სომხეთ-თურქეთის საზღვარი შესაძლოა თებერვალში გაიხსნას — ერევანი მარგარას პუნქტს ამზადებს, ანკარა სიგნალებს აგზავნის
სომხეთი-თურქეთის საზღვრის ნაწილობრივი გახსნაა მოსალოდნელი
სომხეთსა და თურქეთს შორის ათწლეულების განმავლობაში დახურული სახმელეთო საზღვარი შესაძლოა უახლოეს დღეებში ნაწილობრივ გაიხსნას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფმა მარგარას საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოინახულა და დაადასტურა, რომ სომხეთის მხარეს ინფრასტრუქტურა სრულად მზად არის ფუნქციონირებისთვის.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის შესაძლოა 1-ლი თებერვლიდან გაიხსნას.
ოფიციალური ერევანი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რაც ოფიციალურად არის გამოცხადებული: თურქეთი აღადგენს ალიჯანის საკონტროლო პუნქტს საზღვრის საკუთარ მხარეს.
“მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რაც ოფიციალურად გავრცელდა: თურქეთი ალიჯანის საკონტროლო პუნქტს აღადგენს“, — განაცხადა რუბინიანმა.
მზადება მარგარაზე
სომხეთის მხარეს მდებარე მარგარას პუნქტის დათვალიერებისას სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტექნიკური მზადყოფნა უკვე უზრუნველყოფილია. სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რაფაელ გევორგიანმა თქვა, რომ პუნქტი აღჭურვილია საბაჟო და სასაზღვრო კონტროლისთვის საჭირო ყველა საშუალებით.
“საკონტროლო-გამშვები პუნქტი ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი მგზავრებისა და ტვირთის შემოწმებისთვის და მზადაა საბაჟო პროცედურების განსახორციელებლად“, — აღნიშნა მან.
საბაჟო სამსახურისა და საზღვრის კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა არამ პეტროსიანმაც დაადასტურა, რომ ადგილზე დამონტაჟებულია რენტგენული აპარატურა, ელექტრონული სასწორები და სატრანსპორტო ტვირთის მონიტორინგის სისტემები.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა რობერტ გარსოიანმა დაამატა, რომ პუნქტი უკვე მუშაობს 24-საათიანი მეთვალყურეობის რეჟიმში და საზღვრის გახსნისთანავე პერსონალი სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას.
მარგარას საკონტროლო პუნქტის შემოწმება. ფოტოები Armenpress-ისგან
ეკონომიკური გათვლები
მარგარას პუნქტზე იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ანუშიკ ავეტიანიც, რომელმაც საზღვრის გახსნა ეკონომიკურ გარდატეხად შეაფასა. მისი თქმით, სომხეთისთვის, რომელსაც ზღვის გასასვლელი არ აქვს და ორი ძირითადი საზღვარი – თურქეთთან და აზერბაიჯანთან – დახურულია, ლოჯისტიკური იზოლაცია სერიოზულ ტვირთად რჩება.
“დახურული საზღვრები ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს, ზღუდავს კონკურენციას და სერიოზულ პრობლემებს უქმნის სომხურ ბიზნესს“, — თქვა ავეტიანმა.
მისი შეფასებით, თურქეთთან საზღვრის გახსნა შეამცირებს ტრანსპორტირების ფასს, გაამარტივებს მიწოდების ჯაჭვებს და გაზრდის სომხეთის წვდომას ახალ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირში.
“ზოგიერთი კვლევის მიხედვით, საინვესტიციო ნაკადების დაახლოებით 20%-ით ზრდაა მოსალოდნელი არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პოლიტიკური ფონი და ანკარის გათვლები
თურქოლოგი ნელი მინასიანი არ გამორიცხავს, რომ ანკარა მზად იყოს ნაბიჯები გადადგას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში პროგრესის საპასუხოდ. მისი თქმით, თურქეთი პროცესს სტრატეგიულად უყურებს და არა მხოლოდ ტაქტიკური მოგების კუთხით.
“თურქეთი ცდილობს გავლენის გაძლიერებას. აზერბაიჯანი უფრო ტაქტიკურ შედეგებზეა ორიენტირებული, ხოლო ანკარა – გრძელვადიან სტრატეგიაზე“, – ამბობს მინასიანი.
მისი შეფასებით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია TRIPP პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან აკავშირებს და რეგიონულ ტრანზიტს აძლიერებს.
ურთიერთობები, რომლებიც ჯერაც სრულად არ დარეგულირებულა
თურქეთმა სომხეთი ოფიციალურად 1991 წელს აღიარა, თუმცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დღემდე არ დამყარებულა. 1993 წელს ანკარამ ცალმხრივად დახურა სახმელეთო და საჰაერო საზღვრები სომხეთთან. საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ 1995 წელს აღდგა, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ნორმალიზაციის პროცესი გააქტიურდა. ერევანმა და ანკარამ სპეციალური წარმომადგენლები – რუბენ რუბინიანი და სერდარ კილიჩი – დანიშნეს და 2022 წლიდან არაერთი შეხვედრა გამართეს.
2022 წლის ივლისში მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის გაიხსნებოდა, თუმცა შეთანხმება პრაქტიკაში ჯერ არ ამოქმედებულა.
ფრთხილი ოპტიმიზმი ერევანში
რუბინ რუბინიანი საჯარო პროგნოზებს თავს არიდებს.
“ურთიერთობების ნორმალიზების ჩემი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განცხადებებზე წინ სჯობს კონკრეტულ ნაბიჯებს დაველოდოთ. არ მინდა მიმდინარე პროცესებს ზიანი მივაყენო“, — თქვა მან.
თუმცა რუბინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერევნის პოზიცია: სომხეთი მზად არის “ხვალვე გახსნას საზღვრები და დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები“.
რა ამოქმედდა უკვე
ჯერჯერობით პრაქტიკაში მხოლოდ სავიზო რეჟიმის გამარტივებაა შესული. 2025 წლის ბოლოს მხარეებმა განაცხადეს, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები 2026 წლიდან ელექტრონულ ვიზებს უფასოდ მიიღებენ.
ეს ნაბიჯი ერევანსა და ანკარას შორის ნორმალიზაციის პროცესში მცირე, მაგრამ სიმბოლურ წინსვლად მიიჩნევა – იმ ფონზე, როცა ყველაზე მოსალოდნელი ნაბიჯი, სახმელეთო საზღვრის გახსნა, ჯერ კიდევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.