როგორ გააძევა საქართველომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი: სადიგოვის საქმის ქრონოლოგია და კითხვები
აფგან სადიგოვის გაძევება

4 აპრილს, ღამე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი აფგან სადიგოვი თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს. იმავე ღამეს შედგა სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლემ სადიგოვის საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღასრულეს. უკვე რამდენიმე საათში, ჟურნალისტი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნება, ბაქოში იყო. ოფიციალურად საქმე სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ეხება. თუმცა, პროცესის სისწრაფე და კონტექსტი ამ ვერსიას საეჭვოს ხდის.
აზერბაიჯანი აფგან სადიგოვის გადაცემას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. მისი ადვოკატები ამ ნაბიჯს სახიფათოდ აფასებდნენ და ექსტრადიციის შესახებ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს, რის შედეგადაც პროცესი დროებით შეჩერდა.
მნიშვნელოვანი დეტალი – 6 აპრილს, ანუ ამ შემთხვევიდან მეორე დღეს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ელიან.
__________________________
რა მოხდა: ქრონოლოგია
აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე დააკავეს. მისი ადვოკატების ინფორმაციით, სამართალდამცავები ბინაში მაშველების დახმარებით შევიდნენ, კამერების ჩანაწერები ნაწილობრივ წაიშლილია, ხოლო დაკავების მომენტი საერთოდ არ არის დაფიქსირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ჟურნალისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს და შეიძლება დასრულდეს ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით. უწყებას არ განუმარტავს, კონკრეტულად როდის და რა ფორმით მოხდა ეს შეურაცხყოფა.
იმავე ღამეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო წესით ჩაინიშნა სხდომა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გადაწყვეტილება გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა: სადიგოვს დაეკისრა ჯარიმა ორი ათასი ლარი და დაევალა ქვეყნის დატოვება. სადიგოვს ასევე სამი წლით აეკრძალა საქართველოში შემოსვლა.
რამდენიმე საათში გადაწყვეტილება აღსრულდა – ჟურნალისტი აზერბაიჯანში გააძევეს.
რა გახდა საქმის საფუძველი – შსს ვერსია
სადიგოვის წინააღმდეგ საქმე ოფიციალურად ეფუძნებოდა 1 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის აკრიტიკებდა პოლიციელებს ავტორიტარულ სისტემებში.
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, – ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
თავად ჟურნალისტი მის წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად მიიჩნევს.
ჟურნალისტის ადვოკატი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ პროცესები წინასწარ იყო დაგეგმილი და კოორდინირებული საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის, რაზეც მოვლენების სინქრონული განვითარება მიუთითებს:
__ 1 აპრილს აზერბაიჯანმა მოულოდნელად შეწყვიტა სადიგოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა;
__ 2 აპრილს აღნიშნული ინფორმაცია თავად სადიგოვსაც მიაწოდეს;
__ 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა;
__ ხოლო 4 აპრილს სადიგოვს აკავებენ და რამდენიმე საათში აზერბაიჯანში აძევებენ.
სადიგოვის გაძევების შემდეგ ქართული მხარე სწორედ იმაზე აპელირებს, რომ მისი წინააღმდეგ აზერბაიჯანში სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია. შსს აცხადებს, რომ საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია.
უწყება ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას დაკავებისას ძალადობის შესახებ.
ამასთან, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სადიგოვი წარსულში არაერთხელ იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში მხილებული, მათ შორის აქციებზე გზის გადაკეტვის გამო.
კონტექსტი: რატომ იყო სადიგოვი საქართველოში
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბერში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი იყო და აზერბაიჯანში ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული დევნა. აზერბაიჯანი სადიგოვის ექსტრადიციას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.
აფგან სადიგოვი, რომელიც საინფორმაციო პორტალ Azel.TV-ს ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანში პირველად დააკავეს 2020 წლის მაისში ფულის გამოძალვის ბრალდებით. 2020 წლის 3 ნოემბერს სასამართლომ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შემდგომში, სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა ექვს წლამდე, ხოლო აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა.
2024 წელს ის დააკავეს საქართველოში და წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა. პატიმრობაში ყოფნის დროს იგი პროტესტის ნიშნად 141 დღე შიმშილობდა. მისი მოთხოვნა იყო, არ გადაეცათ იგი აზერბაიჯანისთვის.
სადიგოვის ადვოკატებმა ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგმა მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც ექსტრადიციის შეჩერებას გულისხმობდა.
სწორედ ამ ფონზე, აზერბაიჯანმა 1 აპრილს მოულოდნელად შეწყვიტა სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა – ფორმალური მიზეზი, რის საფუძველზეც მის გადაცემას ითხოვდნენ.
თბილისში ყოფნისას, აფგან სადიგოვი რეგულარულად მონაწილეობდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში. ის საჯაროდ გამოხატავდა სოლიდარობას პროევროპულ მოძრაობასთან და აქტიურად უჭერდა მხარს დემოკრატიულ და ევროპულ არჩევანს, რის გამოც ხშირად ხვდებოდა სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში.
ალიევის კვალი
აფგან სადიგოვის გაძევების შემდეგ რამდენიმე საათში, საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ელოდებიან. ალიევი თბილისში 6 აპრილს ჩამოვალ.
ამ ფონზე, სადიგოვის საქმე კიდევ უფრო პოლიტიკურ კონტექსტში მოექცა.
ილიამ ალიევი საქართველოში ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში იყო. მაშინ იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან” უკვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, არ შეხვედრია, მხოლოდ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად კორუფციის გამო ციხეში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ ბაქოს და ხვდებიან ალიევს. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩადიან. 2024 წლის არჩევნების სალართლიანობა და შესაბამისად “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე ეჭვქვეშ დგას.
სადიგოვის საქმის კონტექსტში დამატებით ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი დეტალი: 4 აპრილს თბილისში იმყოფებოდა ილჰამ ალიევის ყოფილი სიძე, მასთან დაახლოებული ბიზნესმენი ემინ აგალაროვი, რომელსაც აეროპორტში ბერა ივანიშვილი დახვდა.
უფლებადამცველების შეფასებით, ეს ყველაფერი ქმნის ფონს, რომ სადიგოვის სწრაფი გაძევება არ გამოიყურება სამართლებრივად მოტივირებულ გადაწყვეტილებად.
რა ხდება ახლა
ადვოკატის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი უკვე ბაქოშია. დაკითხვის შემდეგ ის სახლში გაუშვეს, იმყოფება თავის ნათესავებთან.
თუმცამ მისი შემდგომი ბედი გაურკვეველია.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები შეიძლება გაჩნდეს და ძალიან მალე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
ჟურნალისტის მეუღლე აცხადებს, რომ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის სიცოხლეს საფრთხე ემუქრება.
პოლიტიკური რეაქცია
სადიგოვის საქართველოდან გაძევებას მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციური პარტიები და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ კონკრეტული პირის უფლებებს ეხება, არამედ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის ნიშნებს შეიცავს.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს“, და პროცესს საქართველოს დემოკრატიული კურსისთვის სახიფათო სიგნალად აფასებს.
ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ალიანსი მიიჩნევს, რომ სადიგოვის გაძევება პოლიტიკურად მოტივირებულია და უკავშირდება მის კრიტიკულ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მათი განცხადებით, „რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო“.
ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ერთგულებას ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ.
როგორც პოლიტიკური დამკვირვებლები აღნიშნავენ, სადიგოვის საქმე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უნდა განიხილებოდეს. ეს არის ტესტი, რამდენად რეალურად მუშაობს საერთაშორისო სამართალი, თუ მისი გვერდის ავლა შესაძლებელია პროცედურული მანევრებით. და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი – როგორ კოორდინირებულად მუშაობენ რეგიონში ავტორიტარული სისტემები ერთმანეთთან.