უსაფრთხოების სამსახურმა ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
გაზიარება
გაზიარება
ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს მოქალაქე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” (ISIS) კავშირში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულებს შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო მეორე – საქართველოს მოქალაქე.
უწყების ინფორმაციით, ოპერაცია განხორციელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში. კონტრტერორისტული ცენტრი აღნიშნულ პირებზე წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, მათ შორის საქართველოში მათი შემოსვლისა და მიზნების შესახებ.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და ნაქირავებ საცხოვრებელში დასახლდნენ. მათი საქართველოში ყოფნის პერიოდი ოპერატიული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე.
სუსის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გაწევრიანებულნი იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში“. მათ დადეს ერთგულების ფიცი, ე.წ. ბაიათი, რაც ვიდეოჩანაწერის სახით დაფიქსირდა და ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს გადაეგზავნა. უწყების განცხადებით, ბრალდებულები მზად იყვნენ ორგანიზაციის ლიდერების მითითებების შესასრულებლად.
გამოძიების ფარგლებში ასევე დგინდება, რომ ისინი გეგმავდნენ საქართველოს დატოვებას და სხვა ქვეყანაში გამგზავრებას, სადაც “ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს უნდა შეერთებოდნენ.
სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, მობილური ტელეფონები, დაურეგისტრირებელი SIM ბარათები, ორგანიზაციის სიმბოლიკის შემცველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და სხვა მასალები, რომლებიც საქმესთან კავშირშია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.