მოსაზრება: "ოცნების“ კანონი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ინტელექტუალური და კულტურული კლასის განადგურების მცდელობაა
გაზიარება
გაზიარება
გრანტების კანონი
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე ეხმაურება პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ რეპრესიულ ცვლილებებს “გრანტების კანონში” და ამბობს, რომ კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ დღეს მიიღო მესამე მოსმენით, რეალურად არის დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ინტელექტუალური და კულტურული კლასის სოციალური და პოლიტიკური განადგურების მცდელობა.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მკვეთრად ამკაცრებს კონტროლს უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ აქტივობაზე. ცვლილებები ავრცელებს „გრანტის“ განმარტებას თითქმის ნებისმიერ ფინანსურ თუ არამატერიალურ დახმარებაზე, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ქვეყნის პოლიტიკაზე, ავალდებულებს ორგანიზაციებს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღებას და აწესებს მრავალწლიან პატიმრობას დარღვევებისთვის.
თამთა მიქელაძე: “ის კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მიიღო მესამე მოსმენით, ყველა იმ დამანგრეველ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ცვლილებებთან ერთად, რომელსაც ის ახორციელებს ბოლო წლებია, რეალურად არის დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ინტელექტუალური და კულტურული კლასის სოციალური და პოლიტიკური განადგურების მცდელობა.
ამ კლასის კონკრეტული ადამიანების გადმოსახედიდან რომ შეხედო „ქართული ოცნების“ მმართველობის უახლოეს წლებს, ეს მიზანმიმართული დევნა და წაშლაა ამ ადამიანების შექმნილი გამოცდილებების (საგანმანათლებლო პროგრამები, სოციალური პროგრამები, საზოგადოებრივი გაერთიანებები), მათი მეხსიერების, მათი სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის.
ასეთი მიზანმიმართული ომი ყველა დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური ძალების წინააღმდეგ არ არის შემთხვევითი და ყველა ავტოკრატი მაგას აკეთებს.
გასაგებია, რომ ამავდროულად ამ კანონების მიღება მათი სისუსტის ნიშანია. 1 წელი გავიდა გრანტების შესახებ კანონში ბოლოს გატარებული ცვლილების შემდეგ და არც ერთმა სოლიდურმა დონორმა „ქართულ ოცნებას“ პროექტების განხორციელებაზე შეთანხმებისთვის არ მიმართა და ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, ყველაფრის [ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით] ჩაკეტვით ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობას მიაღწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამავდროულად მას ასევე უნდა იმ სოციალური ძალების სრული დემობილიზაცია, ვინც რუსთაველის და სხვა ქალაქების პროტესტს ამაგრებს.
ძალაუფლების შენარჩუნების შიშველ ინტერესს ქვეყნის ბუნკერიზაციის და გრძელვადიანი უკანდახევის ინტერესს წირავენ და ამ გაგებით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბნელ და ჩამორჩენილ პოლიტიკურ ძალად ინიშნავენ თავს.
გაგრძელდება თუ არა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა მომავალში? მგონია, რომ აუცილებლად კი. იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ “დამსახურებით”, სამოქალაქო საზოგადოება აღარ შემოიფარგლება მისი ინსტიტუციონალიზებული აქტორებით და რუინიზებული სექტორის ადგილას დღეს ახალი გამოცდილებები იბადება, რომელიც კონკრეტული ადამიანების შიშველ შრომაზე, გამბედაობაზე, მოხალისეობაზე, პატიოსნებაზე, სოლიდარობაზე დგას და ამ ადამიანების რიცხვი იმაზე დიდია, ვიდრე ეს „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია. ამიტომ ამ დანაკარგში რაღაც ახალის დაბადების პოტენციალიც არის და ზუსტად ვიცი, რომ ამასაც გაუძლებს ჩვენი თაობა.”