რუსეთის ზეწოლა სომხეთზე არჩევნებამდე: ეკონომიკა, როგორც ბერკეტი
რუსეთის ეკონომიკური ზეწოლა სომხეთზე არჩევნებამდე
30 მაისიდან რუსეთმა სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის იმპორტი აკრძალა. ეს არის უახლესი ნაბიჯი იმ შეზღუდვების სერიაში, რომლებიც მოსკოვმა 2026 წლის გაზაფხულიდან სომხურ პროდუქციაზე ეტაპობრივად დააწესა.
თავდაპირველად შეზღუდვები შეეხო “ჯერმუკის“ მინერალურ წყალსა და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელს. მოგვიანებით, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა დროებით აკრძალა სომხეთიდან ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეების იმპორტიც. “როსელხოზნადზორმა“ პრობლემებზე მიუთითა ასევე სომხური ბოსტნეულის, ხილისა და მეცხოველეობის ზოგიერთი პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ოფიციალურად, მოსკოვი გადაწყვეტილებებს სანიტარული და ფიტოსანიტარიული ნორმების დარღვევით ხსნის. თუმცა, სომხეთის ექსპერტთა და პოლიტიკურ წრეებში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ეკონომიკური ზეწოლა რეალურად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ერევანი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.
მოსკოვის გაფრთხილება ევროკავშირის თემაზე
დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა წერილმა, რომელიც სომხეთმა ცოტა ხნის წინ რუსეთისგან მიიღო. დოკუმენტში საუბარია ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდების შესახებ შეთანხმებების შესაძლო შეწყვეტაზე.
ინტერფაქსის ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ სომხეთის მიერ ევროკავშირთან დაახლოების პრაქტიკული ნაბიჯები და ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებული მისწრაფება საფრთხეს უქმნის რუსეთ-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებულ მოდელს.
ერევანში აცხადებენ, რომ წერილი “შესწავლის პროცესშია“ და საჭიროების შემთხვევაში სომხური მხარე შესაბამის პასუხს გასცემს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანი აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები წარსულშიც არაერთხელ წარმოშობილა. მისი თქმით, ერევანი მზად არის საკითხების “კონსტრუქციულ და პარტნიორულ ატმოსფეროში“ გადასაჭრელად, თუმცა პარალელურად გააგრძელებს ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და ახალი ბაზრების ძიების პოლიტიკას.
ევრაზიულ კავშირსა და ევროპას შორის
რუსეთში ბოლო თვეებში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რომ სომხეთმა მკაფიო არჩევანი გააკეთოს: დარჩეს თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, თუ ევროკავშირის მიმართულებით გააგრძელოს სვლა.
სომხეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ორივე სტრუქტურაში ერთდროული ინტეგრაცია შეუძლებელია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების დრო ჯერ არ დამდგარა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი განმარტა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე მუშაობს და ეკონომიკის გარდამავალი პერიოდისთვის მომზადებას ცდილობს. მისი თქმით, საბოლოო არჩევანს თავად სომეხი ხალხი გააკეთებს.
ერთი დღით ადრე ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას არ გეგმავს. ამასთან, მან მკაცრად გააკრიტიკა ნებისმიერი მცდელობა, რომელიც სომხეთზე ზეწოლას ისახავს მიზნად.
“სომხეთის ეკონომიკა საფრთხეში არ არის; მილიარდობით ინვესტიციაა მოსალოდნელი. ჩვენ მშვიდად და მოთმინებით ვიმუშავებთ ჩვენს რუს პარტნიორებთან და ყველა საკითხს მოვაგვარებთ“, — განაცხადა მან.
არჩევნების წინ მზარდი ზეწოლა
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები უკავშირდება სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 7 ივნისს უნდა გაიმართოს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ცდილობს, ეკონომიკური ზეწოლით გავლენა მოახდინოს როგორც საზოგადოებრივ განწყობებზე, ისე პრორუსული პოლიტიკური ძალების პოზიციებზე.
პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი თვლის, რომ შეზღუდვები, სავარაუდოდ, დროებითი იქნება და არჩევნების შემდეგ თანდათან მოიხსნება. მისი თქმით, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად უკვე წლებია იყენებს.
“უნდა გავიხსენოთ 2004-2005 წლები, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთმა მოულოდნელად დაიწყო საუბარი “ბორჯომის“ წყალში მავნე ნივთიერებების არსებობაზე. მაშინ სომხური “ჯერმუკი“ ალტერნატივად მიიჩნეოდა. ახლა სიტუაცია შებრუნებულია“, — ამბობს გევონდიანი.
მისი შეფასებით, მოსკოვი ცდილობს სომხურ საზოგადოებას აჩვენოს უკმაყოფილება ერევნის საგარეო-პოლიტიკური კურსის მიმართ და გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის განწყობებზე.
რატომ არ აწყობს მოსკოვს ხანგრძლივი შეზღუდვები
გევონდიანი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის სომხურ პროდუქციაზე ხანგრძლივი ემბარგოს შენარჩუნება ეკონომიკურადაც ნაკლებად მომგებიანია.
მისი თქმით, სომხური მინერალური წყალი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და განსაკუთრებით კონიაკი რუსეთის ბაზარზე სტაბილური მოთხოვნით სარგებლობს და საკუთარი მომხმარებელი ჰყავს.
“შეზღუდვების მიუხედავად, ამ პროდუქციის ნაწილი მაინც აღწევს ბაზარზე სხვადასხვა არხით, რადგან მოთხოვნა შენარჩუნებულია“, — ამბობს პოლიტოლოგი.
ახალი ბაზრების ძიება და ძველი დამოკიდებულება
სომხეთში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანამ რუსეთის ბაზარზე კრიტიკული დამოკიდებულება უნდა შეამციროს.
თუმცა ექსპერტები აღიარებენ, რომ ამ ეტაპზე სომხეთს არ აქვს ალტერნატიული ბაზარი, რომელიც რუსეთს სრულფასოვნად ჩაანაცვლებდა.
გევონდიანის თქმით, გამოსავალი ექსპორტის დივერსიფიკაციასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაშია, რათა სომხურმა კომპანიებმა ევროპული, ჩრდილოეთ ამერიკული და აზიური ბაზრების მოთხოვნებს უპასუხონ.
მას მაგალითად მოჰყავს კანადა, რომელმაც სომხური ჩირის იმპორტის მიმართ ინტერესი გამოხატა, თუმცა სომხურმა ბიზნესმა საჭირო მოცულობების მიწოდება ვერ შეძლო.
ექსპერტები ასევე მიუთითებენ ლოგისტიკურ პრობლემებზე. სომხეთის საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ზემო ლარსის მარშრუტზეა დამოკიდებული, რის გამოც ერევანში სულ უფრო ხშირად საუბრობენ თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე, რაც ევროპულ ბაზრებზე წვდომას გაამარტივებდა და ტრანსპორტირების ხარჯებს შეამცირებდა.