ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე. ბრალი დაუმძიმეს ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს
დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე
ჟურნალისტი ელისო კილაძე თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს. მასთან ერთად იმავე საქმეზე ბრალი წაუყენეს რუსეთში გაქცეულ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს და სხვებს. ამის შესახებ ცნობილი პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე ეხება 2020-2023 წლებში მოქმედ სქემას, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის 200-ზე მეტ მოქალაქეს დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გამოსძალეს. ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რას ამბობს პროკურატურა
პროკურატურა აცხადებს, რომ 2020-2023 წლებში, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ბრძოლისა, ქვეყანაში ფუნქციონირებდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ქოლ-ცენტრების დიდი ნაწილი ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომელიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო მათ მფარველობას ახორციელებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი გამოძიებით დადგენილია, რომ ქვეყანაში მოქმედებდა სტრუქტურულად ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა. ჯგუფმა დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო რუსულ, ინგლისურ და გერმანულენოვანი განყოფილებების მქონე ქოლ-ცენტრები.
გამოძიების ვერსიით, ოპერატორები მომხმარებლებს ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე იზიდავდნენ და მაღალი მოგების დაპირებით ინვესტირებას სთავაზობდნენ. შედეგად, ისინი დიდ ოდენობით თანხებსა და კრიპტოვალუტას თაღლითურად ითვისებდნენ. უკანონო აქტივები შემდგომში ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტოსაფულეზე, მრავალჯერადი ტრანზაქციების გზით, რათა მათი კვალი დაფარულიყო, ხოლო კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი თანხა ხმარდებოდა ქოლ-ცენტრების ოპერირებას, ხელფასებსა და ბონუსებს, ასევე უძრავი და მოძრავი ქონების შეძენას.
პროკურატურის თანახმად, ჯგუფის ცალკეული წევრები უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრების ყოველდღიურ ფუნქციონირებას, გაფართოებასა და ფინანსურ აღრიცხვას, ხოლო სხვები, მათ შორის გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ფარცხალაძის გავლენების გამოყენებით, სამართალდამცავებისა და კონკურენტებისგან მფარველობას.
“აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.
ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.” – აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება სხვა შესაძლო მონაწილეთა და დამატებითი დაზარალებულების იდენტიფიცირების მიზნით.