როგორ ჩაიარა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიულმა ვიზიტმა სომხეთში. დეტალები და შეფასებები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ვიზიტი ერევანში
ჯეი დი ვენსის კავკასიური ტურნე დაიწტო – 9 თებერვალს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა მეუღლესთან, უშა ვენსთან და შვილებთან ერთად. 10 თებერვალს კი იგი აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ჯეი დი ვენსი ყველაზე მაღალი რანგის აშშ-ის ოფიციალური პირია, რომელიც ოდესმე სომხეთში ჩასულა. მანამდე ასეთი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელიც ერევანს 2022 წლის სექტემბერში ეწვია.
ორმხრივი შეხვედრისა და შემდგომ გაფართოებული ფორმატით მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა მიღწეული შეთანხმებების შესახებ განაცხადეს. ფაშინიანმა და ვენსმა, „123“-ის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებისა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების შესახებ განაცხადეს. ასევე სომხეთის მიერ აშშ-სგან V-BAT დრონების შეძენის შესახებ.
„ სომხეთისთვის 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების მიყიდვის შეთანხმებას მივაღწიეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მშვიდობა, რომელსაც დავამყარებთ, მდგრადი იქნება“, – განაცხადა ვენსმა.
ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ V-BAT დრონებმა დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა. მან დასძინა, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შეერთებული შტატები და სომხეთი ასევე აპირებენ ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარებას სხვა მნიშვნელოვან სფეროშიც. საუბარია „აუცილებელი მინერალებისა და იშვიათი ელემენტების მოპოვებასა და მიწოდებაზე“.
სომხეთში აშშ-ის საელჩომ ვენსის ვიზიტი შეაფასა, როგორც „გარდამტეხი მომენტი“ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობაში.
სომეხმა ანალიტიკოსებმა ვენსის ვიზიტს ისტორიული უწოდეს. მათი თქმით, ეს ვიზიტი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ასპექტებს. ეკონომიკის საკითხთან დაკავშირებით, ძირითადი შეთანხმებები მიღწეული იქნა 2025 წლის აგვისტოში, როდესაც ვაშინგტონში ხელი მოეწერა მემორანდუმებს ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
- ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების ინოვაციები,
- სამოქალაქო ბირთვული ენერგია,
- რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის პროექტის წინსვლა.
ვიზიტის დეტალები წინასწარ ცნობილი არ იყო. ვიზიტის წინა დღეს სომხეთში ბევრმა ივარაუდა, რომ ვენსი დაესწრებოდა ტრამპის მარშრუტის პროექტის გახსნის ცერემონიას. თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ არც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და არც სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ არაფერი უთქვამთ.
საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი (TRIPP) არის გზა, რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს მის ავტონომიურ რეგიონ ნახიჩევანთან დააკავშირებს. 8 აგვისტოს, ვაშინგტონში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ გზა სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ იქნებოდა და აშშ ბლოკირების პროცესში ბიზნეს პარტნიორის სახით მიიღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, პროექტს შუამავლის პატივსაცემად „ტრამპის მარშრუტი“ ეწოდა.
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-ირანის საზღვარზე [რომლის მახლობლადაც TRIPP განთავსდება] დაძაბულობას გაზრდის. რაც მთავარია, ეს უსაფრთხოების საკითხებს წარმოშობს. ვფიქრობ, გახსნის ცერემონია არ გაიმართება“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, არამ სარგსიანმა.
ფაშინიანმა და ვენსმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მხარეებმა გამოაცხადეს მოლაპარაკებების დასრულების შესახებ სომხეთისა და აშშ-ის მთავრობებს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ – „123“ შეთანხმების შესახებ.
„ეს შეთანხმება გახსნის ახალ თავს სომხეთსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებაში. ის ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას და უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, „123“-ის შეთანხმება გზას გაუხსნის ამერიკული და სომხური კომპანიების სამომავლო პროექტებს, შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას:
„ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მცირე მოდულური რეაქტორები, ანუ ამერიკული ტექნოლოგია შემოვა“.
ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ იშვიათად გრძნობს თავს საკმარისად თავდაჯერებულად, რომ ასეთი ტექნოლოგიები სხვა ქვეყანაში ექსპორტირება მოახდინოს.
სომხეთის მთავრობა მეწამორის ატომურ ელექტროსადგურში არსებული ენერგობლოკის ჩასანაცვლებლად მცირე მოდულური რეაქტორების აშენებას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ, ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდატიანმა, განაცხადა, რომ მოდულური ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში, დასასრულს უახლოვდება. მან განაცხადა, რომ ერევანი საბოლოო გადაწყვეტილებას 2027 წელს მიიღებს, ამ ელექტროსადგურების ტესტირების შემდეგ.
ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი ქვეყანა იქნება ამ პროექტთან პარტნიორი. თუმცა, უფრო ადრე, 2024 წელს, უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა, განაცხადა, რომ ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებითი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს.
„მე ვამაყობ, რომ ვარ აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სომხეთს ეწვია.“
„დღეს აქ მიმდინარე მოვლენები ისტორიულია. მე ვამაყობ, რომ ვარ აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანას ეწვია“, – თქვა ვენსმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი და აშშ ერთად არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ კეთილდღეობასაც ააშენებენ. ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს დღე ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალი ფაზის დასაწყისს აღნიშნავს.
კერძოდ მან ისაუბრა სომხეთის მიერ NVIDIA-სგან ახალი თაობის გრაფიკული პროცესორების შეძენაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისგან განსხვავებით, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ამის საშუალება არ აქვთ.
ვენსი ასევე შეეხო ტრამპის მარშრუტის პროექტის განხორციელებას. მისი თქმით, ეს პროექტი უზრუნველყოფს სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებს შორის უპრეცედენტო კავშირს:
„ახალი სამყარო გაიხსნება საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადებისთვის.“
„სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები პიკზეა“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერევნის ურთიერთობები ვაშინგტონთან „როგორც არასდროს“ ისეთი ძლიერია და ასევე შემდგომი განვითარების უზარმაზარ პოტენციალს შეიცავს:
„დღეს ჩვენ უმაღლეს დონეზე ვართ, მაგრამ დასახული დღის წესრიგის განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გააფართოვებს ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებს“.
ფაშინიანის თქმით, ვენსის ერევანში ვიზიტი უპრეცედენტო სიტუაციის – სამხრეთ კავკასიაში დამყარებული მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში ხორციელდება:
„ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციისა და სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისკენ“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენსთან განიხილეს შემდეგი საკითხები:
- რეგიონის სრული განბლოკვის პერსპექტივები,
- სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებში მიღწეული შედეგები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში,
- პროექტ „ტრამპის მარშრუტის“ თანმიმდევრული განხორციელება.
„ამ პროგრამას [TRIPP], მშვიდობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დივიდენდებთან ერთად, ასევე ექნება რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შეუფერხებელ კომუნიკაციას“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
მიტინგი შეხვედრის პარალელურად
ვენსის სამთავრობო შეხვედრების პარალელურად, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ყარაბაღელი სომხების მიტინგი გაიმართა. ისინი ითხოვენ იმ თანამემულეების გათავისუფლებას, რომლებსაც ბაქოს სამხედრო სასამართლომ იერ ხანგრძლივი პატიმრობა ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მომიტინგეები პრეზიდენტის რეზიდენციასთან თანამემამულეების ფოტოებით მივიდნენ და სკანდირებდნენ: „გაათავისუფლეთ სომეხი ქრისტიანი მძევლები“.
„პატიმრების საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი არ არის. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ღირსების საკითხია“, – განაცხადეს მათ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტება სომხეთის წიაღისეული რესურსებით დაინტერესების შესახებ
ვენსის ვიზიტის წინა დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა, განაცხადა, რომ ვიზიტის შემდეგ მოსალოდნელი იყო განცხადებები ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარების და ბირთვული ენერგიის შესახებ. ეს ის საკითხებია, რომლებზეც შეთანხმდნენ ვაშინგტონში 2025 წლის 8 აგვისტოს. ამავდროულად, ის ირწმუნებოდა, რომ არსებობს ახალი დღის წესრიგიც:
„თანამშრომლობის ახალი სფეროები იდენტიფიცირებულია, როგორც უსაფრთხოების, ასევე კრიტიკული მინერალური რესურსების კუთხით“.
კოსტანიანმა, კერძოდ, ისაუბრა „ვაშინგტონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების“ სფეროში შესაძლო თანამშრომლობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ სპილენძს არ ეხებოდა:
„ჩვენ უნდა ჩავატაროთ კვლევა იმის გასაგებად, თუ რომელი მინერალები არსებობს ჩვენს წიაღში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დაგვეხმარებიან ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში და კვლევაში”.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა გამოაცხადა ინტერესი 50 მინერალის მიმართ, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. მათ შორისაა 17 იშვიათი მიწის ელემენტი, რომლებიც გამოიყენება პრაქტიკულად ყველაფერში, ქარის ტურბინებიდან დაწყებული სმარტფონებით დამთავრებული.
კომენტარი
პოლიტოლოგმა რობერტ გევონდიანმა აღნიშნა:
„აზერბაიჯანში უკმაყოფილებაა. მე ეს შევნიშნე როგორც ექსპერტებში, ასევე ჟურნალისტებში.
აზერბაიჯანელები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სომხეთი იღებს სტრატეგიულ შეთანხმებებს ნახევარგამტარების წარმოებასთან და ბირთვული ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა, სანაცვლოდ, აზერბაიჯანი იღებს გარკვეულ საქონელს, თუნდაც სამხედრო საქონელს. და მაინც, აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ ეს არასაკმარისია იმასთან შედარებით, რაც სომხეთმა მიიღო.
ეს უკმაყოფილება გასაგებია, რადგან წარმოება, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ა.შ. სტრატეგიულ განვითარებას გულისხმობს, ხოლო გარკვეული საქონლის მიწოდება კონკრეტული პერიოდის განმავლობაში გათვლილი პროცესია“.