ეუთო/ოდირი საქართველოს ახალ კანონებზე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს
ეუთო/ოდირი საქართველოს ახალ კანონებზე
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს კანონები შესაძლოა სერიოზულად ზღუდავდეს ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის პოლიტიკური მონაწილეობის, სამოქალაქო აქტივობისა და გამოხატვის თავისუფლებას.
განცხადება უკავშირდება იმ კანონებს, რომლებიც 4 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებები მიღებულია ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებისა და დემოკრატიული გარემოს გაუარესების ფონზე და მათ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.
ODIHR-ის მიხედვით, ახალი რეგულაციები შეზღუდვებს აწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების მიმღებ სხვა პირებზეც. კერძოდ: კანონები კრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრას, ასევე კიდევ უფრო ამკაცრებს საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე წვდომას. გარდა ამისა, ცვლილებები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი ქმედებებისთვისაც, რომლებიც ხელისუფლების “დელეგიტიმაციად“ შეიძლება შეფასდეს.
ორგანიზაციის შეფასებით, კანონმდებლობის ფართო მოქმედების არეალი შესაძლოა შეეხოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს, არამედ ცალკეულ ექსპერტებს, კონსულტანტებსა და მომსახურების მიმწოდებლებსაც. ODIHR-ის განცხადებით, ეს გარემოება საფრთხეს უქმნის როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ისე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობას.
ოფისი ასევე ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო ტექსტებში გამოყენებულ ბუნდოვან ფორმულირებებზე. ტერმინები, როგორიცაა “მასობრივი დაუმორჩილებლობა“ ან “ექსტრემიზმი“, მათი შეფასებით, ზედმეტად ფართოდ არის განსაზღვრული და შესაძლოა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. ODIHR მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმულირებები ვერ აკმაყოფილებს სამართლის უზენაესობის მოთხოვნებს სამართლებრივი სიცხადისა და წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ და ზრდის მათი თვითნებური გამოყენების რისკს.
“განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უცხოური დაფინანსების მიღების კრიმინალიზება მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე. კანონის თანახმად, ასეთი ქმედება შესაძლოა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს – ზომა, რომელიც არაპროპორციულია და განსაკუთრებით დააზიანებს იმ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევიან.” – წერს ორგანიზაცია.
განცხადების ბოლოს ODIHR აღნიშნავს, რომ ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა არაერთხელ დაადასტურეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა ძლიერი და წარმატებული დემოკრატიისთვის. ამავე შეთანხმებების მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან პატივი სცენ პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლებას და უზრუნველყონ პირობები, რომლებიც მათ თანაბარ კონკურენციას საშუალებას მისცემს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზად არის კვლავ გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოს, რათა კანონმდებლობა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ქვეყნის ყველა მოქალაქის უფლებები სათანადოდ იყოს დაცული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ODIHR საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ორგანიზაციამ მანამდეც აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელმა წესებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მათი მოქმედება.
2025 წლის მარტში ოფისმა ასევე გააკრიტიკა დემონსტრაციებისა და შეკრების სხვა ფორმების რეგულირებაში შეტანილი ცვლილებები და განაცხადა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრია და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუთავსებელია.
4 მარტს, “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. გრანტების კანონი, რომელიც ასევე მათი ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასაც გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირი “პოლიტიკური აქტივობისთვის” პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ხელისუფლება ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს, ცვლილებები შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.