ჩაერევა თუ არა აზერბაიჯანი ირანში თანამემამულეების დასაცავად? WP მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია
დაესხმება თუ არა აზერბაიჯანი ირანს?
თუ ირანში შიდა კრიზისი ძალადობრივ კონფლიქტში გადაიზრდება, აზერბაიჯანი შესაძლოა იძულებული გახდეს ჩაერიოს “სამხრეთ აზერბაიჯანში“ მცხოვრები თანამემამულეების დასაცავად — ასეთ სცენარს ახლო თეთრ სახლთან დაკავშირებული The Washington Post თავის ანალიტიკურ მასალაში აღწერს.
ერთი შეხედვით, ეს ჰიპოთეზა რადიკალურად ჟღერს. თუმცა, რეალობაში მას საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. უპირველეს ყოვლისა – დემოგრაფიული. ირანში ეთნიკური აზერბაიჯანელების რაოდენობა თავად აზერბაიჯანის მოსახლეობასაც კი აღემატება. ირანის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ისინი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 23%-ს, ანუ დაახლოებით 20 მილიონ ადამიანს შეადგენს, არაოფიციალური შეფასებებით კი მათი რიცხვი 30–40 მილიონამდეა.
ეს მოსახლეობა ძირითადად კონცენტრირებულია ირანის ჩრდილო-დასავლეთით, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოსაზღვრე პროვინციებში. მრავალი წლის განმავლობაში ირანელი აზერბაიჯანელები შედარებით ინტეგრირებულ ჯგუფად ითვლებოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება იცვლება: იზრდება უკმაყოფილება, ძლიერდება ინტერესიც საკუთარი თურქულ-აზერბაიჯანული იდენტობის მიმართ, უფრო აქტიურად მოიხმარენ თურქულ და აზერბაიჯანულ მედიას და სულ უფრო ხშირად მოითხოვენ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების უფლებას.
ირანის ხელისუფლება ასეთ მოთხოვნებს სიფრთხილით – ხშირად კი რეპრესიებით – პასუხობს. სწორედ აქ ჩნდება კითხვა: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ბაქო, თუ ირანში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა?
აპირებს თუ არა ბაქო ირანის საქმეებში ჩარევას
ოფიციალური ბაქო სამხედრო ჩარევის განზრახვას საჯაროდ უარყოფს. 2022 წელს, ირანთან დაძაბულობის ფონზე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ეთნიკურ უმცირესობებს – მათ შორის რუსებსა და ქართველებს – მშობლიურ ენაზე განათლების მიღება შეუძლიათ, მაშინ როცა ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ეს უფლება ფაქტობრივად არ აქვთ. ალიევმა აზერბაიჯანულენოვანი სკოლების აკრძალვას უსამართლობა უწოდა და განაცხადა, რომ ამ თემის წამოწევა მისი სუვერენული უფლებაა.
თეირანმა ეს განცხადებები შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა. პასუხად ალიევმა განაცხადა, რომ “აზერბაიჯანი არასდროს ჩარეულა და არც ჩაერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში“.
ფორმალურად ეს ნიშნავს, რომ სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ პარალელურად ბაქო ღიად აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება ირანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს, რომელსაც აზერბაიჯანში ხშირად “სამხრეთ აზერბაიჯანს“ უწოდებენ.
ალიევის ფრაზა – “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი თანამემამულეების საერო ცხოვრების წესის დასაცავად“ – აზერბაიჯანის პოლიტიკურ წრეებში ერთგვარ დოქტრინადაც კი აღიქმება.
ამ ხედვის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს არა მხოლოდ დიპლომატიურად, არამედ ჰუმანიტარული ან პოლიტიკური ჩარევის ფორმითაც. აზერბაიჯანის კანონმდებლობაში საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების დაცვის პირდაპირი მუხლი არ არსებობს, თუმცა სახელმწიფო იდეოლოგია ირანელ აზერბაიჯანელებს ისტორიულ-კულტურულ დიასპორად მიიჩნევს – ლოგიკით, რომელიც თურქეთის “ერთი ერი, ორი სახელმწიფოს“ კონცეფციას ჰგავს.
აზერბაიჯანული მედიის ნარატივშიც მკაფიოდ იკითხება აზრი, რომ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან ენობრივი, რელიგიური და კულტურული კავშირები იმდენად ძლიერია, რომ ბაქო ვერ იქნება გულგრილი მათი ბედის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თეირანი მშობლიურ ენაზე განათლებას ზღუდავს და აქტივისტებს დევნის.
პრო-სამთავრობო ექსპერტების კომენტარი და შესაძლო სცენარები
აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცეში ირანის თემაზე დამოუკიდებელი ექსპერტული ხმა იშვიათია. უმეტესად საუბრობენ პრო-სამთავრობო ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებები ოფიციალურ ხაზს ემთხვევა.
პოლიტოლოგი ფიკრეტ სადიგოვი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება სწრაფად მძიმდება და თუ ირანში კონფლიქტის ესკალაცია დაიწყება, აზერბაიჯანი იძულებული იქნება პრევენციული ნაბიჯები გადადგას. მისი თქმით, აშშ-ისა ან ისრაელის დარტყმების შემთხვევაში ირანიდან ლტოლვილთა ტალღა გარდაუვალია, რაც პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის აზერბაიჯანს დაარტყამს.
სადიგოვი პირდაპირ არ აკონკრეტებს, რას ნიშნავს “შესაბამისი ნაბიჯები“, თუმცა საუბარია საზღვრის გამაგრებაზე, უსაფრთხოების ზომებზე და სამხრეთიდან შესაძლო მიგრაციის მართვაზე – ფაქტობრივად, ირანთან საზღვარზე საგანგებო რეჟიმზე.
უფრო შორს მიდის კრემლთან დაახლოებული რუსი ანალიტიკოსი სერგეი მარკოვი. მისი თქმით, თუ ირანი შიდა დაპირისპირების შედეგად დაშლას დაიწყებს, აზერბაიჯანი ვერ დარჩება გულგრილი სამხრეთ აზერბაიჯანში მცხოვრები მილიონობით ადამიანის ბედის მიმართ.
მარკოვი ასახელებს რამდენიმე ვარიანტს:
- სამხრეთ აზერბაიჯანის ირანის შემადგენლობაში შენარჩუნება;
- დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა;
- გაერთიანება აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან;
- დროებითი კონფედერაციული კავშირის ფორმირება.
მისივე შეფასებით, თითოეული სცენარი უკიდურესად მგრძნობიარეა და რეგიონის საზღვრების შეცვლას ნიშნავს, რაც გეოპოლიტიკურ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.
რეგიონული რისკები
აზერბაიჯანსა და ირანს შორის კონფლიქტი მხოლოდ ორმხრივი საკითხი არ იქნება. ის ავტომატურად ჩართავს სხვა რეგიონულ ძალებსაც.
The Washington Post აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი დღეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მობილური სამხედრო ძალაა – თურქეთთან ღრმა თანამშრომლობით და ისრაელთან უსაფრთხოების პარტნიორობით. ეს ნიშნავს, რომ ბაქო თეირანის წინააღმდეგ ნაბიჯს ანკარის მხარდაჭერის გარეშე არ გადადგამს.
ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის უსაფრთხოება თურქეთისთვის “წითელი ხაზია“. სწორედ ამიტომ, როდესაც რეგიონში დაძაბულობა იზრდება, ბაქო და ანკარა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ – როგორც პოლიტიკური სიგნალი თეირანისთვის.
თუმცა არსებობს შემაკავებელი ფაქტორებიც. რუსეთი ღიად ეწინააღმდეგება ირანის დაშლას და მის სტაბილურობას საკუთარი ინტერესების ნაწილად მიიჩნევს. მოსკოვი შიშობს, რომ ირანის კოლაფსი სამხრეთ კავკასიაში თურქეთ-დასავლეთის დომინირებას გამოიწვევს.
ასევე პრობლემურია ეთნიკური დომინოს ეფექტი: თუ ირანში ფრაგმენტაცია დაიწყება, სეპარატიზმის ტალღამ შესაძლოა თურქეთს და რეგიონში სხვა მრავალეთნიკურ ქვეყნებსაც მიაღწიოს.
დასავლეთი დემოკრატიულ ცვლილებებს უჭერს მხარს, მაგრამ იუგოსლავიის ტიპის დაშლის სცენარს ერიდება. ვაშინგტონისთვის თეირანის უეცარი კრახი რეგიონში გაურკვევლობის აფეთქებას ნიშნავს.
დაესხმება თუ არა აზერბაიჯანი ირანს
პირდაპირი პასუხი ამ ეტაპზე ნეგატიურია. არც ბაქო და არც თეირანი არ არიან დაინტერესებულნი ღია ომით. ორივე აცნობიერებს, რომ ასეთი კონფლიქტი სწრაფად გასცდება ორმხრივ ჩარჩოს.
ყველაზე რეალისტური სცენარი ირანში მასშტაბური შიდა კრიზისის შემთხვევაში იქნება ის, რომ აზერბაიჯანმა თურქეთის მხარდაჭერით შექმნას უსაფრთხოების ზონა საზღვარზე და ჰუმანიტარული ლოგიკით იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანის ცენტრალური ხელისუფლება პრაქტიკულად პარალიზებული აღმოჩნდება.
სხვა შემთხვევაში, დაძაბულობა გაგრძელდება ინფორმაციული ომის, დაზვერვითი ბრძოლებისა და დიპლომატიური ზეწოლის დონეზე.
ირანი და აზერბაიჯანი დღეს ერთმანეთის მიმართ უნდობლობის პიკზე არიან. თეირანი ბაქოს დასავლეთის პარტნიორად წარმოაჩენს, ბაქო კი საკუთარ ნაბიჯებს თანამემამულეების დაცვის აუცილებლობით ამართლებს.
სწორედ ამ ორ ნარატივს შორის იბადება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი კითხვა: სად გადის ზღვარი ეთნიკურ სოლიდარობასა და სახელმწიფოთაშორის ომს შორის.