პროკურატურამ ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელები დააკავა
ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები
პროკურატურამ 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა.
შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
5 მაისს ტელეკომპანია “ფორმულამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, სისტემიდან “სხვადასხვა წყაროს” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს. ინფორმაცია, ტელეარხის ცნობით, მიაწოდეს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედმა თანამშრომლებმა, და ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარო დაუდასტურა მათ.
რას ამბობს პროკურატურა
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
“ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დავაკავეთ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.
პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.
მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ნათქვამია განცხადებაში.
გურამ როგავას საქმე
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს გურამ როგავას სპეცრაზმელი მაშინ გაუსწორდა, როცა ის პირდაპირ ეთერში მუშაობდა. 28 ნოემბრის ღამეს ჟურნალისტი რუსთაველის გამზირიდან ერთვებოდა სპეციალურ ეთერს და ყვებოდა, რომ სპეცრაზმელები ამორჩევით ესხმოდნენ თავს აქციის მონაწილეებს, იტაცებდნენ, იჭერდნენ და სცემდნენ.
ჩართვაში მან შეამჩნია კიდეც, რომ ისიც მოხვდა სპეცრაზმელის ყურადღების ცენტრში – აი, მეც მიყურებს, ამბობს ჟურნალისტი.
ამის შემდეგ, მისი ხმა იკარგება და რამდენიმე წუთში, როდესაც “ფორმულას” კამერა ტრიალდება, მას ძირს დაგდებულს ვხედავთ. ვიდეოკადრებში, რომელიც “რადიო თავისუფლებამ” გადაიღო, ჩანს, როგორ ურტყამს ჟურნალისტს სპეცრაზმელი ზურგიდან, მიპარვით, მუშტს თავში. ჟურნალისტი მოწყვეტით ეცემა შემაღლებულ ბორდიურთან და გონებას კარგავს.
როგავას სამედიცინო დიაგნოზი შემდეგია: კისერთან ხერხემლის მალის მოტეხილობა, ასევე სახის ძვლის მოტეხილობა თვალთან.
მას გრძელვადიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. საფრთხემ, რომ შესაძლოა მას ოთხივე კიდურში დაეკარგა მგრძნობელობა, გაიარა. ექიმებმა თქვეს, რომ ის ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

ზვიად მაისაშვილის საქმე
30 ნოემბრის დილიდან სოციალური ქსელი შეძრა ვიდეოკადრებმა, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს სპეცრაზმი ძირს დავარდნილ ახალგაზრდას. კადრები მძიმე სანახავია.
ამ კადრებში ჩანს ძირს დავარდნილი გამხდარი ახალგაზრდა ბიჭი, გაჩეჩილი თმებით. მის გარშემო შავსამოსიანი სპეცრაზმელები ირევიან. უცებ, ჯერ ერთი სპეცრაზმელი მიდის მასთან და ფეხის ურტყამს ზურგის არეში, შემდეგ მეორე ჩნდება, ის ქუსლს ურტყამს სახეში და ბოლოს მესამე, ბიჭს, რომელიც თითქოს წამოდგომას ცდილობს, გამეტებით უქნევს წიხლს ისევ სახის არეში. ბიჭი მოწყვეტით ეცემა ქვის ფილებზე.
მხეცებო! – ისმის ახალგაზრდა გოგოს ხმა ვიდეოში, რომელიც ცდილობს ბიჭს გადაეფაროს. ის მუშტებით ცდილობს სპეცრაზმელების მოგერიებას და ყვირილით ითხოვს, ვინმემ სასწრაფო გამოიძახოს. სპეცრაზმი გარბის. ახალგაზრდა ძირს უგონოდ წევს.
მაისაშვილი ამბობს, რომ გონს გვიან, უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვიდა. მხოლოდ მერე გაიგო, რომ ამ მანქანამდე მსახიობებმა გიორგი ბახუტაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა მიიყვანეს.
იმ ღამეს პოლიციამ მისი ძმა, გიორგიც სცემა. ის დააკავეს კიდეც და ექვსდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგის თვალი აქვს ჩალურჯებული.

ლევან ხაბეიშვილის საქმე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელ თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტსაბჭოს ახლანდელ თავმჯდომარესა და ამჟამად პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 2024 წლის 1 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.
“დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი” – აცხადებდა მაშინ პარტია.
რამდენიმე დღის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარიამ დოლიძემ ის პირები დაასახელა, ვინც, მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2024 წლის 1-ელ მაისს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდნენ.
“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გდდ-ს სპეციალური ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი, იაგო ახალკაცი; სამმართველოს უფროსები: ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი და მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, დავით ყამარაული არიან ის სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც 2024 წლის 30 აპრილს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
ასევე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის წამებისთვის, იაგო ახალკაცს, ლაშა ჭიკაიძეს და დავით ყამარაულს ჯილდოს სახით ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ. აგრეთვე ადგილზე იმყოფებოდნენ ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება; მაშინდელი მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ახლანდელი უფროსი და მაშინდელი უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი. სწორედ ეს ადამიანები ახდენდნენ ხაბეიშვილის წამებისას ფოტო-ვიდეო გადაღებასა და შემდგომ გავრცელებას. საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს მივმართავ, 2 წლის თავზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს, არსებული საკითხი გამოიკვლიოს და მართლმსაჯულება დადგეს”. – თქვა დოლიძემ.
