„უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ ნავში ვართ“ - სომეხი ექსპერტები აზერბაიჯანში ვიზიტზე
სომეხი ექსპერტების ვიზიტი აზერბაიჯანში
სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების 19 წარმომადგენელი აზერბაიჯანის ქალაქ გაბალიდან დაბრუნდა, სადაც აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობდნენ მორიგ შეხვედრაში ინიციატივის – „მშვიდობის ხიდი“ – ფარგლებში. აზერბაიჯანიდან დაბრუნებისთანავე ისინი ჟურნალისტებს შეხვდნენ და ისაუბრეს, რა საკითხები განიხილეს და რა შედეგებამდე მივიდნენ.
ანალიტიკური ცენტრის „სომხური საბჭოს“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი არეგ ქოჩინიანი, რომელიც სომხური მხარის მუშაობას კოორდინირებს, დარწმუნებულია: უკვე მეოთხედ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების შეხვედრის ფაქტი თავისთავად სერიოზული მიღწევაა. მისი თქმით, ინიციატივის მონაწილეები ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე არიან განწყობილნი.
„ეს ვიზიტები ხელს უწყობს მშვიდობის დღის წესრიგის წინ წაწევას, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს შორის მშვიდობის დამყარებას. გარკვეულწილად, ისინი ასევე მხარს უჭერენ იმ მშვიდობის დღის წესრიგს, რომელსაც ორივე ქვეყნის ხელისუფლება ავითარებს“, – განაცხადა ქოჩინიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგებს აინტერესებდათ სომხეთში ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „სამშვიდობო პროცესის მომავალი დიდწილად ამ ცვლადზეა დამოკიდებული“, პოლიტოლოგის თქმით, აზერბაიჯანელი პარტნიორების კითხვები კორექტულობის ფარგლებში რჩებოდა:
„ისინი აღიარებენ, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა და არ ცდილობენ რაიმე ფორმით ჩაერიონ მასში ან გავლენა მოახდინონ“.
ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ ძირითადი გზავნილების მიმოხილვას, რომლებიც პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. პრესკონფერენციაში ინიციატივის სომხური მხარის ხუთი დამფუძნებელი მონაწილეობდა.
ასევე გთავაზობთ JAMnews-ის სომხური რედაქციის რედაქტორის შთაბეჭდილებებს ვიზიტზე.
„სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა ჩვენ გვჭირდება და არა სხვებს“ – ფაშინიანის ბრიფინგის მთავარი თეზისი
ერევანში განიხილავენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების შესაძლო დაკავშირების პერსპექტივას
„დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი ეკონომიკური გარიგება“: აზერბაიჯანული ბენზინი უკვე სომხეთშია
10-12 აპრილს გაიმართა ინიციატივა „მშვიდობის ხიდის“ მონაწილეთა მეოთხე შეხვედრა. როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული მხრიდან მასში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. ეს უკვე მეორე ვიზიტი იყო სომეხი ექსპერტებისთვის აზერბაიჯანში. პირველ შეხვედრაში ინიციატივის ხუთი დამფუძნებელი მონაწილეობდა, მეორეში კი უკვე გაფართოებული ჯგუფი – 19 ექსპერტი.
მრგვალი მაგიდები მორიგეობით იმართება ხან სომხეთში, ხან აზერბაიჯანში. ბოლო ორი შეხვედრის მონაწილეები, როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში, მეზობელ ქვეყანაში საჰაერო გზით არ ჩასულან. მათ ხმელეთით გადაკვეთეს სახელმწიფოთაშორისი საზღვარი თავუშ-გაზახის მონაკვეთზე. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ეს ნაწილი უკვე დელიმიტირებული და დემარკირებულია. ინიციატივის მონაწილეებმა ყველა შესაბამისი სასაზღვრო და საპასპორტო პროცედურა გაიარეს.
გაბალაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ის „კონსტრუქციული დიალოგისა და გულწრფელი დისკუსიების ატმოსფეროში“ ჩატარდა. გაბალაში ასევე გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელ ჰიქმეთ ჰაჯიევთან. ცნობილია, რომ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების, სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის საკითხები.
„არის თემები, რომელთა განხილვაც ჯერ არ შეგვიძლია“
ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე „მშვიდობის ხიდის“ მონაწილეებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ გაბალაში საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. ეს სპექტრი მოიცავდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს – სამშვიდობო შეთანხმებიდან და კომუნიკაციების გახსნიდან დაწყებული, ორი ქვეყნის შესაძლო თანამშრომლობით სხვადასხვა მიმართულებით დასრულებული.
მათ ჟურნალისტებს დაარწმუნეს, რომ მათი დისკუსიებში ტაბუდადებული თემები არ არსებობს. თუმცა, არის საკითხები, რომელთა დეტალურ განხილვას ორივე ქვეყნის მონაწილეები ჯერ გადადებენ.
„ორივე მხარეს ჯერ არ შეუძლია წარსულზე საუბარი. ისინი ამისთვის მზად არ არიან. ჯერ არ მოუშუშებიათ ჭრილობები, არ გადაულახავთ ტკივილი. ეს ინიციატივა იმაზეა, რომ ოდესღაც ამ ძალიან მტკივნეულ საკითხებზეც შევძლებთ საუბარს“, – აღნიშნა „დემოკრატიის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ნაირა სულთანიანმა.
იმ თემებიდან, რაც განიხილეს, პოლიტოლოგმა არეგ ქოჩინიანმა განსაკუთრებით გამოყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა ნახშირწყალბადებისა და ელექტროენერგეტიკის სფეროებში.
მან ასევე თქვა, რომ ინიციატივაში ჩართული ექსპერტები მსჯელობენ იდეებსა და ინიციატივებზე, რომლებიც სამშვიდობო პროცესს გააძლიერებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი უკვე ამოქმედებულია. ეს არის ერევნისა და ბაქოს პრესკლუბების ერთობლივი გადაცემების ციკლი.
ერევნის პრესკლუბის საპატიო პრეზიდენტის, ბორის ნავასარდიანის თქმით, როგორც აზერბაიჯანელი პარტნიორები, ისე ადგილობრივი მედია ინიციატივის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ:
„შექმნილი ატმოსფერო და კონტაქტების ინტენსივობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. როდესაც ოფიციალური სომხურ-აზერბაიჯანული ფორმატი უფრო აქტიური გახდება, გაჩნდება ძალიან კონკრეტული ინიციატივებიც. მათში ჩაერთვებიან კონკრეტული ორგანიზაციები და ცალკეული პირები, რომლებიც „მშვიდობის ხიდის“ 20+20 ფორმატში მონაწილეობენ. ჩვენ ვიხილავთ პროგრესს ძალიან კონკრეტულ თემატურ მიმართულებებში“.
„მშვიდობის ხიდის“ მონაწილეები არ გამორიცხავენ ახალი ფორმატების შექმნის შესაძლებლობასაც. კერძოდ, საუბარია ცალკეულ კლასტერულ მიმართულებებზე მუშაობაზე. მომავალში შესაძლებელია ბიზნესმენების, ეკოლოგების, ორი ქვეყნის ეკონომისტებისა და სხვა სფეროს სპეციალისტების თანამშრომლობაც.
სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების მესამე შეხვედრა
„ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება დაუშვებელია“
ნაირა სულთანიანის თქმით, განხილვის დღის წესრიგი აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ყალიბდება და ხელისუფლება ამ პროცესში არ ერევა:
„ძირითადად, სამ საკითხს განვიხილავთ. ეს არის პრობლემები, რომლებიც გვაწუხებს, დაბრკოლებები სამშვიდობო პროცესის გზაზე, ასევე ის შესაძლებლობები, რომელთა ხელიდან გაშვებაც არ გვინდა“.
მისი თქმით, ამჯერადაც სომხურმა მხარემ აზერბაიჯანში მყოფი პატიმრებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი დააყენა:
„ეს გულწრფელი საუბარი იყო. კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ პატიმრების საკითხი სამშვიდობო პროცესის ლოგიკაში აღარ ჯდება. ის ბევრად შორს არის წასული. ეს საკითხები უნდა გადაწყდეს, რათა სამშვიდობო პროცესის პროგრესი გარანტირებული იყოს“.
მისივე თქმით, ინიციატივის მონაწილეები ცდილობენ გაიგონ, როგორ შეიძლება ხელი შეუწყონ მხარეებს შორის ნდობის გაძლიერებას, რათა შეიქმნას გარემო, სადაც ჰუმანიტარული საკითხები იქნება „ნაკლებად ტოქსიკური, ნაკლებად პოლიტიზებული და აღარ იქნება გამოყენებული ზეწოლის ინსტრუმენტად“.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის წინაშე საერთო გამოწვევები დგას“
სხვა საკითხებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რეგიონში შექმნილი ვითარებაც განიხილეს. პოლიტოლოგ ნარეკ მინასიანის თქმით, მხარეები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, ერთი მხრივ, და ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები, მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასიისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის, რომელიც „ამჟამად ფაქტობრივად სტაბილურობისა და მშვიდობის კუნძულად იქცა“.
ინიციატივის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ერევნისა და ბაქოს ინტერესშია, კონფლიქტები არ გამწვავდეს, მათი გეოგრაფია არ გაფართოვდეს და ვითარება რაც შეიძლება მალე დარეგულირდეს:
„აზერბაიჯანულმა მხარემ ამ საკითხზე საკმაოდ მკაფიო გზავნილი გააჟღერა. მათი აზრით, სომხეთი და აზერბაიჯანი უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ ნავში არიან, რეგიონული გამოწვევები ორივესთვის საერთოა. შესაბამისად, აუცილებელია მიმდინარე სიტუაცია შევაფასოთ და ვეცადოთ მისი გამყარება“.
მან ხაზი გაუსვა, რომ განხილვების დროს ექსპერტები ერთ მოსაზრებამდე მივიდნენ: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღევანდელმა დონემ უსაფრთხოების სფეროში გარკვეული „იმუნიტეტი“ შექმნა. ხოლო ამის გარეშე იარსებებდა „მესამე ქვეყნების ჩარევისა და რეგიონში მიმდინარე ომის გეოგრაფიის გაფართოების დიდი რისკი“.
„არსებობს შეშფოთება TRIPP-ის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით“
ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს, როგორ შეიძლება რეგიონულმა მოვლენებმა გავლენა მოახდინოს პროექტ TRIPP-ის განხორციელებაზე.
„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (Trump route for international peace and prosperity – TRIPP) არის გზა, რომელიც აზერბაიჯანს მის ავტონომიასთან, ნახიჩევანთან, სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს.
რამდენიმე წლის განმავლობაში ერევანი და ბაქო ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ აღწევდნენ. აზერბაიჯანი ითხოვდა გზის გამოყოფას, რომელსაც „ზანგეზურის კორიდორს“ უწოდებდა. სომხეთის ხელისუფლება პასუხობდა, რომ მზად იყო ყველა გზის გასახსნელად, მაგრამ არ ეთანხმებოდა ტერმინს „კორიდორი“, რადგან ეს ქვეყნის კონტროლის, ანუ ამ ტერიტორიაზე სუვერენული უფლებების დაკარგვას გულისხმობს.
მხარეები მხოლოდ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში შეთანხმდნენ იმაზე, რომ გზა სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ დარჩებოდა, ხოლო აშშ გზების გახსნის პროცესში ბიზნეს-პარტნიორის როლს შეასრულებდა. სწორედ ამიტომ მიიღო პროექტმა სახელწოდება „ტრამპის მარშრუტი“ – შუამავლის სახელის მიხედვით.
„ვცდილობთ გავიგოთ, რა გადაწყვეტილებებია შესაძლებელი, თუ მოვლენები გაჭიანურდება, ირანში ომი გაგრძელდება, ან თუ TRIPP მოულოდნელად იმ ინფრასტრუქტურად განიხილება, რომელიც კონფლიქტის დროს შეიძლება თავდასხმის სამიზნე გახდეს“, – თქვა ინიციატივის კიდევ ერთმა მონაწილემ, პოლიტოლოგმა სამველ მელიქსეტიანმა.
მისი თქმით, შეშფოთება არსებობს როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ მხარეს. მან ხაზი გაუსვა, რომ ნახიჩევანთან კავშირი ბაქოსთვის საკვანძო საკითხად რჩება:
„გახსნის შესაძლებლობა სომხური მხარის ძალისხმევაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ დახურულ საზღვრებს მივეჩვიეთ, არ გავხდით ტრანზიტული ქვეყანა. ხოლო როცა ტრანზიტული ქვეყანა არ ხარ, აღარ ფიქრობ გზების ხარისხზე ისე, რომ ამ სფეროში კონკურენტუნარიანი იყო“.
მელიქსეტიანმა განმარტა, რომ სომხეთმა უნდა შექმნას ხარისხიანი კომუნიკაციები და ტექნიკური გადაწყვეტილებები, რათა კონკურენტუნარიანი გახდეს. მაგალითადაც მოიყვანა ის, რასაც გაბალაში მგზავრობისას წააწყდა. მატარებელი განჯა-გაბალის ხაზზე, რომლითაც სომეხი ექსპერტები შეხვედრის ადგილზე მივიდნენ, 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. სომხეთის რკინიგზაზე გადაადგილების სიჩქარე მნიშვნელოვნად დაბალია.
„საუბარი არ არის იმაზე, რომ წარსული დავივიწყოთ“
არეგ ქოჩინიანმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებთან შეხვედრებზე დაადასტურეს: ორ ქვეყანას შორის მშვიდობა უკვე დამყარებულია. ამასთან, მან უარყო ბრალდებები, თითქოს ინიციატივა ხალხების მიერ გადატანილი ტრაგედიების დავიწყებას ცდილობდეს:
„ინიციატივა არ არის იმაზე, რომ წარსული დავივიწყოთ, შევცვალოთ, შევასწოროთ ან გადავწეროთ. ის მიმართულია იმისკენ, რომ არსებულ ნარატივებთან, ისტორიასა და რეალობასთან ერთად ჩამოყალიბდეს ახალი ნარატივები და ახალი შესაძლებლობები“.
პოლიტოლოგის აზრით, ვერავინ მისცემს გარანტიას ინიციატივის ან საერთოდ სამშვიდობო პროცესის წარმატებაზე, მაგრამ „მშვიდობა არასოდეს დადგება“, თუ ამ მიმართულებით მუშაობა არ გაგრძელდება:
„ჩემი გაგებით, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაც კი მშვიდობის საბოლოო წერტილი კი არა, საწყისი წერტილია. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება საზოგადოებებს შორის მშვიდობის მშენებლობის რეალური პროცესი და ნამდვილი მშვიდობის ფორმირება“.
„ხედვა შიგნიდან“
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდა JAMnews-ის სომხური რედაქციის რედაქტორი ნაირა მარტიკიანიც. მან სომხურ რედაქციასთან შეხვედრისას საკუთარი შთაბეჭდილებები გააზიარა:
„თავიდანვე ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებები პოზიტიური და იმედისმომცემია. უფრო დიდი დარწმუნებით დავბრუნდი, რომ მშვიდობა უკვე დამყარებულია. როგორც სესიების დროს, ისე კოლეგებთან არაფორმალურ საუბარში დავრწმუნდი, რომ აზერბაიჯანში რეალურად არსებობს მშვიდობის განწყობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამაში დაგვარწმუნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰიქმეთ ჰაჯიევმაც:
„მშვიდობა დამყარებულია. აზერბაიჯანი სრულად უჭერს მხარს მშვიდობის დღის წესრიგს“, – თქვა მან.
უფრო მეტიც, მან გვთხოვა, ჩვენი საზოგადოებებისთვის მიგვეტანა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი დასრულებულია.
შეიქმნა უნიკალური ვითარება: ჩვენს გვერდით, ირანში, ომი მიმდინარეობს, ხოლო ორი მეზობელი ქვეყანა, რომლებსაც მრავალწლიანი კონფლიქტის ისტორია აქვთ, განიხილავენ, როგორ დაამყარონ თანამშრომლობა და ეს სხვადასხვა მიმართულებით.
აზერბაიჯანელ კოლეგებთან უკვე ორი შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირი და ღია დიალოგი ორივე მხარისთვის სასარგებლოა. სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტები გამოდიან საინტერესო, ზოგჯერ მოულოდნელი წინადადებებით, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს ცხოვრება ორივე ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში. ერთი სიტყვით, საკმაოდ პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს. ახლა მთავარია, ის გაგრძელდეს და იდეების პრაქტიკაში განხორციელების ეტაპამდე მივიდეს“.