მარკო რუბიოს ვიზიტი ერევანში: TRIPP-ის პროექტი და ახალი სტრატეგიული პარტნიორობა
მარკო რუბიო ერევანში: ხელმოწერილი დოკუმენტების ძირითადი პუნქტები
სომხეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტის გარშემო. ინიციატივა აზერბაიჯანს მის ანკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს და, ამავე დროს, სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას შეუწყობს ხელს.
დოკუმენტს ხელი მოეწერა ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტის დროს, რომელიც სომხეთში მეუღლესთან ერთად ჩავიდა.
“მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რათა გავაგრძელო პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის შეთანხმების წინსვლა – სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისკენ მიმავალი ეს თამამი გზა“, — განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტმა სამშვიდობო პროცესის საფუძველი შექმნა.
ვაშინგტონმა და ერევანმა კიდევ ორი დოკუმენტი გააფორმეს
რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, ასევე ხელი მოაწერეს:
- ქარტიას “სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“;
- ჩარჩო მემორანდუმს “კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწების ელემენტების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“.
დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.
მირზოიანის თქმით, სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობები “უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, ხოლო გაფორმებული შეთანხმებები სომხეთისთვის “უპრეცედენტო შესაძლებლობებს“ შექმნის.
“თქვენი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი აჩვენებს ერევნისა და ვაშინგტონის ურყევ ერთგულებას ჩვენი ორმხრივი კავშირების მუდმივი გაძლიერების მიმართ“, – განაცხადა მან.
გაფართოებული მოლაპარაკებები, დოკუმენტების ხელმოწერა და ერთობლივი განცხადებები ზვარტნოცის აეროპორტში გაიმართა. ერევანში ჩასვლიდან დაახლოებით ერთ საათში რუბიომ სომხეთი დატოვა, რის შემდეგაც მირზოიანმა ჟურნალისტებთან დამატებითი განმარტებები გააკეთა.
რუბიო: “თანამშრომლობა TRIPP-ის პროექტს სცილდება“
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მხოლოდ “ტრამპის გზის“ პროექტით არ შემოიფარგლება.
მისი თქმით:
- ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორმხრივი ურთიერთობების ახალ ჩარჩოს ქმნის;
- პარტნიორობა სტრატეგიული ხდება მაშინ, როდესაც ორივე მხარეს მომავლის საერთო ხედვა აქვს;
- ბუნებრივი რესურსების მოპოვება და გადამუშავება ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძველია;
- აშშ-სა და სომხეთს შეუძლიათ ერთად უზრუნველყონ კრიტიკულ ბუნებრივ რესურსებზე საიმედო წვდომა.
TRIPP-ის შეთანხმების ხელმოწერა “რამდენიმე კვირაში“ იგეგმება
მირზოიანის თქმით, TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებული ძირითადი შეთანხმების ტექსტი უკვე შეთანხმებულია და ახლა მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი.
“პარაფირება ძალიან მალე ხელმოწერის ეტაპამდე მივა. ტექსტი სრულად შეთანხმებულია; არსებობს პოლიტიკური გაგება და შეთანხმება“, — თქვა მინისტრმა.
მისი განცხადებით, გარკვეული დამატებითი დოკუმენტები ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია, თუმცა ერევანი და ვაშინგტონი პროექტის რეალიზაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
“ეს ხდება იმ სპეკულაციების ფონზე, რომ აშშ-მ, სავარაუდოდ, დაკარგა ინტერესი პროექტის მიმართ“, — აღნიშნა მან.
ირანი და რუსეთი
ჟურნალისტების კითხვაზე, შეუშლიდა თუ არა მოსკოვისა და თეირანის უკმაყოფილება ხელს პროექტის განხორციელებას, მირზოიანმა განაცხადა, რომ ირანის შეშფოთება ძირითადად უსაფრთხოების კომპონენტს უკავშირდებოდა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ეს საკითხები ნაწილობრივ გაიფანტა.
მისივე თქმით, TRIPP-ი ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც რუსეთისთვის, ისე ირანისთვის.
“ირანს შეეძლება შავ ზღვაზე წვდომა. არსებითად, სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე ახალი სარკინიგზო კავშირი იქმნება“, – განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, პროექტით სხვა ქვეყნებიც ინტერესდებიან, მათ შორის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით – ელექტროგადამცემი ხაზებითა და მილსადენებით.
იშვიათი მინერალები და ახალი ეკონომიკური მიმართულება
მირზოიანმა აღნიშნა, რომ იშვიათი მიწების ელემენტებისა და კრიტიკული მინერალების მიმართულება სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ახალი სფეროა.
მისი თქმით, ასეთი რესურსები აუცილებელია ჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოებისთვის, ხოლო სომხეთი ცდილობს ამ გლობალური მიწოდების ჯაჭვის ნაწილად იქცეს.
მინისტრმა გაიხსენა, რომ ქვეყნებს უკვე აქვთ თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.
“სომხეთს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ამ ლოგისტიკური მარშრუტების მთავარი ჰაბი“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ინვესტიციებისა და კონკრეტული მინერალების მიმართულებით წინასწარი გეგმები უკვე არსებობს.
შიდა პოლიტიკური დისკუსია სომხეთში
სომხეთის ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი ანალიტიკოსი რუბიოს ვიზიტს მომავალი არჩევნების წინ მმართველი პარტიისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მხარდაჭერად აფასებენ.
ამ შეფასებებს საფუძვლად დაედო რუბიოს განცხადება, სადაც მან თქვა:
“თქვენ და თქვენი მთელი გუნდი გზას უხსნით სომხეთის უფრო ნათელი, უფრო დამოუკიდებელი მომავლისკენ.“
მირზოიანმა ეს ინტერპრეტაცია უარყო და განაცხადა, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების მხრიდან “ძლიერი და ხმამაღალი მხარდაჭერა“ აქვს.
პოლიტოლოგების შეფასება
სომეხმა პოლიტოლოგმა ნარეკ მინასიანმა განაცხადა, რომ ახალი ქარტია სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობების “თვისებრივად ახალ ეტაპზე“ გადასვლას აჩვენებს.
მისი შეფასებით:
- სომხეთისთვის დივერსიფიკაციის ახალი შესაძლებლობები ჩნდება.
- 2025 წლის შეთანხმებასთან შედარებით, ახალი დოკუმენტი უფრო ინსტიტუციურ და პროგრამულ ჩარჩოს ქმნის;
- პარტნიორობის საფუძველი, პირველ რიგში, პრაქტიკული სარგებელია;
- TRIPP ორმხრივი თანამშრომლობის ინფრასტრუქტურულ ბირთვად ყალიბდება;
- ურთიერთობები “დონორი-მიმღების“ მოდელიდან სრულფასოვან პარტნიორობაზე გადადის;
- ეკონომიკური თანამშრომლობა მაღალტექნოლოგიურ და სტრატეგიულ სფეროებზე გადადის.