გაყიდული "იმედი". რა (არ) იცვლება მთავარ პროპაგანდისტულ არხზე
იმედის გაყიდვა
2026 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა პროსახელისუფლებო, პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედი“ და მასთან დაკავშირებული მედიააქტივები „სიმბოლურ ფასად“ – 1000 ლარად გაყიდეს. ახალი მფლობელი გახდა კომპანია „პრაიმ მედია გლობალი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ილია მიქელაიშვილია. გარიგების თანახმად, არხის ნახევარი წილი „იმედის“ მენეჯმენტზე უნდა გადანაწილდეს.
ფორმალურად ეს მფლობელობის ცვლილებაა. რეალურად კი, კიდევ ერთი სიმბოლური ეპიზოდი იმ მედიის ისტორიაში, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლების მთავარი საინფორმაციო საყრდენი იყო.
სიმბოლური ფასი და რეალური მნიშვნელობა
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „იმედის“ მფლობელი კომპანია 1000 ლარად გაიყიდა. თუმცა, ტელეკომპანიას ასობით მილიონი ლარის ვალი აქვს. სახელმწიფო ანგარიშგების პორტალის მიხედვით, 2024 წელს არხის ზარალმა 454 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ “იმედის” გაყიდვა ასე შეაფასა:
„იმედი” კი არ გაიყიდა, არამედ აკიდეს. მისი რეალური ღირებულება 0-ის ტოლია, რადგან კომპანიას 450 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.“
წლების განმავლობაში „იმედი“ პოლიტიკური პროექტის ფუნქციას ასრულებდა და ეკონომიკური ლოგიკა მისთვის მეორეხარისხოვანი იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, ტელეკომპანიას მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მათ შორის შეღავათიანი სესხების მეშვეობით.
ახალი მფლობელი და ძველი პოლიტიკა
ახალი მფლობელი ილია მიქელაიშვილი აცხადებს, რომ „დიდი გეგმები“ აქვს არხთან დაკავშირებით და „დაცული იქნება არსებული სარედაქციო პოლიტიკა“.
„იმედი“ უკვე წლებია მიიჩნევა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მთავარ საინფორმაციო საყრდენად. ახალი მფლობელის განცხადება, რომ სარედაქციო კურსი უცვლელი დარჩება, მიუთითებს, რომ ცვლილება მხოლოდ შიდა პარტიულ “გადალაგებებს” უკავშირდება.

ახალი მფლობელის ირგვლივ დამატებით კითხვებს აჩენს მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობებიც. 2025 წლის სექტემბერში ილია მიქელაიშვილი მონაწილეობდა თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაში, სადაც პროევროპული დემონსტრაციის მონაწილეებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. სხვადასხვა მედიის მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობს იგი დემონსტრანტების მიმართულებით გადაადგილებას, ჯებირებისკენ ფეხის მოქნევასა და ფიზიკურ კონტაქტს, მაშინ როდესაც პოლიცია მხარეებს ერთმანეთისგან აშორებს.
გაყიდვის ხელშეკრულებაში ჩადებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი: არხის ეთერი არ უნდა გამოიყენონ ყოფილი მფლობელებისა და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ.
ტელევიზიის პოლიტიკური ბიოგრაფია
„იმედი“ 2003 წელს რუსეთში გამდიდრებულმა ქართველმა ბიზნესმენმა, ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა. თავდაპირველად არხი სწრაფად იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან ტელევიზიად, რომელიც სააკაშვილის “ნაციონალურ მოძრაობას” მძლავრ ოპონირებას უწევდა.
2007 წლის ნოემბერში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს, პოლიციის სპეცრაზმი ტელეკომპანიაში შეიჭრა და ის ეთერიდან გათიშა. ეს ეპიზოდი დღემდე რჩება საქართველოს მედიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მოვლენად.
2008 წლის თებერვალში პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ არხის მფლობელობა რამდენჯერმე შეიცვალა. შეიცვალა არხის სარედაქციო პოლიტიკაც – ის მკვეთრად პროსახელისუფლებო გახდა და მთლიანად სააკაშვილის ხელისუფლების კონტროლს დაექვემდებარა.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ტელევიზიის პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაუბრუნება იყო. მოგვიანებით “იმედი” ირაკლი რუხაძის ბიზნესჯგუფის კონტროლქვეშ აღმოჩნდა და უკვე 14 წელია, ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი იყო, რადიო პალიტრასთან ინტერვიუში იხსენებს, რომ ივანიშვილისთვის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან “იმედის” გაკონტროლება პრიორიტეტად იქცა.
მისი თქმით, ირაკლი რუხაძე არასოდეს ყოფილა “იმედის” რეალური მფლობელი, მხოლოდ ნომინალურ, რეალურად კი, ეს არხი ყოველთვის ივანიშვილს ემორჩილებოდა.
“თუმცა, ამ პოზიციაში რუხაძემ მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა, რადგან ამ წლების განმავლობაში ბიზნესის კეთებისთვის საჭირო “მწვანე შუქი” მიიღო და მაქსიმალურად გამოიყენა თავისი ინტერესებისთვის. “იმედის” შენახვა რუხაძეს ბევრი არაფერი დაუჯდა, ხელისუფლება რეგულარულად უხდიდა ვალებს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ვალები მაინც ძალიან იზრდებოდა. დღეს, როდესაც “იმედი” ფაქტობრივად პროპაგანდისტულ კონგლომერატად გადაიქცა, რუხაძემ ვალებთან ერთად მოიშორა… “
პროპაგანდის ინსტრუმენტი
საქართველოში მედიის თავისუფლება ბოლო წლებში საერთაშორისო შეფასებებში გაუარესდა.
კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია ხელს უწყობს პოლარიზაციას და დასავლეთისადმი სკეპტიციზმის ზრდას. ამ კონტექსტში „იმედის“ ისტორია, მისი დაარსებიდან დღემდე, კარგად აჩვენებს ქვეყნის პოლიტიკურ ტრაექტორიას: დასავლური ინტეგრაციის იმედებიდან ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებამდე.

ბოლო წლებში „იმედი“ სულ უფრო ხშირად აღიწერება, როგორც ხელისუფლების პროპაგანდისტული პლატფორმა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო მედიაში.
ექსპერტები მას მმართველი პარტიის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მთავარ ელემენტად მიიჩნევენ.
„არ არსებობს ცალკე “ქართული ოცნება” და ცალკე “იმედი”. ყველა ნარატივი, რომლითაც ხელისუფლება საზოგადოებას გავლენას ახდენს, სწორედ ამ არხიდან მოდის,“ – მიიჩნევს ფილოსოფისი ლევან ღამბაშიძე.
ბრიტანული გამოცემა The Economist-ის 2025 წლის თებერვლის სტატიაში ვკითხულობთ, რომ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს ასუსტებს, სწორედ „იმედის“ ეთერით ვრცელდება.
დასავლეთი იქ ხშირად წარმოდგენილია, როგორც „გლობალური ომის პარტია“, რომელიც საქართველოს კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს.
ამ ნარატივებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკური კლიმატის ფორმირებაში – განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლება ევროკავშირთან დაახლოების პროცესს აჩერებდა.
2025 წლის ოქტომბერში რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ევროკავშირი განიხილავს „იმედისა“ და „პოსტივის“ კრემლის პროპაგანდასთან კავშირის მტკიცებულებებს, რათა ამ არხის მფლობელებს და მთავარ პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესოს. ბრიუსელი არხებს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამ სანქციების დაწესებას სკეპტიკურად უყურებენ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ორმაგი სტანდარტების გამო. ეს საკითხი წინ არ წაწეულა.
2025 წლის იანვარში “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში რუხაძე აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები მას სანქციებს ვერ დაუწესებს – რადგან იგი აშშ-ის მოქალაქეა. „შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა – ვერ“, – თქვა მან.
სხვა ქვეყნებმა ის მართლაც დაასანქცირეს. რუხაძე უკრაინის და ლიეტუვას მიერაა დასანქცირებული.
ინცინდენტი მოხდა ასევე მოლდოვასთანაც – 2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად “იმედის” გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს.