"ქართული ოცნება" კიდევ უფრო ამკაცრებს კანონებს - უცხოურ ფონდებთან ნებისმიერი თანამშრომლობა კრიმინალიზდება
“ქართული ოცნება” უცხოური დაფინანსების ყველა გზას კეტავს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ამკაცრებს კანონებს “უცხოური დაფინანსების” შესახებ – უცხოურ ფონდებთან და იურიდიულ პირებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, მთავრობის ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
ამით “ოცნება” ცდილობს ჩაიკეტოს ყველა გზა საქართველოში უცხოური დაფინანსების მისაღებად, ის შემოვლითი გზებიც, რაც წინა ცვლილებების შემდეგ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა იპოვეს.
- გაეროს სპეციალური მომხსენებელი “ოცნების” ხელისუფლების რეპრესიულ კანონმდებლობაზე საუბრობს
- HRW: ტროტუარზე დგომისთვის დაკავებები საქართველოში პროტესტის ჩახშობის სახიფათო ინსტრუმენტად იქცა
ამ ცვლილებების შესახებ, 28 იანვარს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
„შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად“, – განაცხადა კირცხალიამ.
ამ ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამიტომ, საჯაროდ მხოლოდ ის ვიცით, რაც დღეს ბრიფინგზე თქვეს.
ვიცით, რომ ცვლილებები შეეხებათ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, მეწარმეებს, ყველას, ვინც გამორჩეულია “საჯარო პოლიტიკური აქტივობით”. ანუ, უცხოური ფულის მიმოქცევა სრულად უნდა გააკონტროლოს “ქართულმა ოცნებამ”.
რა ვიცით ამ დროისთვის
🟥 ყველაფერს გრანტი დაერქმევა
ცვლილებები შევა “გრანტების შესახებ” კანონში. უკვე ვიცით, რომ სიტყვა “გრანტის” განმარტება გაფართოვდება და ფაქტობრივად, ყველაფერი გრანტად ჩაითვლება.
გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც მოხმარდება რაიმე ისეთ აქტივობას, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე და მიმართული იქნება ქვეყნის საქართველოს საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ.
ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
ცვლილებების თანახმად, დადგინდება „იმ სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას“.
ამ ცვლილებით, უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც „არსებითად საქართველოში საქმიანობს“, ვალდებული იქნება დაფინანსების მიღებამდე ასევე მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვისათვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
ცვლილებების თანახმად, გრანტად ჩაითვლება ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრებიც, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ვინმეს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, ან ცოდნას, გამოცდილებას, ექსპერტიზას გაუზიარებს.
ანუ, თუ უცხოური ძალა საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემასაც მთავრობის თანხმობა დასჭირდება.
მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობას, ფილიალს ან განყოფილებასაც, რომელიც ამ არარეზიდენტისგან იღებს დახმარებას.
თუ ასეთი ფილიალი ორგანიზაცია გრანტს თანხმობის გარეშე მიიღებს, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება და მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს.
🟥 გრანტების კანონის დარღვევაც პატიმრობით დაისჯება
ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც. ამ ცვლილებებით, “გრანტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის, დაწესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას – 300-დან 500 საათამდე, ან 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს, რაც „ფულის გათეთრებას“ ითვალისწინებს, დაემატება დამამძიმებელი გარემოება – „ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით და ეს დაისჯება – 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.
პატიმრობა დაემუქრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირსაც, თუ ის მიიღებს, მაგალითად, უცხოურ დაფინანსებას. კანონში ეს ასე ფორმულირდება, რომ თუ ის დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს.
სასჯელი, ასეთ დარღვევაზე იქნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 300-დან 500 საათამდე, ან 6 წლამდე პატიმრობა.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.
ეს გულისხმობს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემას.
აქაც, სასჯელი იქნება ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 300-დან 500 საათამდე, ან 6 წლამდე პატიმრობა.
🟥პარტიებს შეზღუდავენ – ყველა ვეღარ გახდება პარტიის წევრი, ლიდერებს კი უფრო ადვილად დაიჭერენ
ცვლილებები შევა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში.
ეს ცვლილებები, პარტიაში გაწევრიანებას აუკრძალავს პირს, რომელიც უცხოური დაფინანსების შედეგად იღებს ხელფასს, ანუ, მუშაობს ისეთ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან. ასეთი პირი რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლებს გახდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება უფლება, განახორციელოს პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსურ საქმიანობის მონიტორინგი. ანუ, პარტიის რიგითი წევრის ანგარიშებზეც კი ექნება წვდომა სახელმწიფოს.
ეს ცვლილებები შეეხებათ მათაც, ვისაც აქვთ – გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი.
ანუ, შეიძლება თქვენ ჯერ არ ხართ არცერთი პარტიის წევრი, უბრალოდ, აქტიური ადამიანი ხართ, მაგრამ, “ქართული ოცნება” თქვენს აქტიურობაში პოლიტიკურ მიზანს ხედავს.
🟥მეწარმეებს დააჯარიმებენ
ცვლილებები იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც.
ამ ცვლილებებით, თუ რომელიმე კომპანია ახორციელებს ისეთ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას, ის დაჯარიმდება.
ჯარიმა, პირველ ჯერზე – 20 ათასი ლარი იქნება, განმეორებით – 40 ათასი ლარი.
“2026 წლის მდგომარეობით საქართველოში 667 318 ინდივიდუალური მეწარმეა. რომელიმე კრიტიკას გამოხატავს ივანიშვილისადმი და ჯარიმა 20000 ლარი იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში იურისტი გიორგი მშვენიერაძე.
პირველი შეფასებები
მორიგი რეპრესიული კანონების დაანონსებას სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა მძაფრი რეაქციები.

თამთა მიქელაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”:
“ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, საზოგადოებაზე (და უკვე არა ინსტიტუციებზე და სექტორებზე, რომელიც წინა წლის რეპრესიულმა კანონებმა პრაქტიკულად ისედაც გაანადგურა) სრული კონტროლის მოპოვებისა და პოლიტიკური თავისუფლებების უპრეცედენტო შეზღუდვის ინტერესთან ერთად, ატარებს ფარულ გენერალურ მიზანს – ეს საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაციაა.
სტუდენტები, მკვლევრები, არტისტები, ექსპერტები, უფლებადამცველები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ლექტორები, პროფესორები, ექიმები, მეცნიერები და სხვები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის სრულ კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.
ანუ საზოგადოების ის კრიტიკული მასა, რომელიც “ქართული ოცნების” გავლენებისგან და ბიზნეს ინტერესებისგან ავტონომიური რჩება ამ დრომდე და ბედავს საჯარო ინტერესებისთვის მუშაობას უბრალოდ განადგურდება ეკონომიკური და საბოლოოდ პოლიტიკური გაგებით. ამ კლასს დარჩება ერთადერთი არჩევანი – ან მათი როგორც მოქალაქის სიკვდილი და ცხოვრების სრული პრივატიზაცია, ან მიგრაცია.
ინსტიტუციური აქტორები ხომ გაანადგურეს, ახლა უკვე კრიტიკული მასებისგან პოლიტიკური სხეულის გაწმენდა დაიწყეს იმისთვის, რომ სრული ჰეგემონიის დამყარება შეძლონ საზოგადოებაზე.
ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით. თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, ხუთ წელიწადში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ”.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი:
„ტერორი საქართველოში. ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა! მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშოს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საქართველო რუსულ მოდელისკენ მიათრიოს”

ლევან ცუცქირიძე, პოლიტიკური პარტია “თავისუფლების მოედანი”:
“ოცნებას” სურს აკრძალოს პოლიტიკა და აგვიკრძალოს მოქალაქეობა. მას უნდა საზოგადოება მორჩილი და მდუმარე ხალხის მასად გადააქციოს, რომელსაც სიცრუითა და დაშინებით მართავს. სწორედ ამას ემსახურება მათ მიერ დაანონსებული ახალი “კანონმდებლობა.” ასე მხოლოდ ისეთი პარტია იქცევა, რომელსაც სიმართლის ეშინია.
ჩვენ კი ვიბრძვით საქართველოსთვის, რომელიც დგას მოქალაქეების შეთანხმებაზე, სადაც მათ მიერ დროებით არჩეული მთავრობა შიშით კი არ აკონტროლებს ხალხს, არამედ მას ემსახურება და მის წინაშე აგებს პასუხს.
არჩევანი ყოველდღიურად უფრო ნათელი და მკაფიო ხდება და ზუსტად ვიცი, რომელია ჩვენი – ის, რაც ყოველთვის: ღირსება, სამართლიანობა და თავისუფლება”.

ნიკა სიმონიშვილი, იურისტი:
“ქართული ოცნების” ვერც ერთმა რეპრესიულმა კანონმა ვერ იმუშავა, იმიტომ, რომ შიშის დათესვაზე იყო ყველა მათგანი გათვლილი, საპასუხოდ კი ერთიანობა და სოლიდარობა ვაჩვენეთ.
რუსული კანონი რომ მიიღეს, ეგონათ შეგვეშინდებოდა, ფარაზეც იგივე იფიქრეს, გზის გადაკეტვაზე დაჭერები რომ დაიწყეს, ტროტუარზეც და კიდევ ათას სიგიჟეზე.
არაფერმა არ იმუშავა, არა იმიტომ, რომ რაღაც ხვრელები იყო კანონში, არამედ იმის გამო, რომ ადამიანების გატეხვა ვერ შეძლეს”.
“ქართული ოცნება” უცხოური დაფინანსების ყველა გზას კეტავს