რატომ შეწყვიტა აზერბაიჯანმა თანამშრომლობა ევროპარლამენტთან და რას ცვლის ეს სინამდვილეში?
აზერბაიჯანი და ევროპარლამენტი
აზერბაიჯანის პარლამენტმა, მილი მეჯლისმა, ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 2026 წლის 30 აპრილს სომხეთში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.
1 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს ევროპარლამენტთან თანამშრომლობის ყველა ფორმატის შეჩერებას, ევროკავშირი–აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში მონაწილეობის დასრულებას და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლის პროცესის დაწყებას. ამ პროცესის განმავლობაში აზერბაიჯანის დელეგაცია ევრონესტის ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ბაქოში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია “მიკერძოებული და უსაფუძვლოა“, განსაკუთრებით იმ ნაწილებში, რომლებიც ყარაბაღელი სომხების დაბრუნებასა და დაკავებული სომხების გათავისუფლებას ეხება.
მილი მეჯლისის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერთჯერადი პოლიტიკური რეაქცია არ არის და იგი ევროპარლამენტთან ურთიერთობების ხანგრძლივი კრიზისის გაგრძელებას წარმოადგენს. ტექსტში ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობები 2015 წელს უკვე შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით აღადგინა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მე-12 პუნქტი მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების დაცვას, მათი კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო გარანტიებით დაბრუნების უფლებას ეხება. დოკუმენტი ასევე ითხოვს საერთაშორისო მისიის გაგზავნას და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას კულტურული მემკვიდრეობის შესაძლო განადგურების საკითხზე.
მე-13 პუნქტში ევროპარლამენტი გმობს აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების, დაკავებულებისა და მძევლების “უსამართლო დაკავებას“ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩი მარიანა კუჯუნჯიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას საპროტესტო ნოტა გადასცეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლება აპროტესტებს დოკუმენტში ტერმინის, “მთიანი ყარაბაღის“ გამოყენებას და აცხადებს, რომ ასეთი ადმინისტრაციული ერთეული აღარ არსებობს, ხოლო რეგიონი ოფიციალურად ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონად ითვლება.
ბაქო ასევე უარყოფს ბრალდებებს, თითქოს ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობა იძულებით გადაასახლეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, ადგილობრივ სომხებს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება და რეგიონში დარჩენა შესთავაზეს, ხოლო მათი გასვლა ნებაყოფლობითი იყო.
აზერბაიჯანი მიუღებლად მიიჩნევს ტერმინების, “სამხედრო ტყვეები“ და “მძევლები“ გამოყენებასაც და აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული ეთნიკური სომხები სამხედრო სასამართლოების მიერ გასამართლებული პირები არიან.
ბაქო უარყოფს სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების ბრალდებებსაც და აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში დუმდნენ ოკუპაციის პერიოდში აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაზე.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწემ ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება რეგიონში სამშვიდობო პროცესს აზიანებს და მას “დესტრუქციული და პროვოკაციული“ ნაბიჯი უწოდა.
მილი მეჯლისის სპიკერმა საჰიბა გაფაროვამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულმა აჩვენამ რომ ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებულ პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს.
პარლამენტარმა ზაჰიდ ორუჯმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი “იმაზე შორს მიდის, ვიდრე თავად ერევნის ხელისუფლება“ და ბრიუსელის პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებას აზიანებს.
ანალიტიკოს აზერ გარაევის შეფასებით, გადაწყვეტილება ევროპასთან ურთიერთობების სრულ გაწყვეტას არ ნიშნავს, თუმცა ქმნის “ცივ პოლიტიკურ დისტანციას“. მისი თქმით, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან გაგრძელდება, მაგრამ პოლიტიკური დიალოგი ნაკლებად სანდო გარემოში გადავა.
ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ორ ძირითად მიმართულებად რჩება. ერთი მხრივ, ევროპარლამენტთან საპარლამენტო ურთიერთობები, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ფართო თანამშრომლობა.
ევროკავშირი და აზერბაიჯანი 1999 წლიდან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობენ. ახალი ჩარჩო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობს.
2026 წლის 29 იანვარს მხარეებმა გააძლიერეს თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და კავშირგაბმულობის სფეროებში. 11 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ განაცხადეს.
ევროპარლამენტთან არსებული კრიზისის მიუხედავად, ბაქოსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში გრძელდება.
ევროპისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო ურთიერთობებში დაძაბულობა 2024 წელსაც გამოიკვეთა, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება არ დაადასტურა. ასამბლეამ შეშფოთება გამოხატა ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის საკითხებზე.
ბაქომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეაჩერა.