პოლიტპატიმრები, რეპრესიები და სანქციები: ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები -“ელენე ხოშტარიას საქმისა და “ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ – გაიმართა. ევროპელმა დეპუტატებმა საჯაროდ გააპროტესტეს საქართველოს მთავრობის მიერ უკანონოდ დაკავებული ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური რეპრესიები.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა. ოპოზიციონერი ლიდერი, რომლის დაკავება ევროპარლამენტარებს პოლიტიკურ რეპრესიად მიაჩნიათ, თავის წერილში ამბობს:
“მინდა, იცოდეთ, რომ მზად ვარ, ციხეში იმდენ ხანს ვიყო, რამდენიც საჭირო იქნება და პირადად ჩემი დაპატიმრების გამო არ ვწუხვარ. გაცილებით მნიშვნელოვანია, საკმარისი ყურადღება მიექცეს იმ სტრატეგიულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას საქართველოში. ამას კი თქვენ ნამდვილად წარმატებით ახერხებთ.
შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გამოყენება სავაჭროდ მოინდომოს, როგორც მძევლების. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის.” – წერს ელენე ხოშტარია.
ამასთან, ევროპარლამენტარები ერთხმად მიუთითებენ, რომ ბოლო კანონები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ აქტივობას ზღუდავს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან და ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებასთან ერთად, აშკარად აჩვენებს მთავრობის უგულებელყოფას კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ განმარტა, რომ “საქართველოში ადამიანის უფლებების ვითარება უარესდება” და ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის.

ჰუკსტრამ მხარს დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის პოზიციებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის პასუხი აგებინოს იმ პირებს, ვინც დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზეა პასუხისმგებელი.
“საქართველოში დღეს 150-ზე მეტი ადამიანი საპატიმროშია პოლიტიკური მოტივით, მათ შორის ოპოზიციონერები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და სტუდენტური ჯგუფების წარმომადგენლები“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ. მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი არ უნდა შეჩერდეს მხოლოდ განცხადებებზე, არამედ პასუხისმგებელ პირებზე კონკრეტული სანქციები უნდა დააწესოს.
ევროპარლამენტარები ასევე ახსენებენ ქვეყნის როლს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში. დეპუტატმა დაინიუს ჟალიმასმა განაცხადა:
“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბად იქცა – ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. ეს გვიჩვენებს, რომ ქართული რეჟიმი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებს და ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაასანქციროს პასუხისმგებელი კომპანიები და ოფიციალური პირები“.
რამდენიმე ევროპარლამენტარი, მათ შორის გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია “ალეტრნატივა გერმანიისთვის” წევრი ტომაშ ფროლიხი, ხაზს უსვამს საქართველოს საგარეო პრაგმატულ მიდგომას და ეკონომიკური წარმატებების გადაჭარბებულ აღიარებას:
“8%-იანი ეკონომიკური ზრდა რეგიონში პირველია, მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ“, — აღნიშნა მან და დასძინა, რომ ქვეყანამ საკუთარი სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს..
ამასთან, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, შეწყვიტოს რეპრესიული კანონების მიღება და პატივი სცეს დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს, მათ შორის პოლიტიკური პლურალიზმს. როგორც რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, “საქართველო დაკარგული არაა, ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძვის და ევროპა მათ გვერდითაა“.

“აქ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მათ კი ევროპული პერსპექტივები მიატოვეს, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გრძელი სიაა, რომლებიც სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ აქ ელენე ხოშტარია დავასახელეთ, მაგრამ მასთან ერთად სხვადასხვა დემოკრატიული ჯგუფის უამრავი წარმომადგენელია ციხეში, რომლებმაც ხმა დემოკრატიის სასარგებლოდ აიმაღლეს“, – განაცხადა დეპუტატმა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვა გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ბოლოს მიღებულ კანონებსაც და განაცხადა, რომ ის “საბაზისო აქტივიზმსა და სამოქალაქო საზოგადოებას კრძალავს”, მისი თქმით, ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან.
“და არ მადარდებს თუ ორი წევრი ქვეყანა ბლოკავს საბჭოში. დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? არ შეუძლიათ მათ სანქციების შემოღება? რა უშლის მათ ხელს? წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ აძლიერებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და სახიფათო სიგნალს აგზავნის, რომ კანდიდატ ქვეყანაში მოქალაქეების რეპრესირება პასუხის გარეშე შეიძლება”,- განაცხადა გრეგოროვამ.
ევროკავშირის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უმოქმედობა ან სიჩუმე მხოლოდ ანტიდემოკრატიულ ძალებს აძლიერებს და სახიფათო სიგნალს უგზავნის, რომ კანდიდატ ქვეყანაში მოქალაქეების რეპრესირება პასუხის გარეშე რჩება.