5 მარტის ღამეს აფხაზეთის ცაზე ჩამოგდებული უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა რეგიონში ახალი კითხვები გააჩინა – იყო ეს რუსეთის მიმართულებით მფრინავი დრონების შემთხვევითი გადახრა თუ უკრაინის მიზანმიმართული შეტევა იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი მნიშვნელოვან სამხედრო ინფრასტრუქტურას ინარჩუნებს.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, აფხაზეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და უსაფრთხოების სტრუქტურებმა ღამე სრულ მზადყოფნაში გაატარეს. ინციდენტის დეტალები კვლავ ბუნდოვანია და ოფიციალურ დონეზე ბოლომდე არ განმარტებულა, რა მიმართულებით მიფრინავდა დრონი და რა იყო მისი საბოლოო სამიზნე.
აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მსხვილი რუსული სამხედრო ობიექტი მდებარეობს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის დაქვემდებარებულ ბაზასთან. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: გუდაუთა — მთავარი სამხედრო ბაზა, სადაც განთავსებულია ბომბორას აეროდრომი და საწვრთნელი პოლიგონები; ოჩამჩირე — რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის ბაზა და რუსეთის საზღვაო ძალების გემების განთავსების პუნქტი.
ინციდენტი ხდება იმ ფონზე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ “უკრაინა თავს არ შეიკავებს აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო გემებზე თავდასხმისგან“.
ამავე ღამეს რამდენიმე ადგილობრივმა Telegram-არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ორი ქართული სამხედრო კატარღა მიუახლოვდა აფხაზეთის ტერიტორიული წყლების საზღვარს. თუმცა ამ ცნობას ოფიციალური დადასტურება არ მოჰყოლია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ამ საკითხზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
მდგომარეობა დამატებით დაიძაბა რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზეც. უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის გამო სოჭისა და ადლერის აეროპორტების მიმართულებით, რუსეთ–აფხაზეთის სასაზღვრო პუნქტ ფსოუზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიზღუდა.
უკრაინულმა დრონებმა წარსულშიც განახორციელეს შეტევები რუსეთის ქალაქებზე – მათ შორის სოჭსა და ადლერზე – აფხაზეთის მიმართულებით მფრინავი მარშრუტით. თუმცა არსებული ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩამოგდებული დრონები უშუალოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაეცა.
ადგილობრივი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, “მორიგე ძალები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები აფერხებენ უცნობი საჰაერო ობიექტების მიერ აფხაზეთის საჰაერო სივრცის დარღვევას“.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმები ისმოდა რამდენიმე რაიონში, მათ შორის სოხუმშიც. ერთ-ერთი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი, როგორც იუწყებიან, ზღვაში ჩავარდა სოფელ გულრიფშის მახლობლად.
ხელისუფლებამ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ჩამოვარდნილი აპარატების ფრაგმენტებთან მიახლოება ან მათი შეხება დაუშვებელია – ისინი შესაძლოა შეიცავდეს ასაფეთქებელ ან სხვა სახიფათო ნივთიერებებს.