგან კავკასიაში მტრებსაც კი სცემენ პატივს.
არც ომს და არც ბლოკადას გავლენა არ მოუხდენია და ვერც ოდესმე მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. თქვენ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიას გვიწოდებთ, ხოლო თქვენი ყოფილი პარტნიორები თქვენ რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ ავტორიტარულ სახელმწიფოდ მოგიხსენიებენ.
იქნებ დროა, იდეოლოგიური კლიშეები გვერდზე გადავდოთ და ერთმანეთს უბრალოდ აფხაზეთი და საქართველო ვუწოდოთ?
ჩვენ მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ და ისტორიამ არ იცის მარადიული მტრები. საერთაშორისო ლოგისტიკა, ენერგეტიკა, აგრობიზნესი, დასვენებისა და ტურიზმის სფერო – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რომლებიც ჩვენი უთანხმოებების მოგვარების შემთხვევაში ორივე მხარეს გაუჩნდება.
საბოლოოდ, არჩევანი ასეთია: დავუტოვოთ თუ არა ჩვენს შვილებს მტრობა მემკვიდრეობად, თუ კეთილმეზობლობა ჩვენი ქვეყნების და მთელი კავკასიის საკეთილდღეოდ?“