საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას.
სუს-ის ცნობით, საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ანალოგიურ დანაშაულში არიან მხილებულნი. უწყების განცხადებით, ისინი ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან; მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ და საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება.
რას ამბობს გამოძიება
გამოძიების მიხედვით, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა გადაიბირა და მას ფსევდონიმი მიენიჭა. სუს-ის განცხადებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მას ევალებოდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.
უწყების ინფორმაციით, დავალებები მოიცავდა მონაცემების შეგროვებას საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე ამ ობიექტების ფოტო და ვიდეო გადაღებას.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, ინფორმაცია ეხებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებს, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებს და სხვა ობიექტებს, მათი განთავსებისა და ვიზუალური მასალის შეგროვების ჩათვლით.
სუს-ის განცხადებით, ანალოგიური დავალებები ჰქონდათ მიღებული კიდევ ორ მოქალაქეს, რომლებიც ასევე გადაბირებულნი იყვნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ და ახორციელებდნენ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გამოძიების ფარგლებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის სასარგებლოდ ხორციელდებოდა სავარაუდო ჯაშუშობა.
დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ სხვა პირს ბრალდება იმავე მუხლით დაუსწრებლად წარედგინებათ.