"დელეგაცია წაილეკა არასათანადო მოპყრობაზე ბრალდებებით“ — წამების აკრძალვის კომიტეტის ანგარიში
წამების აკრძალვის კომიტეტის ანგარიში
ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტმა (CPT) საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა. კომიტეტი წერს, რომ დელეგაცია “წაილეკა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებით“ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართული აქციების დროს დააკავეს.
ანგარიში ეფუძნება კომიტეტის ვიზიტებს საქართველოში 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარში. დელეგაციამ შეისწავლა წინასწარი დაკავების იზოლატორებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული ვითარება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო ტალღის კონტექსტში დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობას.
“კომიტეტი არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებით წაილეკა“
კომიტეტის თანახმად, 29 ნოემბერს თბილისში გამართული აქციების დროს დაკავებულთა ჩვენებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღწერდა ერთსა და იმავე სურათს: დემონსტრანტებს აკავებდნენ ნიღბიანი და კაპიუშონიანი ოფიცრები, ზოგჯერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც არ ატარებდნენ თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნებს.
დაკავების პროცესში, როგორც ანგარიშში წერია, მოქალაქეებს ურტყამდნენ მუშტებსა და ფეხებს, მათ შორის თავისა და სახის არეში; აგინებდნენ და ემუქრებოდნენ, მათ შორის გაუპატიურებით. ძალადობა, როგორც წესი, წყდებოდა მას შემდეგ, რაც ნიღბიანი ოფიცრები დაკავებულებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.
აღსანიშნავია, რომ დაზიანებები – როგორც დელეგაციის მიერ უშუალოდ დაფიქსირებული და დოკუმენტირებული, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე ექიმების მიერ შესვლისას აღრიცხული, სრულად შეესაბამებოდა შესაბამისი დაკავებული პირების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს.
CPT-ს შეფასებით, უკვე დაკავებული და პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ძალადობის “არანაირი გამართლება არ არსებობს“.
რეკომენდაციები: იდენტიფიკაცია, მასების მართვა, ეფექტური გამოძიება
კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ პოლიციამ დაკავებისას გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დემონსტრაციების დროს მობილიზებულ ყველა ნიღბიან სამართალდამცავს ჰქონდეს მკაფიო საიდენტიფიკაციო ნიშანი, მაგალითად, პირადი ნომერი ჩაფხუტზე ან უნიფორმაზე.
ანგარიშში ასევე საუბარია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის “გადაჭარბებულ და არაპროფესიონალურ“ გამოყენებაზე. CPT რეკომენდაციას აძლევს ხელისუფლებას, პრიორიტეტად აქციოს პოლიციელთა, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მომზადება მასების მართვის ტექნიკაში.
კომიტეტი უერთდება საქართველოს სახალხო დამცველის მოწოდებას, რომ ყველა ბრალდება გამოძიებული უნდა იყოს ეფექტურად და დამოუკიდებლად. თუმცა, მათი განმარტებით, ანგარიშის მომზადების პერიოდის განმავლობაში არც ერთ პოლიციელს არ წარდგენია ბრალი ძალის გადამეტებასთან ან არასათანადო ფიზიკურ მოპყრობასთან დაკავშირებით.
დიმიტრი ხ.-ს საქმე: “სამედიცინო მტკიცებულებები შეესაბამებოდა ბრალდებებს“
ანგარიში ცალკე განიხილავს 2024 წლის 22 ნოემბრის შემთხვევას, რომელიც აქციებს არ უკავშირდება. საქმე ეხება მოქალაქე დიმიტრი ხ.-ს, რომელიც ამტკიცებდა, რომ პოლიციაში დაკითხვისას მას სილა გააწნეს, ურტყამდნენ მუშტებსა და მუხლს ინფორმაციის მიღების მიზნით და ემუქრებოდნენ ხელკეტით გაუპატიურებით.
CPT-ის ცნობით, დელეგაციამ უშუალოდ აღრიცხა სამედიცინო მტკიცებულებები, რომლებიც შეესაბამებოდა მის ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ – მათ შორის გამოკითხვები, ექსპერტიზა და ვიდეოჩანაწერების შემოწმება – წერილში არ იყო მითითებული დასკვნები ან ინფორმაცია შესაძლო შედეგებზე. კომიტეტი კვლავ ითხოვს გამოძიების შედეგების სრულ გამჟღავნებას.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაუქმება – საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი
ანგარიშში განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებისა და მისი ფუნქციების პროკურატურისთვის გადაცემის გამო. CPT იხსენებს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა წლების განმავლობაში იყო როგორც კომიტეტის, ისე ევროკავშირის რეკომენდაცია – იმ ფონზე, რომ პროკურატურის მიერ მსგავსი საქმეების გამოძიების ეფექტიანობა ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს განმარტებას, როგორ გაზრდის დამოუკიდებელი ორგანოს გაუქმება გამოძიების ეფექტიანობას.
ანგარიშში აღნიშნუნლია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია, რომ ნებისმიერი დისციპლინური წარმოება პოლიციელების მიმართ (დაკავებული პირების მიმართ სავარაუდო გადაცდომის კონტექსტში), რომელსაც სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შიდა ინსპექტირების ორგანო) ახორციელებს, ავტომატურად შეჩერდებოდა, როგორც კი შესაბამისი ოფიცრის მიმართ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყებოდა; ასეთი დისციპლინური წარმოების განახლება მხოლოდ სისხლის სამართლის პროცედურის დასრულების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.
გარდა ამისა, არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლეოდა ავტომატურად შეჩერებულიყო სამსახურებრივი უფლებამოსილება (ან თუნდაც მხოლოდ გადაყვანა ისეთ პოზიციაზე, სადაც არ ექნებოდა პირდაპირი კონტაქტი საზოგადოებასთან) იმ პოლიციელისთვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური წარმოება თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ სავარაუდო გადაცდომასთან დაკავშირებით.
CPT მიიჩნევს, რომ ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს პრევენციას და ეფექტურ რეაგირებას შესაძლო გადაცდომებზე და რეკომენდაციას იძლევა, შეიცვალოს შესაბამისი კანონმდებლობა.
კონტექსტი
2024 წლის ნოემბერში საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაპირისპირებას მოჰყვა. საერთაშორისო დამკვირვებლები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე მაშინ საუბრობდნენ ძალის გადამეტებისა და დაკავებულთა უფლებების შესაძლო დარღვევებზე.
CPT-ის ანგარიში ამ დისკუსიას საერთაშორისო ლეგიტიმაციას აძლევს. კომიტეტი, რომელიც ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმია, რეგულარულად აფასებს წევრ ქვეყნებში პატიმრობისა და სამართალდამცავ სისტემაში მოპყრობის სტანდარტებს. მისი დასკვნები იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზეწოლას ქმნის.